ამბები

12:41 | 15.09.2015 | ნანახია 3076 - ჯერ

ქართველი გოლიათი მამუკა გორგოძე

ბრისთოლი, 14 სექტემბერი – საქართველოს ნაკრების თილისმად წოდებული კაპიტანი მამუკა გორგოძე ამბობს, რომ იგი კარგ ფორმაშია და ტოპ 14-ში ჩატარებული უხვტრავმიანი სეზონის შემდეგ მზადაა მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე წარუძღვეს თავის გუნდს.

31 წლის ქართველი გოლიათისთვის ეს მესამე მსოფლიო თასია. ფრანგული კარიერის დასაწყისში მას მონპელიეში ფაქტობრივად ტრავმა არ მიუღია, ხოლო 2014 წელს ტულონში გადასვლის შემდეგ ორჯერ ზედიზედ მუხლი დაუზიანდა და ახალ გუნდში მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„წინა საზონი საკმაოდ რთული გამოდგა“ - განაცხადა მან. „ახალ გუნდში ვიყავი, სადაც ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი უნდა მემუშავა, მაგრამ მუხლში ჯვარედინის ტრავმის გამო 8 კვირით გამოვეთიშე თამაშს“.

"გორგოძილა" ახალი ძალებით

„ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველივე შეხვედრაში იგივე, ამჯერად მარცხენა მუხლზე დამემართა და სეზონის ბოლომდე ვეღარაფერს ვიზამდი. მაგრამ ახლა 100 პროცენტით კარგ ფორმაში ვარ და მზად ვარ ტურნირისთვის.”

ფრანგები რომ "გორგოძილას" ეძახიან, მამუკა გორგოძე ტულონში ლევან ჩილავასთან და კოტე მიქაუტაძესთან ერთად თამაშობს. მსოფლიო თასზე მისი სხვა თანაგუნდელები დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი კლერმონში თამაშობენ. ბორჯღალოსანთა მსოფლიო თასის განაცხადში ასევე არიან ტოპ 14-ის სხვა მოთამაშეები: სტად ფრანსეში დავით ქუბრიაშვლი, ბრივში კარლენ ასიეშვილი და მონპელიეში მიხეილ ნარიაშვილი. ქართველთა განაცხადის კიდევ 8 მოთამაშე ასევე საფრანგეთში, ოღონდ მეორე დონის დივიზიონის კლუბებეში თამაშობს.

ფრანგული სარაგბო კულტურა

„ქართველი მორკინალები საფრანგეთში ძალიან კარგ გუნდებში ვთამაშობთ. ფრანგული სარაგბო კულტურა განსხვავდება ინგლისურისგან და მგონი ამიტომ "ბორჯღალოსნებს" გვიადვილდება შეთამაშება ვინაიდან ერთ ჩემპიონატში ვთამაშობთ. ერთად საკმაოდ დიდ ძალას წარმოვადგენთ.“ - განაცხადა გორგოძემ.

გორგოძეს მიაჩნია, რომ ტონგას წინააღმდეგ გასამართი პირველი მატჩი გადამწყვეტი იქნება მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებას წარმოადგენს, რათა 2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნები" ავტომატურად გავიდნენ.

„ტონგას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ჩვენს მსგავსად მებრძოლნი არიან. მიმაჩნია, რომ ოდნავ, მაგრამ ჩვენზე ძლიერნი არიან. ამ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ყველაფერს გავიღებთ მოსაგებად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენთან შედარებით ფავორიტები ტონგელები არიან.“

ავტორი ენრიუ ჰენდრი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080708