ამბები

19:21 | 19.08.2015 | ნანახია 2507 - ჯერ

ტონგამ გამოცდილებს ახალგაზრდები შეუამხანაგა

ტინგას მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ კუნძულელთა სიაში ჯერჯერობით მხოლოდ 30 მორაგბეა, 31-ეს კი, მოგვიანებით შეარჩევენ.

“იკალე ტაჰის” შემადგენლობა გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავს შეადგენს. გუნდში არიან ის მოთამაშეები, რომლებმაც ოთხი წლის წინანდელ მსოფლიო თასზე სახელი მოიხვეჭეს და თვით საფრანგეთი დაამარცხეს და არიან ისეთებიც, რომელთაც ეროვნულ გუნდში დებიუტი მიმდინარე წელს წყნარი ოკეანის თასზე ჰქონდათ. ამ ტურნირის პირველ ტურში გუნდი მომავალ გამარჯვებულ ფიჯისთან 22:30 დამარცხდა, მერე მომდევნო სამი თამაში მოიგო - კანადასთან 28:18, აშშ-სთან 33:19, იაპონიასთან 31:20 და მესამე ადგილი დაიკავა.

ზემოთნახსენებ ტურნირში ნახევარმცველმა ფეტუუ ვაინიკოლომ ოთხი ლელო გაიტანა და ფიჯელ ლეონ ნაკარავასთან ერთად საუკეთესო მელელოვე გახდა. წყნარი ოკეანის თასზე ნათამაშები მორაგბეებიდან მსოფლიო თასზე 20 მიემგზავრება, მათ შორის ტელუსა ვეაინუ, ვილიამი ტაჰიტუა და სოსეფო მააკე, რომელთაც ნაკრების კვართი რამდენიმე თვის წინ პირველად მოირგეს.

ტონგელები უკვე ინგლისში არიან და იქ განაგრძობენ მსოფლიო თასისთვის მზადებას. მათ ბანაკი სურეის საგრაფოში დასცეს და 28 აგვისტოს ინგლისის “ავივა პრემიერშიპის” კლუბ ნოტინგემთამ ამხანაგურ თამაშს გამართავენ, ხოლო 5 სექტემბერს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ტონგელებმა 2011 წელს, ახალ ზელანდიაში ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას გეგმავენ. ამაში მათ ხელი საქართველოს ნაკრებმა უნდა შეუშალოს. “გ” ჯგუფის პირველ მატჩში, 19 სექტემბერს, ტონგა გლოსტერში სწორედ საქართველოს ნაკრებს ეთამაშება, 29-ში ექსეტერში ნამიბიას დაუპირისპირდება, 4 ოქტომბერს ლესტერში არგენტინას ეთამაშება და ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 9 ოქტომბერს ნიუკასლში ახალ ზელანდიასთან გამართავს.

შემადგენლობა ტონგას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ეპი ტაიონემ გაახმოვანა, რომელიც თავადაა ორი მსოფლიო თასის (1999 და 2007 წლების) მონაწილე. შემადგენლობის ბირთვს ინგლისისა და ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები წარმოადგენენ. ტონგას შიდა პირველობიდან 30-კაციან განაცხადში მხოლოდ ერთი მორაგბე მოხვდა. რამდენიმე მოთამაშე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის, ასევე იაპონურ კლუბებს წარმოადგენენ.

ტონგას ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასზე: ტევიტა მაილაუ (პერპინიანი, საფრანგეთი), ალისონა ტაუმალოლო (გრენობლი, საფრანგეთი), სოანე ტონგაუიჰა (უიონაკსი, საფრანგეთი), ჰალანი აულიკა (ლონდონ აირიში, ინგლისი), სილა პუაფისი (გლოსტერი, ინგლისი), ელვის ტაიონე (ექსეტერ ჩიფსი, ინგლისი), პაულა ნგაუამო (მონ დე მარსანი, საფრანგეთი), ალეკი ლუტუა (ამპთილი, ინგლისი), ტუკულუა ლოკოტიუ (ბეზიე, საფრანგეთი), ჯოზეფ ტუინეაუ (დაქსი, საფრანგეთი), სტივ მაფი (ვესტერნ ფორსი, ავსტრალია), ოპეტი ფონუა (ლესტერ თაიგერსი, ინგლისი), ჰალე ტ-პოლე (ოტაგო, ახალი ზელანდია), ნილი ლატუ (ნიუკასლ ფალკონსი, ინგლისი), ჯეკ რამი (ოკლენდ ბლუზი, ახალი ზელანდია), ვილიამ მააფუ (უიონაკსი, საფრანგეთი), სიონე კალამაფონი (გლოსტერი, ინგლისი), სონატანე ტაკულუა (ნიუკასლ ფალკონსი, ინგლისი), სამისონი ფისილაუ (ჯერსი, ინგლისი), სოსეფო მააკე (ჰაველუ ბულდოგსი, ტონგა), კურტ მორატი (ბიარიცი, საფრანგეთი), ლატიუმე ფოსიტა (დონკასტერი, ინგლისი), სიონე პიუკალა (პერპინიანი, საფრანგეთი), სიალე პიუტაუ (იამაჰა, იაპონია), ვილიამი ტაჰიტუა (ნორთლენდი, ახალი ზელანდია), ფეტუუ ვაინიკოლო (უიონაკსი), ტელუსა ვეაინუ (მელბურნ რებელსი, ავსტრალია), ტევიტა ჰალაიფონუა (გლოსტერი, ინგლისი), ვილიამ ჰელუ (ედინბურგი, შოტლანდია), ვუნგაკოტო ლილო (მონტობანი, საფრანგეთი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082229