ინგლისი

13:08 | 22.03.2016 | ნანახია 1264 - ჯერ

ინგლისში ლიდერი შეიცვალა [+ვიდეო მიმოხილვა]
„ვუსტერს“ ვეღარ აჩერებენ

საქართველოს ჩემპიონის - „ლელოს“ მეგობარი „სარასენსი“ ინგლისის „ავივა პრემიერშიპს“ მიმდინარე სეზონის სტარტიდან ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ექვსი თამაშიდან სამი რომ წააგო და ერთი ფრედ დაასრულა, პირველი პოზიცია „ექსეტერს“ გადაულოცა.

ეს მე-17 ტურში მოხდა, რომლის სადებიუტო მატჩში „ბათმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და უდისციპლინობა ლამის ძვირად დაუჯდა. მატჩის პირველი ლელო სტუმრებმა გაიტანეს, თავი რობ ვიკერსმა გამოიჩინა,მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა სემესა როკოდუგინის დუბლით უპასუხეს და 12:7 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც „ბათი“ მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, მიკ დილანმა ჯარიმები გაიტანა და „ნიუკასლი“ წინ გაიჭრა - 19:15. ტომას ჰომერმა ერთი ჯარიმა მაშინ გაქვითა, როცა მისი გუნდი ჯერ კიდევ კაცნაკლული იყო, მერე სინბინით სტუმარი მორაგბეც დაისაჯა და 73-ე წუთზე გატანილი ჯარიმა გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან სტუმრებს დარჩენილ დროში ორი არეკნი გაუცუდდათ - 21:19 „ბათის“ სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლს“ აგერ უკვე 18 თვეა სტუმრად არ მოუგია.

ბოლო დროს ძლიერად თამაშობს ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“, რომელმაც ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და აქედან ორი გასვლაზე. ამჯერად მან „ჰარლექუინსი“ იმსხვერპლა - 21:15. პირველი ტაიმის შუაში სტუმართა სამხრეთ აფრიკელმა ლეგიონერებმა - ვინანდა ოლივიემ და ვან ველზმა ლელოები გაიტანეს და შესვენებაზე „ვუსტერი“ 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა [18:9]. მეორე ტაიმში მასპინძელთა ახალზელანდიელმა დამრტყმელმა ბენუ ბოტიკემ ჯარიმებით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ სულ ეს იყო და ბოლო პერიოდის ჩავარდნა, რაც უკვე 8 მატჩში 6 მარცხს მოიცავს, „ჰარლექუინსს“ მეექვსე ადგილამდე დაქვეითებად დაუჯდა.

„ექსეტერი“ „ნორთჰემპტონთან“ პირველი ტაიმის შემდეგ 3:12 აგებდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა განწყობით გავიდა და 17 უპასუხო ქულა მოიხვეჭა - 20:12. მასპინძელთა ერთადერთი ლელო ოლი უოდბორნმა 51-ე წუთზე დადო, როდესაც სტუმრები მოედანზე კაცნაკლული იყვნენ, დანარჩენი ქულები გარეტ სტინსონმა ჯარიმებით აგროვა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გუნდს ლიდერობა მოუტანა.

ტურის ცენტრალურ მატჩში „ლესტერმა“ „სარასენსს“ 21:13 აჯობა. თამაში ფრედი ბარნსისა და ალექს გუდის დუელს დაემსგავსა, რომელშიც მხოლოდ 51-ე წუთზე ჩაერია „ლესტერის“ ფიჯელი ლეგიონერი ვერენიკი გონევა და როგორც ჩანს, ეს „დახმარება“ გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში სტუმართა ერთ ჯარიმას მასპინძლებმა ორით უპასუხეს, ხოლო შესვენების შემდეგ „სარასენსელ“ ნილს მორდტს ფეხით თამაშისას დაუფარეს და უბურთო მეტოქის შებოჭვისთვის, რომელიც ლელოს უეჭველ გაიტანდა, სინბინით დაისაჯა.

რეფერიმ საჯარიმო ლელო იმის გამო არ ჩასტვინა, რომ ეს ყველაფერი ლელოდან დაახლოებით 45 მეტრში მოხდა, მაგრამ 44-ე წუთზე ბარნსმა ხაზი გაჭრა და ლელოთი სამართლიანობა აღადგინა. მეტობაში მყოფმა“ლესტერმა“ 51-ე წუთზე მეორე ლელოც დადო და დასკვნითი მეოთხედის წინ 18:3 იგებდა. გუდმა თავისი წილი ლელო 64-ე წუთზე გაიტანა და გარდასახვას საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე ჯარიმაც მიაყოლა, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება ბარნსმა არეკნით აღნიშნა და სტუმრებს პრემიალური ქულაც არ გაატანა - 21:13.

ავივა პრემიერშიპი. XVII ტური

ბათი - ნიუკასლი 21:19

ჰარლექუინსი - ვუსტერი 15:21

ექსეტერი - ნორთჰემპტონი 20:12

უოსპსი - სეილი 39:12

ლონდონ აირიში - გლოსტერი 23:18

ლესტერი - სარასენსი 21:13

1.

ექსეტერი

17

12

0

5

422:270

59

2.

სარასენსი

17

12

1

4

426:303

57

3.

უოსპსი

17

11

0

6

441:300

53

4.

ლესტერი

17

11

0

6

366:339

49

5.

ნორთჰემპტონი

17

9

0

8

353:277

46

6.

ჰარლექუინსი

17

8

1

8

410:420

44

7.

გლოსტერი

17

8

1

8

339:323

39

8.

სეილი

16

7

2

7

312:348

38

9.

ბათი

16

6

0

10

307:321

33

10.

ვუსტერი

17

6

0

11

325:413

30

11.

ნიუკასლი

17

4

1

12

270:426

22

12.

ლონდონ აირიში

17

4

0

13

264:495

17

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089593