ამბები

19:39 | 20.08.2015 | ნანახია 2647 - ჯერ

ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპი გაფართოვდა

ევროპულ პრესაში გაჩნდა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირს ეხება.

შეგახსენებთ, რომ შარშან შემოდგომაზე ამ ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ჩემპიონატის კლუბების ნაკრებმა “თბილისის კავკასიელებმა” და იტალიურ “როვიგოსთან” ორრაუნდიან პლეი ოფში დამარცხდა. ამის შემდეგ, ტურნირის ორგანიზატორებმა მასში კლუბების ნაკრებების მონაწილეობა აკრძალა და გაზაფხულზე გაიმართა ექვსგუნდა შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საქართველოს ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” უნდა ეთამაშა, მაგრამ უსახსრობის გამო ამ პატივზე უარი განაცხადა. მის ნაცვლად ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირზე რუსეთის ჩემპიონმა “ენისეიმ” ითამაშა, ის წარმატებით გადალახა და შემოდგომიდან ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს.

შემოდგომიდან იწყება უკვე მომდევნო წლის ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირიც და ახლა მასში უკვე რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფური ეტაპი ორ წრედ, ექვს ტურად ჩატარდება და გუნდები შინ და გარეთ ითამაშებენ. თამაშები 2015 წლის შემოდგომასა და 2016 წლის ზამთარში, იმ ვადებში გაიმართება, როდესაც ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის შეხვედრებია დანიშნული (12-15 და 19-22 ნოემბერი; 10-13 და 17-20 დეკემბერი; 14-17 და 21-24 იანვარი).

საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები, 2016 წლის გაზაფხულზე იტალიურ “კალვიზანოსთან” და რუსულ “ენისეისთან” ორრაუნდიან პლეი ოფებს გამართავენ, წყვილების გამარჯვებულები კი, 2016/2017 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ითამაშებენ.

უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში რუმინეთის სახელს “ტიმიშოარა-სარასენსი” დაიცავს, რომლის შემადგენლობაშიც ბიძინა სამხარაძე თამაშობს. ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები იტალიური კლუბები - “როვიგო” და “ვიადანა”, ასევე პორტუგალიის ჩემპიონი იქნება (სავარაუდოდ “დირეიტო”).

მეორე ჯგუფში დანამდვილებით ითამაშებენ რუსეთის ვიცე-ჩემპიონი “კრასნი იარი” და იტალიური კლუბი რომის “ფიამა ორო”. დანარჩენი ორი მონაწილის ვინაობა უცნობია. ევროპელები ვარაუდობენ, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” და გერმანიის, ან ესპანეთის ჩემპიონი. “ლელო-სარასენსის” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელიც ამჟამად სტაჟირებაზე ინგლისში, პარტნიორ კლუბ “სარასენსის” ბაზაზე იმყოფება განაცხადა, რომ მისთვის ტუნირში მონაწილეობასთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი და სავარაუდოდ, როგორც ადრევე იყო გაცხადებული, ქართული კლუბი 2015/2016 წლების ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.

“ვარჯიში ივლისის შუა რიცხვებში დავიწყეთ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადებით. არ ვიცი საიდან გაჩნდა ინფორმაცია ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი მონაწილეობის შესახებ. ეს პირველად თქვენგან მესმის. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ “ლელო-სარასენსს” ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ფინანსები არ აქვს და თუ ვინმე დაგვეხმარება, დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ”, - თქვა მაისაშვილმა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081273