ამბები

14:12 | 12.09.2015 | ნანახია 4229 - ჯერ

“გავუშვათ დადებითი ტალღები ინგლისისკენ”

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის ინიციატივით “მსოფლიო სპორტის” ფორუმზე ბაზირებულ გულშემატკივრებთან “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მეორე შეხვედრა გაიმართა.

პირველი შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, ამ შესაძლებლობით დაახლოებით 20-მდე ქომაგმა ისარგებლა და მათ შორის ორი ქალბატონი იყო. კითხვებს ნიჟარაძის გარდა სრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე და განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი გია ჭუმბურიძე პასუხობდნენ. ძირითადი თემა რა თქმა უნდა მომავალი მსოფლიო თასი იყო, თუმცა საუბარი შეეხო სხვა მიმართულებებსაც, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც სრკ-ს არ ეხება - მაგალითად, რა თამაშებს აჩვენებს საზოგადოებრივი არხი მსოფლიო თასიდან და როდის დაიწყებს სახელმწიფო რაგბის ქომაგებისთვის, მორაგბეებისთვის და “მსოფლიო რაგბისთვის” შეპირებული 25-ათასიანი, სუფთა სარაგბო სტადიონის მშენებლობას.

მაგრამ უმთავრესი რა თქმა უნდა “ბორჯღალოსნების” მზადებაა და პირველი კითხვაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხო.

გიორგი ნიჟარაძე: ლაშა ხმალაძეს და სანდრო თოდუას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირედი პრობლემები აქვთ, მაგრამ ყველაფერს აკეთებს სამედიცინო შტაბი, რათა ისინი მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდნენ მოედანზე და იმედია, პირველი თამაშისთვის მზად იქნებიან. მადლობა ღმერთს, იაპონიასთან მატჩში მიკრო ტრავმაც კი არავის მიუღია. ბიჭები იმედიანად არიან, ოღონდ ტრაბახით კი არა, სწორი იმედი აქვთ და ემზადებიან ტონგასთან მატჩისთვის. ამ თამაშის ფასი ყველას გათვითცნობიერებული აქვს. ახლა გუნდი ისვენებს, 12-ში ბაზაზე შეიკრიბებიან და 13-ში დილით ბრისტოლში გაემგზავრებიან.

- რა იცით დამატებით ტონგას შესახებ?

- ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ რუმინეთის ნაკრებს მოუგო და იმის ნახევარიც არ უჩვენებია, რასაც მსოფლიო თასზე შემოგვთავაზებს. ყველამ ვიცით, რომ ტონგა ობიექტურად ჩვენზე ძლიერი გუნდია. მათი მორაგბეების უმეტესობას რაგბი ახალ ზელანდიაში აქვს ნასწავლი და ისინი, ვინც “ოლ ბლექსში” ვერ მოხვდნენ, ახლა თამაშობენ ტოპ კლუბებში და ტონგას ნაკრებში. ისინი არიან ბუნებისგან დაჯილდოვებული ფიზიკური მონაცემებით და რაგბის თამაში იციან. ტონგა ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ არაა ისეთი, რომლის დამარცხებაც არ შეგვიძლია. ჩემი აზრით, შანსები 60-40-ზეა მათ სასრგებლოდ, მაგრამ თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ აეწყო, მათი დამარცხება შეგვიძლია. მთავარია, ჯანმრთელად იყოს ყველა ჩვენი მორაგბე, გარკვეულ როლს მსაჯობაც შეასრულებს და კარგია, რომ ჩვენს თამაშს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი იმსაჯებს, რომელმაც ტენდენციურობა არ უნდა იკადროს. ბიჭებს მონდომება და განწყობა არ აკლიათ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ სიგნალებზე, რასაც საქართველოდან მიიღებენ.

- გასაგებია, რომ ბევრი რამ მსოფლიო თასზე ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ გულშემატკივართა დიდ ნაწილს აინტერესებს დარჩება თუ არა მილტონ ჰეიგი ქართულ რაგბიში?

