გორის “ჯიქმა” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის პირველი ტურში ბოლნისის “ყოჩებს” მცირედი სხვაობით აჯობა, მაგრამ სამი უპასუხო ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა.
“შევარდენზე” გამართული ქართლური დერბი მძიმე საყურებელი გამოდგა. აშკარად იგრძნობიდა, რომ გუნდები ჯერ სასურველი ფორმისაგან ძალიან შორს არიან და ხშირი იყო ტექნიკური წუნი, ჯარიმები და შეჩერებები. გორელები მეტოქეს ჯაბნიდნენ შერკინებაში, მაგრამ არ უვარგოდათ ფეხით თამაში, თორემ სხვაობა სხვაგვარი იქნებოდა. საუკეთესო ფორმისგან შორისაა გასული ჩემპიონატის ბომბარდირი თემურ სოხაძეც, რომლის ანგარიშზეც “ყოჩების” 12-ივე ქულაა.
თამაში “ჯიქებმა” ძალიან ცუდად დაიწყო და სოხაძემ 30 მეტრიდან ანგარიში დებიუტშივე გახსნა. მერე ბოლნისელებს სალელოვე შეტევა არაზუსტი პასის გამო გაუცუდდათ, სოხაძეს კი, ჯერ არეკნი და მე-10 წუთზე ჯარიმა გაუცუდდა. “ჯიქებს” არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ “ყოჩებიც” რომ სცოდავდა სანდრო ნიჟარაძემ წნეხის ქვეშ ბურთი საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწა, მერე დავით გრძელიშვილი განზრახ ჯარიმისთვის გასინბინდა და მე-18 წუთზე “ჯიქი” საჯარიმო ლელოთი დასაჩუქრდა, ხოლო რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა.
სოხაძემ ორ წუთში ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ გორელებმა ძალაში უპირატესობა რომ იგრძნეს, ჯარიმა 5-მეტრა აუტში გადაიტანეს, მოლით შეუტიეს და მეორე ლელო მიითვალეს. აქ გრძელიშვილი და გურგენიძე წაიჩხუბნენ და რეფერიმ ორივეს წითელი ბარათი უჩვენა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ტაიმის მიწურულს კი, სოხაძემ 43 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა - 12:9 “ჯიქის” სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში გუნდები თითქოს გამოცოცხლდნენ, “ყოჩები” სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ლელოს გატანა რომ ვერ შეძლეს, სოხაძემ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. მაგრამ მე-60 წუთზე “ყოჩები” უტევდა, მაგრამ ბურთი დაკარგა, ის ხარაზიშვილმა აიტაცა და მარჯვენა ალმამდე დაახლოებით 55 მეტრი ირბინა. ხარაზიშვილს გარდასახვა გაუფუჭდა და მერე გასატანი ჯარიმით შეეძლო საქმის მომთავრება, მაგრამ კვლავ არაზუსტად დაარტყა და ბოლნისელებმა ლელოზე ითამაშეს, თუმცა მიზანს ვერ უწიეს და “ჯიქმა” 17:12 იმარჯვა, რის შემდეგაც გორელებმა 5, ხოლო ბოლნისელებმა 1 ქულა მიიღეს.
დედაქალაქურ დერბიში, “ავჭალაზე“ მოძლიერებული “არმია” ვიცე-ჩემპიონ “ლოკომოტივს” თავიდან მაგრად ჯაბნიდა და 30 წუთის შემდეგ ორი ჯარიმით და ლელო-გარდასახვით 13:0 დაწინაურდა. შესვენებამდე რკინიგზელებმა ერთადერთხელ შეუტიეს და ლელო გაქვითეს, აი შესვენების შემდეგ კი, ინიციატივა ხელთ იგდეს და მეორედ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. ამ ჯერზე გარდასახვაც ზუსტი იყო და რადგან სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, ჯარიმები კარში ურტყეს. შედეგად, “ლოკომოტივი” 21:13 დაწინაურდა, სულ ბოლოს “არმიამ” ისღა მოახერხა, რომ ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და პრემიალური ქულა ჩაიწერა - 16:21.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია