მსოფლიო თასის დაწყებამდე ათი დღეღა რჩება და საქართველოს ნაკრების პარალელურად, მისთვის გულშემატკივარიც აქტიურად ემზადება. წარსულის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ იმ გულშემატკივრისთვის, ვინც ინგლისის სტადიონებზე ვერ მოხვდება, თამაშების ერთობლივ ყურებას ალტერნატივა არა აქვს (რა თქმა უნდა შესაძლებლობის ფარგლებში).
ორგანიზატორებმა თადარიგი უკვე დაიჭირეს და რაგბის გულშემატკივრისთვის უკვე კარგად ნაცნობი ადგილების გარდა, თბილისში ახალი ფან-ზონებიც გაჩნდება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი 9 აპრილის ქუჩაზე, თბილისის პარლამენტის შენობის უკან ახლადგახსნილი სასტუმროს, “ციტრუსის” ბარ-რესტორანია, სადაც 18 სექტემბრისთვის საგანგებოდ ემზადებიან. მათ 24 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემთხვევით შევხვდით, როდესაც ინგლისში მიმავალ “ბორჯღალოსნებს” აცილებდნენ და ავტოგრაფებს იღებდნენ.
ეს ფოტოები უკვე ამშვენებს ბარ-რესტორანს, რომელიც 40-50 გულშემატკივარს დაიტევს და მათ თამაშების ხილვის შესაძლებლობა სამ ტელევიზორში ექნებათ. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს გენერალურ მენეჯერ შალვა ალავერდაშვილს თავის დროზე ინგლისის ნაკრების საშინაო არენაზე, “თვიქენჰემზე” უმუშავია, სადაც მსოფლიო თასის ფინალიც გაიმართება და იქ მიღებული ქომაგობის გამოცდილების დანერგვას ახლა საქართველოში ეცდება.
რა ელის სასტუმრო “ციტრუსში” მისულ რაგბის გულშემატკივარს, ამის შესახებ მარკეტონგისა და გაყიდვების მენეჯერი ინგა მუმლაძე თავად მოგვიყვება.
ინგა მუმლაძე (სასტუმრო “ციტრუსის” მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი): მსოფლიო თასის პერიოდში ჩვენი სასტუმროს ბარ-რესტორან “ბელუგაში” რაგბის ფან-ზონის გახსნის იდეა ჩვენ გენერალურ მენეჯერს, შალვა ალავერდაშვილს გაუჩნდა, რომელიც ინგლისში ყოფნისას “თვიქენჰემზე” მუშაობდა. გვსურს, რომ აქტიურად ჩავერთოთ სპორტულ მიმართულებაში და განსაკუთრებით, რაგბის პოპულარიზაციაში, რადგან ის ქართულ ხასიათზე მორგებული თამაშია და ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში. მზად ვართ იმ ქომაგებს, რომლებიც მსოფლიო თასის მატჩების ხილვას ჩვენს ბარ-რესტორანში გადაწყვეტენ, 30%-იანი ფასდაკლება შევთავაზოთ. ფასდაკლებები და ფან-ზონა იმოქმედებს როგორც საქართველოს ნაკრების შეხვედრებისას, ასევე მსოფლიო თასზე ჩატარებული ყველა მატჩისას და სექტემბერ-ოქტომბერში ველით ნებისმიერი გუნდის ქომაგს, ან უბრალოდ რაგბის მოყვარულს.
- რაგბის მიმართ ასეთი განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ საქართველოს ნაკრების წარმატებებითაა განპირობებული?
- ის დიდი ხნის განმავლობაში რაგბის სამშობლოში, ინგლისში ცხოვრობდა და სწავლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა კუთხით, შალვა აქტიურად თანამშრომლობდა სპორტულ ფედერაციებთან. ზემოთაც ვთქვით, რომ ქართველი მორაგბეები თავდადებული თამაშისთვის ყველას უყვარს, შალვაც მათი დიდი ქომაგია და სურს, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებები რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ერთად გაიზიაროს.
- საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას თუ გააცანით თქვენი სურვილი?
- ჩვენი სასტუმრო აპრილში გაიხსნა და დროის სიმწირის გამო ბევრი რამის გაკეთება ვერ მოესწრო. არც რაგბის კავშირთან გავსულვართ კონტაქტზე, თუმცა, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ მათ დავუკავშირდეთ და გავარკვიოთ რითი შეგვიძლია ქართული რაგბის დახმარება.
- მსოფლიო თასის თამაშების ერთობლივად ყურების მსურველი ბევრია, მაგრამ მრავლადაა ადგილები, სადაც ერთობლივი ყურებები იგეგმება. რატომ უნდა მოვიდეს ქომაგი მაინცდამაინც თქვენთან?
- აქ დახვდებათ რაგბიზე მორგებული, კომფორტული გარემო და თამაშის ხილვით მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებენ. იმ ქომაგებს, რომლებიც ავტომობილებით მოვლენ, მათი გაჩერების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემატება არაჩვეულებრივი მენიუ, სხვადასახვა სახეობის ლუდი (როგორც ქართული, ასევე უცხოური), რომლის გარეშეც რაგბის ყურება ფაქტობრივად წარმოუდგენელია და გავიმეორებ, მთელი მსოფლიო თასის მსვლელობისას, კონკრეტულად რაგბის გულშემატკივრებისთვის ამ ყველაფერზე იქნება 30%-იანი ფასდაკლება.
- რაგბის ქომაგი ემოციურია და საქართველოს ნაკრების თამაშებისას თქვენს ბინადრებს პრობლემები რომ შეექმნებათ?
- ეს არ იქნება პრობლემა. მთავარია საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვოს და ხმაური არავის შეაწუხებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია