გასულ კვირაში მსოფლიო სტადიონებზე გამართული ტესტ-მატჩების შედეგად, მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე გუნდს ქულები მცირედით შეეცვალა, მაგრამ ამას გადაადგილებები არ მოყოლია.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და რეიტინგლიდერმა ახალმა ზელანდიამ, ოკლენდში ავსტრალიის 41:13 დამარცხების შემდეგ მდევართან უპირატესობა გაზარდა და ახლა ირლანდიას ზუსტად 6 ქულით უსწრებს. ამ მოგებით “ოლ ბლექსმა” ერთი კვირით ადრე სიდნეიში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო და “ბლედისლოუს თასი” კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა, სარეიტინგო მონაგარს კი, მხოლოდ 0,17 ქულა შემატა. ამდენივე დაკარგა ავსტრალიამ, მაგრამ მესამე პოზიციაზე დარჩა.
თამაშს რაც შეეხება, ის შვიდი დღის წინანდელისგან ყველაფრით განსხვავდება. “ოლ ბლექსი” არ დაიღალა და ტაიმის 13:6 მოგების შემდეგ, მეორე ნახევარში მეტოქე ვერც კი შენიშნა ისე გადაურბინა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასზე მაჟორულ ნოტზე მიდის.
დასაწყისში მასპინძლებს სანერვიულო შეექმნათ, რადგან ისრაელ ფოლაუ ფეხით იდეალურად თამაშობდა, “ოლ ბლექსი” შეცდომებს უშვებდა და საკუთარ ნახევარზე დიდი ძალისხმევის ხარჯზე ახერხებდა სტუმართა მიძალების შეჩერებას. შედეგად, მე-7 წუთზე ქუადე კუპერმა შანსი მიიღო და ჯარიმით ანგარიში გახსნა. მაგრამ მასპინძლები ამანაც ვერ გამოაფხიზლა და შეცდომების სერია გრძელდებოდა. ასეთ სიტუაციაში ყველაზე კარგად დენ კარტერი თამაშობდა, რომელმაც სამიზნედ მეტოქის 22 აირჩია და შორეული დარტყმებით მცველები დატვირთა.
ამასობაში მე-17 წუთი მოვიდა და კარტერმა 42 მეტრიდან გატანილი ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. ამას ავსტრალიელთა კარგი, მრავალფაზიანი შეტევა მოყვა, მაგრამ ზელანდიელთა 22-ში გატარებულმა რამდენიმე წუთმა შედეგი ვერ მოიტანა და ბურთი რომ დაკარგეს “ოლ ბლექსმა” ჩვეულ სტილში ითამაშა, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. კარტერმა საკუთარ ნახევარზე, ცენტრის სიახლოვეს გაჭრა ხაზი და ბურთი კვაჭ დენ კოლს გაატანა, რომელმაც მისი პოზიციის მოთამაშისთვის უჩვეულოდ მაღალ სიჩქარეზე 40 მეტრი დაფარა და ლელომდე ცრუმოძრაობით და ხელის კვრით ორი მცველი ჩამოიცილა.
კარტერმა ზუსტად გარდასახა და შესვენებამდე დარჩენილ დროში მან და კუპერმა თითო-თითო დარტყმები გაცვალეს, რის შემდეგაც ტაიმი 13:6 დასრულდა.
მეორე ტაიმი “ოლ ბლექსმა” მძლავრად დაიწყო და სულ 7 წუთი დაჭირდა უპირატესობის ანგარიშში ასასახად. ნეჰე მილნერ-შკუდერმა ხაზი გაჭრა და ლელოში აარონ სმიტი დაგეზა, რომელიც კუპერმა 5 მეტრში კისრით შებოჭა და თავად სინბინით დაისაჯა, ხოლო ავსტრალიის ნაკრები საჯარიმო ლელოთი და რა თქმა უნდა კარტერმაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეტობა “ოლ ბლექსმა” მალევე ორ ლელოდ აქცია - პირველ ჯერზე კონტრშეტევას ფეხით თამაში მოყვა, მერე ბურთი მარცხენა დაუცველ ფლანგზე ჩათამაშდა და მაა ნონუმ მიზანს უწია, ხოლო სამ წუთში იმავე ნონუმ გაჭრა ხაზი და კარის წინ 3-4 მეტრში შეაჩერეს, მაგრამ რამდენიმე დარტყმის შემდეგ მარჯვენა ფრთა დაუცველი დარჩა და კონარდ სმიტი ლელოში შევიდა. კარტერმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 34:6.
64-ე წუთზე ზელანდიელებმა 10 მეტრიდან, შერკინებიდან შეუტიეს, კარტერმა ნონუ ჯვარზე შეიყვანა, რასაც მცველები წამოეგნენ და კარტერის გარდასახვამ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახადა. მატჩის მიწურულს ისრაელ ფოლაუმ ზელანდიელთა მიერ ცენტრის სიახლოვეს ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ბურთი მოიხელთა და ლელომდე ირბინა, ნიკ უაითმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ამას თამაშის სურათი არ შეუცვლია და “ოლ ბლექსმა” ბლედისლოუს თასი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა.