- ჰეიგი არის პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელსაც საქართველო უყვარს და ეს არაერთი ქმედებით დაადასტურა. ის ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს, მისი შვილები სუფთად საუბრობენ ქართულად და თავად მილტონიც ცდილობს, სულ ქართულად ისაუბროს. ჰეიგი აკეთებს იმაზე ბევრად მეტს, რაც კონტრაქტში უწერია. ის ფაქტობრივად “შევარდენზე” ცხოვრობს და ადგილობრივ მორაგბეებთან ყოველდღიურად მუშაობს. და მაინც, ყველაფერი საბოლოოდ მსოფლიო თასის შემდეგ გადაწყდება, სადაც უნდა გამოჩნდეს მისი 4-წლიანი მუშაობის შედეგი. ყველას გვინდა იმ ორი თამაშის მოგება, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია როგორი ხარისხის რაგბის ვაჩვენებთ. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ მსოფლიო თასს, პირადად ჩემი აზრით კი, მილტონი საქართველოში უნდა დარჩეს. თუ მოხდა ისე და ის აღარ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რაღაც ამპლუით მაინც უნდა დავიტოვოთ საქართველოში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის არის რაგბის აკადემიის მთავარი მწვრთნელიც, რომელიც ემსახურება ახალგაზრდულ ნაკრებებს.

- თუ ყველაფერი კარგად დასრულდა და ორი თამაშის მოგებით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ. რას ვაკეთებთ შემდეგი 4 წელიწადი? რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი იყო, ამ შემთხვევაში ხომ ჩვენთვის აზრს კარგავს?

- სანამ ეს მოცემულობა გვაქვს, სხვა გზა მაინც არ გვრჩება. მსოფლიო თასის პერიოდში ჩემი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ კუთხით რაღაც შევცვალო. მესამე მსოფლიო თასზე მივდივარ და სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუნდთან ერთად ვერ ვიქნები და მხოლოდ თამაშებს დავესწრები, დანარჩენი დრო კი, ლონდონში უნდა გავატარო, სადაც საპრეზიდენტო პროგრამაა დაგეგმილი. მაგრამ ესაა უნიკალური შემთხვევა, რადგან ყველასთან მექნება შეხვედრების საშუალება. უზარმაზარი ნუსხაა, რომლითაც მივდივარ და ის იწყება ექვსი ერით. ჩვენ და რუმინეთს, გეოგრაფიულად, განვითარების სხვა გზა არ გვაქვს. ეს ერთი პლიუსია ჩვენს სასარგებლოდ. მეორე: როდესაც მსოფლიო რაგბი, გარდა პირდაპირი გრანტისა, შენზე ხარჯავს ძალიან დიდ ფულს განვითარებისთვის, ვუსვამთ შეკითხვას - როგორ განვვითარდეთ თუ უკეთეს გუნდებთან თამაშის საშუალება არ გვექნება? ყველაზე მძიმე არგუმენტი რაცაა, სტადიონს ვთავაზობთ საუკეთესოს, ვიძლევი პირობას, რომ სტადიონიც ყველა თამაშზე 80 პროცენტით იქნება სავსე, რადგან ამ შემთხვევაში ფული არ გვაინტერესებს და ფასებს არ გავზრდით, იმათი შემოსავლის დიდი წილი კი, შემოდის ტელე-ტრანსლიაციის უფლებიდან, რომელიც არის ცენტრალიზებული და ერთი კომპანია ყიდულობს ყველა ტრანსლიაციის უფლებას. იქ აღარ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვითამაშებთ თუ შოტლანდია, ან იტალია. ერთადერთი რჩება რეკლამა და შეუძლიათ მოიზოდონ და თავადვე განათავსონ. დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვართ, როგორშიც იყო იტალია ხუთი ერის დროს. უარის არგუმენტი არ აქვთ, მაგრამ რაღაცას მოიფიქრებენ და დროს გაწელავენ. ყველა სარაგბო ქვეყანაში ამაზე უკვე ბევრს საუბრობენ და ექვსი ერის გახსნა გარდაუვლად მოხდება, მაგრამ როდის, ეს ზუსტად არავინ იცის. სწორედ იქ იქნება პოლიტიკის დრო და ამ საკითხის გარდა უნდა ვიმუშაო სხვა მრავალ საკითხზე და იმაზეც, რომ “თბილისის თასზე”, სადაც რეალურად მეორე-მესამე გუნდით გავდივართ, მოგვიხსნან ეროვნულის სახელი. ესაა განვითარების ტურნირი, სადაც ვხვდებით კარგ გუნდებს, მაგრამ იქ რეალურად ვერასდროს გავდივართ უძლიერესი შემადგენლობით და ეს უნდა აისახოს. ასეთ შემთხვევაში ექსპერიმენტების მეტი საშუალება გვექნება.

- რას გვეტყვით კანადასთან და იაპონიასთა თამაშზე, რომლებთან მარცხის შემდეგაც რეიტინგში სამი ადგილით დავქვეითდით?

- ჩვენ ამ რეიტინგში ვივლით ზევით-ქვევით, მაგრამ სანამ ქართული რაგბი იარსებებს, ყოველთვის ვიქნებით 18 გუნდში, მთავარი კი, თამაშის ხარისხია. უმთავრესი ამოცანა ათეულში შესვლაა. სხვა გუნდები რეიტინგში ხშირად მოძრაობენ. მთავარია, რომ ეს თამაშები და ერთობლივი ვარჯიშები ფიჯისთან და კანადასთან, ძალიან კარგი იყო და თავად ბიჭები არიან კმაყოფილი. ფიჯის ტონგასთან ბევრი რამ აკავშირებს და ესეც გასათვალისწინებელია. რაც შეიძლება ბევრი უნდა ვითამაშოთ კანადის, იაპონიის, ამერიკის, ტონგას დონის გუნდებთან, ხან წავაგებთ, ხან მოვიგებთ, მაგრამ საბოლოოდ წავალთ წინ და ესაა უმთავრესი. იყო დრო, რუმინეთთანაც მუდმივად ვაგებდით, მაგრამ ახლა მათთან დადებითი ბალანსი გვაქვს.

- გასაგებია, რომ ტონგაზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ნამიბია ვითარდება და რა ვიცით ამ გუნდის შესახებ?

- ნამიბია ახლა ბევრად ძლიერი გუნდია, ვიდრე მაშინ, როდესაც 30:0 მოვუგეთ. მწვრთნელებს ინფორმაცია ოთხივე გუნდზე აქვთ, მათ შორის ნამიბიაზეც, მაგრამ პირველი თამაში ტონგასთან გვაქვს და მიდის მუშაობა და განწყობა ამ მიმართულებით. ის, რაც ჭირდება არგენტინასთან, თუნდაც ნამიბიასთან თამაშს, დამუშავებულია და შენახულია. უბრალოდ, გაფანტვა ვერ მოხერხდება, თორემ დაუფასებლობაზე საუბარიც არაა. არ იქნება ადვილი თამაში და მოგებაც წინასწარ გარანტირებული არ გვაქვს, მაგრამ ესაა მოსაგები თამაში.

- რა სიტუაციაა ნაკრებისთვის სტადიონის მშენებლობასთან და მცირე მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით?

- სამწუხაროდ, დიდი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება მცირე მოედნებს, მუხიანში უკვე დაიწყო დიდი ბაზის მშენებლობა. ჩვენი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციისთვის, რომ ავაშენოთ მოედნები და ვისარგებლოთ ორივემ, ძალაში რჩება. საუბარია მარტივ მოედნებზე, რომელსაც ექნება მხოლოდ ერთსართულიანი შენობა გასახდელებისთვის და სამედიცინო ოთახისთვის. ამ კუთხით ჩვენი და ფეხბურთის ფედერაციის გაერთიანება იქნება ეფექტური. დღეს სავარჯიშო მოედნების ნაკლებობაა და ნამდვილად კარგი ვარიანტია.

- რა მოგვცა ქართული რაგბის აკადემიამ განვითარების კუთხით?

