ამბები

13:49 | 22.03.2016 | ნანახია 1905 - ჯერ

რაგბის კავშირის მესამე სპონსორი

ქართული რაგბის ბოლოდროინდელი მზარდი და უწყვეტი წარმატებების ფონზე, მისდამი ინტერესი სხვადასხვა კომპანიების მხრიდანაც იზრდება და „თიბისისა“ და „ნატახტარის“ შემდეგ, რომლებსაც ქართულ რაგბისთან წარსული ისედაც აკავშირებდა, საქართველოს რაგბის კავშირთან ოფიციალური ხელშეკრულება აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მაც გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად BDO საქართველოს რაგბის კავშირისა და ეროვნული ნაკრების სპონსორი ხდება და სრკ-ს ხუთი წლის განმავლობაში ჩაუტარებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ასევე, გაუწევს საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციებს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ საქართველოს რაგბის კავშირთან. საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტი აღარაა, ის წარმატებების სიმბოლოდ იქცა და სიამაყის მომტანია. BDO-ს მიერ გაწეული მომსახურება უფრო მეტ გამჭვირვალობას მოუტანს საქართველოს რაგბის კავშირს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“ - განაცხადა BDO-ს მმართველმა ზურაბ ლალაზაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მოღვაწეობს.

„ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი საზოგადოება და მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ჩვენი საქმიანობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვეყოლება პარტნიორად და სპონსორად BDO. ის ჩვენ გრძელვადიან დაგეგმარებაში და მუშაობის სწორად წარმართვაში დაგვეხმარება“ - თქვა სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, რომელმაც BDO-ს წარმომადგენლებს მორაგბეების ხელმოწერით დამშვენებული ის ბურთი გადასცა, რომლითაც საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 38:9 დაამარცხა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:31 | 22.03.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

ძალიან კარგი ტენდენციაა.

0.097055