საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს გამთენიისას ინგლისში, მსოფლიო თასის წინა დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ბორჯღალოსნები” ოჯახის წევრებმა, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა, 10-მდე გულშემატკივარმა გააცილა, რაც მოსალოდნელზე ბევრად ცოტაა. ფაქტია, რომ ის ბიჭები, რომლებიც ქართველ ხალხს თავდაუზოგავი თამაშით და გამარჯვებებით მუდამ ახარებენ და ზედიზედ მეოთხედ მონაწილეობენ მსოფლიო თასზე, უფრო მეტს იმსახურებენ. მაგრამ ინგლისში არ ითამაშებს რუსეთის ნაკრები და სამწუხაროდ, ბევრს ახალ ზელანდიასთან, არგენტინასთან და ტონგასთან თამაშზე მეტად, მხოლოდ ეს ნახევრად-პოლიტიკური დაპირისპირება ხიბლავს.
ნაკრების ხელმძღვანელობამ თავი შეიკავა იმ მორაგბეების გვარების, უფრო მეტიც, რაოდენობის გამხელისგან, რომლებიც ინგლისში გაემგზავრნენ. ოფიციალურად, შემადგენლობა 1 სექტემბერს დასახელდება, მაგრამ ფაქტია, რომ გაფართოებული შემადგენლობიდან რამდენიმე მორაგბე წუხელ აეროპორტში არ ყოფილა. იმ მოთამაშეთაგან, რომლებიც ნაკრებში მოხვედრის უპირობო კანდიდატებად ითვლებიან, აეროპორტში არ შეგვინიშნავს ვასილ კაკოვინი და დიმიტრი ბასილაია. თვალი ვერ მოვკარით რამდენიმე ახალგაზრდასაც, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციისთვის, 1 სექტემბრამდე მოგვიწევს მოცდა.
“მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა. ახლა დასკვნით შეკრებაზე მივემგზავრებით და სამ ტესტ-მატჩს გავმართავთ. ინგლისში მეტი ყურადღება სათამაშო ელემენტებს და მათ დალაგებას მიექცევა. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული როგორ ჩავატარებთ მსოფლიო თასზე პორველ ოფიციალურ თამაშს” - თქვა ვიტო კოლელიშვილმა.
მილტონ ჰეიგი: “მოლოდინი ძალიან მაღალია. უნდა აღვნიშნო, რომ ესაა ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი, რომელიც ოდესმე საქართველოდან მსოფლიო თასზე გამგზავრებულა. მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას”.
მანამდე, ქართველ მორაგბეებს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა:
“მჯერა, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებით და კიდევ ერთხელ აღგვავსებთ სიამაყითა და დიდი სიხარულით”- ამ სიტყვებით მიმართა მან ქართველ მორაგბეებს. ღარიბაშვილმა “ბორჯღალოსნებს” მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში წარმატება უსურვა და რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, 2017 წელს საქართველო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში რაგბი სულ უფრო განვითარდეს, რომ ხელშეწყობა გაიზარდოს. იცით, რომ ამოქმედდა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ფონდი “ქართუ” აგრძელებს დაფინანსებას და ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული ამ პროგრამაში. სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ უკვე 15 ახალი არენა ექნებათ მორაგბეებს. თქვენი დამსახურება არის ის, რომ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მანდატი საქართველომ წამოიღო. 2017 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. მინდა გისურვოთ წარმატება, მჯერა რომ ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას” - მიმართა პრემიერმა მორაგბეებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 19 სექტემბერს, ტონგასთან გამართავს, 25-ში არგენტინას ეთამაშება, 2 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 7 ოქტომბერს ნამიბიას დამარცხებას ეცდება.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2015 წლის მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 84 კეპი, 642 ქულა - 12 ლელო, 108 გარდასახვა, 119 ჯარიმა, 3 არეკნი,), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 20, 83 - 2 ლელო, 11 გარდასახვა, 15 ჯარიმა, 2 არეკნი), გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 8, 0), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 48, 25 - 5 ლელო), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 29, 20 - 4 ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილის, 6, 5 - 1 ლელო), გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი, 3, 0), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 81, 85 - 17 ლელო), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 34, 35 - 7 ლელო), გიორგი ტალახაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 2, 0), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 56, 144 - 3 ლელო, 27 გარდასახვა, 22 ჯარიმა, 3 არეკნი), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 38, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 34, 0), ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 19, 0), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 5, 0);
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 26, 5 - 1 ლელო), ვასილ კაკოვინი (ტულუზი, საფრანგეთი, 24, 5 - 1 ლელო), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 19, 35 - 7 ლელო), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 10, 5 - 1 ლელო), სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 32, 0), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი, ინგლისი, 29, 15 - 3 ლელო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები, ბოლნისი, 27, 5 - 1 ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 48, 45 - 9 ლელო), დუდუ ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 39, 10 - 2 ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 23, 15 - 3 ლელო), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 15, 5 - 1 ლელო), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 83, 50 - 10 ლელო), გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 49, 45 - 9 ლელო), კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 34, 10 - 2ლელო), ვახტანგ მაისურაძე (ალბი, საფრანგეთი, 24, 10 - 2 ლელო), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 69, 15 - 3 ლელო) ოთარ გიორგაძე (აია, ქუთაისი/კლერმონი, საფრანგეთი, 2, 5 - 1 ლელო), მამუკა გორგოძე (ტულონი, საფრანგეთი, 59, 120 - 24 ლელო), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 48, 5 - 1 ლელო), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 31, 15 - 3 ლელო), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 20, 5 - 1 ლელო), საბა შუბითიძე (აკადემია, თბილისი, 3, 0), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი, საფრანგეთი, 2, 0), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი, საფრანგეთი, 38, 30 - 6 ლელო), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი, 15, 15 - 3 ლელო), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 12, 10 - 2 ლელო).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია