ამბები

20:54 | 7.09.2015 | ნანახია 4557 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” მეთექვსმეტემდე დაქვეითდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, გასულ კვირაში კანადასთან და იაპონიასთან მარცხი 2,8 სარეიტინგო ქულა დაუჯდა და “ბორჯღალოსნები” სამი საფეხურით, მე-16 ადგილამდე დაქვეითდნენ.

მსოფლიო თასის წინა ეს გასახურებული თამაშები რომ დაინიშნა, ითქვა, ისინი სარეიტინგო არ იქნებაო და მერეც უცხოურ ინტერნეტ-სატებზე დაიწერა, კანადასთან მარცხი რეიტინგზე არ აისახებაო, მაგრამ რეალურად სხვაგვარად მოხდა. არადა, “ბორჯღალოსნებს” კანადასთან გარდასახვა რომ გაეტანათ და იაპონიისგან მატჩის მიწურულს ლელო არ გაეშვათ, ახლა სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა, რეალურად კი, ახლა საქართველოს 69,36 ქულა აქვს, მის წინ ამერიკის, ხოლო უკან რუმინეთის ნაკრებები არიან. “ბორჯღალოსნების” მარცხით იაპონიამ, იტალიამ და აშშ-მ ისარგებლეს და თითო ადგილით დაწინაურდნენ.

სამი საფეხურით დაქვეითდა ირლანდიაც, რომელიც “თვიქენჰემზე” ინგლისთან 13:21 დამარცხდა. თამაში მასპინძლებმამძლავრად დაიწყეს და უკვე მე-2 წუთზევ ჯონი მეიმ ფლანგზე ტარანით ჯერ ერთი მცველი გადაჯეგა და მერე მეორის ბოჭვის მიუხედავად ბურთი ლელოში დაამიწა. გარდასახვაც და 7:0. მე-14 წუთზე 22-იდან ჯორჯ ფორდის ფეხით ზედ ლელოს ხაზთან ჩაკიდებული ბურთი ენტონი უოტსონმა მეტოქეს ხელებიდან ააცალა - 12:3. 25-ე წუთზე მეი დუბლს მიითვლიდა, ის ალამთან ლელოში შეფრინდა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ მანამდე წინ-პასი დააფიქსირა. ირლანდიამ მეორე ტაიმში ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, (13:15), თუმცა ბოლოს ორი ჯარიმა გაუშვა და 0,8 სარეიტინგო ქულა დაკარგა, რის გამოც მე-6 ადგილამდე დაეშვა.

ამ მოგებამ ინგლისი ორი საფეხურით დააწინაურა და ახლა ისინი მე-4 ადგილზე არიან. შედეგით სამხრეთ აფრიკამაც ისარგებლა და ის მე-3 ადგილზე უბრძოლველად დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების მომავალმემეტოქე ტონგამ, რუმინეთს ბუქარესტში 21:16 მოუგო და 0,44 ქულა მიიღო. კუნძულელები მე-11 ადგილზე დარჩნენ, მაგრამ შოტლანდიას მხოლოდ 0,19 ქულით ჩამორჩებიან. სქოთებს ფრანგებმა 19:16 მოუგეს, თუმცა, 0,22 ქულა სარეიტინგო წინსვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რეიტინგზე არ აისახა რამდენიმე თამაშის შედეგი. არგენტინის ნაკრებმა არა ტესტ-მატჩში ინგლისის პრემიერშიპის ლესთერ თაიგერსი 55:34 დაამარცხა, ხოლო სამოამ უოსპს 25:19 სძლია. უელსის ნაკრებმა მცირედით, 23:19 აჯობა იტალიას, ავსტრალიამ აშშ 47:10 დაამარცხა, ფიჯიმ კი, საქართველოსთან გამარჯვებულ კანადას 47:18 აჯობა. ურუგვაის ნაკრები ბასკების ნაკრებს ეთამაშა და 41:19 დაამარცხა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 7 სექტემბრისთვის

1 (1). ახალი ზელანდია 92,89

2 (2). ავსტრალია 86,67

3 (4). სამხრეთ აფრიკა 85,15

4 (6). ინგლისი 85,04

5 (5). უელსი 84,63

6 (3). ირლანდია 84,40

7 (7). საფრანგეთი 81,12

8 (8). არგენტინა 78,39

9 (9). ფიჯი 77,04

10 (10). შოტლანდია 75,88

11 (11). ტონგა 75,69

12 (12). სამოა 75,14

13 (14). იაპონია 72,06

14 (15). იტალია 70,53

15 (16). აშშ 70,36

16 (13). საქართველო 69,36

17 (17). რუმინეთი 66,28

18 (18). კანადა 65,17

19 (19). ურუგვაი 62,11

20 (20). ნამიბია 61,85

21 (21). ესპანეთი 61,54

22 (22). რუსეთი 61,10

23 (23). ჩილე 57,34

24 (24). ჰონკონგი 57,31

25 (25). კორეა 56,70

26 (26). ბელგია 56,47

27 (27). ზიმბაბვე 56,16

28 (28). კენია 55,89

29 (29). პორტუგალია 55,72

30 (30). გერმანია 54,78

31 (31). უკრაინა 54,07

32 (32). მოლდოვა 53,69

33 (33). ჰოლანდია 51,86

...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104892