ამბები

0:35 | 2.09.2015 | ნანახია 4313 - ჯერ

ქართველი ჭაბუკი მსოფლიო თასის ისტორიას ქმნის

ქართველი ჭაბუკი ვასილ ლობჟანიძე მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ მას შემდეგ ჩაიწერა, რაც “ბორჯღალოსანთა” 31-კაციან რაზმში მოხვდა.

ქართველ 9 ნომერს 19 წელი მას შემდეგ შეუსრულდება, რაც 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ციებ-ცხელება ჩაივლის და თუ ის ამ ეტაპის რომელიმე თამაშის სამატჩო შემადგენლობაშიც აღმოჩნდება, პირველი 18 წლის მორაგბე იქნება, რომელმაც რაგბის მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა.

ლობჟანიძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში, თებერვალში გამართულ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საქართველო-გერმანიის მატჩის დროს შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფაში, უმცროს “ბორჯღალოსანთა” რიგებში იასპარეზა.

ლობჟანიძეს თუ მხოლოდ 5 კეპი აქვს მოხვეჭილი, ქართველთა რიგებში საკმაოდ გამოცდილი მორაგბეებიც ირიცხებიან. 84 კეპით ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილისთვის და 80 კეპით გიორგი ჩხაიძისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასი იქნება. ორივემ 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე იასპარეზეს, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი უდიდესი ფორუმი იყო.

გამოცდილება და ახალი ტალანტები

მსოფლიო თასზე ქართველებს “ბორჯღალოსანთა” უკანახაზელი მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. მილტონ ჰეიგს ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასთან და ნამიბიასთან დასაპირისპირებლად მზადებისას გუნდისთვის არაფერი დაუკლია.

“მსოფლიოზე გავალთ კონკურენტუნარიანი გუნდით, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის სასელექციო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისთვის და გიორგი ჩხაიძისთვის ეს ზედიზედ მე-4 მსოფლიო თასი იქნება.

რაზმის სელექციისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია და შეცვლების დიდი სიღრმეები გვაქვს, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა.

თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა მწვრთნელმა, რაზმის დასახელებისას განაცხადა – მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ შემადგენლობაში, ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში, შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ.

როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, დიდხნიანი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა და ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ“ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მისია შესრულებულია

“ბორჯღალოსნების” რაზმმა მზადების ორი ეტაპი განვლო. პირველი სამკვირიანი ფიზ-მომზადების შეკრება გუნდმა “შევარდენის” ბაზაზე გაიარა. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კი გუნდი ჯერ “შევარდენს” დაუბრუნდა, შემდეგ კი პოლონეთში, ცეტნიევოს ოლიმპიურ ბაზაზე გაემგზავრა. აქ უკვე წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა.

24 გვისტოდან საქართველოს ნაკრები ინგლისში იმყოფება და უკვე პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა “ნიუქასლ ფალკონზის” წინააღმდეგ, რომელშიც 27:7 დამარცხდა და სამწუხაროდ, 2 მოთამაშეც გამოაკლდა.

ქართველმა ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ იდაყვი დაიზიანა, გიორგი ტალახაძემ კი საზარდულის ტრამვა მიიღო, რის გამოც ისინი 2015 წლის მსოფლიო თასს გამოეთიშნენ.

“ბორჯღალოსნებს” წინ კიდევ ორი ტესტ-მატჩი აქვთ: ოთხშაბათს, ეშერში – კანადასთან და შემდეგ კინგსჰოლმზე – იაპონიასთან. ეს უკანასკნელი სწორედ ის სტადიონია, სადაც საქართველო მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ტონგასა და არგენტინას დაუპირისპირდება.

www.rugby.ge

სტატია მომზადებულია www.rugbyworldcup.com-ის მიხედვით


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08158