- 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების გამოსვლით კმაყოფილი ხართ? ესაა აკადემიის მუშაობის შედეგი. სულ მალე ქუთაისის ფილიალიც დაიწყებს მუშაობას. პერსპექტიულმა ბიჭებმა უკვე გაიარეს სტაჟირება ახალგაზრდულ ნაკრებებთან და რაც ისწავლეს, ახლა ქუთაისელ ახალგაზრდებს გადასცემენ. თბილისის და ქუთაისის აკადემია ერთი ორგანიზმია და ორივე მათგანის სათავეში მილტონ ჰეიგია. ქუთაისის აკადემია აითვისებს მთელ დასავლეთ საქართველოს. სულ მალე, ეროვნული ნაკრების პრაქტიკულად ყველა მოთამაშეს გავლილი ექნება თბილისის, ან ქუთაისის აკადემიის ფილიალი. ასაკობრივ ნაკრებებში, უკვე ყველა მოთამაშეს გავლილი აქვს აკადემია, მწვრთნელებს მოთამაშეები მუდამ თვალწინ ჰყავდათ და სელექცია და მზადებაც აღარ გაჭირვებიათ. რაც შეეხება მწვრთნელებს, მათ ვერტიკალში ყოველთვის იქნებიან ქართველი სპეციალისტები. სწორედ ამისთვის ვიმუშავეთ ამდენი.

- რა შანსი აქვთ რეგიონებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქუთაისს, რომ იქ სანაკრებო თამაშები გაიმართოს?

- ეს ჩვენც გვინდა. სტადიონების ტევადობა, რომლებიც შენდება, ჩვენზე არაა დამოკიდებული. ქუთაისში ცენტრალური ტრიბუნა 5 ათას მაყურებელს იტევს და გერმანიას შევთავაზეთ იქ თამაში, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ. მათ დაგვითვალეს, რომ ქუთაისში ჩავლა თბილისზე ბევრად მეტი უჯდებოდათ. როგორც კი სრული დატვირთვით ამუშავდება ქუთაისის აეროპორტი და ფრენების მეტი სიხშირე იქნება (ზამთრის პერიოდში), ამის მოგვარება შეიძლება. გვქონდა მცდელობა, რომ 7-კაცა რაგბის ევროპის სერიების ერთი ეტაპი ქუთაისში ჩატარებულიყო. გია გორგასლიძემ ბევრი იშრომა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბოლოს მოგვთხოვეს ყველა მონაწილე გუნდის ყველა ხარჯის, მათ შორის მგზავრობის დაფარვაც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამის გაკეთება არ შეგვეძლო, მაგრამ მოვიფიქრებთ რაღაცას და ყველა რეგიონალურ ცენტრს - ქუთაისს, ფოთს და ბათუმსაც, დავტვირთავთ საერთაშორისო თამაშებით.

- რა ხდება საკლუბო რაგბისთან დაკავშირებით? როდიდან ითამაშებს ქართული კლუბი “ჩელენჯ ქაფის” შესარჩევ ტურნირზე?

- ორგანიზატორებმა სამი თვე დააგვიანეს გადაწყვეტილების მიღება და მთელი ეს პერიოდი გვეხვეწებოდნენ, რომ ჩვენც გვეთამაშა, მაგრამ ვითამაშებთ. სამინისტროში შეხვედრაზე ერთადერთ გამოსავლს მივაგენით - შემდეგ ოთხწლიან ციკლში პირდაპირ ჩაიდოს ჩემპიონი გუნდის ევროპულ ტურნირზე მონაწილეობის თანხა. ჩვენ თუ არ დავიწყეთ იქ თამაში, საკლუბო რაგბის პროგრესი გამორიცხულია. ვფიქრობთ, რომ 2017 წლიდან, თუ მშვიდობა იქნა და სამინისტრომ გაითვალისწინა ეს ჩვენი თხოვნა, ანუ ჩადო ევროპის საკლუბო ტურნირებზე მონაწილეობისთვის საჭირო თანხა, მაშინ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და გამარჯვებულ გუნდს გარანტირებულად ექნება შესარჩევ ტურნირში მონაწილეობისთვის საჭირო თანხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.159255