მეორე ადგილზე ირლანდია რჩება, რომელსაც შოტლანდიის 28:22 ძლევამ რეიტინგში ვერაფერი შემატა. არაფერი დაუკარგავს შოტლანდიასაც და ის საქართველოს წინ, კვლავ მე-12 პოზიციაზეა.
ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის საინტერესო ბრძოლა გაიმართა. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს. თამაში რომ განახლდა სტუმრები ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ ირლანდიამ სეან კრონინისა და საიმონ ძებოს ლელოებით მალევე შეძლო უპირატესობის დაბრუნება. შოტლანდია 63-ე წუთზე ერთხელაც დაწინაურდა, თუმცა 5 წუთში ლუკ ფიცჯერალდისგან მეოთხე ლელო მიიღო და საბოლოოდ 22:28 დამარცხდა. ეს ირლანდიელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო მსოფლიო თასის წინ.
ევროპაში კიდევ ერთი საინტერესო თამაში შედგა. ინგლისი საფრანგეთს ორჯერ უნდა ეთამაშოს და პირველ ჯახში “თვიქნემზე”, ენტონი უოტსონის კარგი გარჯის წყალობით 19:14 იმარჯვა. მართალია ამ შემთხვევაში ანგარიშს ნაკლები ყურადღება ექცეოდა და მასპინძლებსაც სასტარტო შემადგენლობაში სამი დებიუტანტი ჰყავდათ, მაგრამ თამაშით და გატანილი ლელოების ხარისხით, მათ გამარჯვება აშკარად დაიმსახურეს. ერთ-ერთი დებიუტანტი ჰენრი სლეიდი იყო, რომელმაც 10 და 13 ნომრებზე ითამაშა და დასახულ ამოცანას თავი ისე კარგად გაართვა, რომ მსოფლიო თასზე მოხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ფილიპ სენტ-ანდრე კმაყოფილი უნდა იყოს საკუთარი შერკინების, რომელმაც რამდენიმე ჯარიმა გამოიმუშავა, მაგრამ გუნდმა სათანადოდ ვერ ითამაშა დაცვაში. საინტერესო იყო გუნდში შერკინების შემკვრელის, ლუი პიკამოლის დაბრუნება, რომელსაც ნაკრების კვართით 2014 წლის მარტის შემდეგ არ უთამაშია. ის კარგი იყო ბურთით ხელში, მაგრამ შეტევეაში, გადაწყვეტილებების მიღებისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ერთ-ერთ ეპიზოდში ასპროცენტიანი სალელოვე შანსი გაანიავა.
საწყის 20 წუთში უოტსონმა ორი ლელო გაიტანა და ოუენ ფარელის ერთი გარდასახვა ზუსტი იყო, მაგრამ მორგან პარამ ჯარიმებით მატჩს ინტრიგა შეუნარჩუნა. თამაში რომ განახლდა ჯონი მეიმ ლელოთი და ფარელიმ გარდასახვით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს, რაზეც ფრანგებმა ფულგანსე ოედრაოგოს ლელოთი უპასუხეს, მაგრამ დასკვნით 20 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და ინგლისმა გამარჯვება იზეიმა.
ინგლისმა მეორე ტაიმში ფრანგთა მიძალება რომ შეაკავა სარეიტინგო ქულები ოდნავ გაზარდა, მაგრამ მეოთხე ადგილზე რჩება. მცირედმა მარცხმა მე-7 ადგილი არ დააკარგინა საფრანგეთს.
ყველაზე მეტი, 0,78 სარეიტინგო ქულა სამხრეთ აფრიკამ მიიღო, რომელმაც აფრიკულ მიწაზე არგენტინასთან განცდილი მარცხისთვის ბუენოს აირესში რევანში აიღო და 26:12 იმარჯვა. მიუხედავად ამისა, ის მე-5 ადგილზე რჩება. პოზიცია შეინარჩუნა არგენტინამაც, მაგრამ ის საფრანგეთს უკვე ქულაზე მეტით ჩამორჩა.
მგეზავი პეტ ლამბიეს მკაცრად დისციპლინირებულმა თამაშმა, მის თანაგუნდელებს რწმენა შემატა, ხოლო მძლავრმა შერკინებამ “პუმებს” მატჩის მოგების იმედი გადაუწურა. აფრიკელებისთვის ეს გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მსოფლიო თასის წინ მათ მეტი თამაში აღარ უწევთ და გარკვეული იმპულსი მიიღეს. გარდა ამისა, ჰეინეკე მეიერის ხელმძღვანელობით, “ბოკემ” არგენტინაში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა და ამან მთავარ მწვრთნელზე და ზოგადად გუნდზე ზეწოლა გარკვეულ წილად უნდა შეამციროს.
მატჩამდე მეიერი ამბობდა, რომ მის გუნდს ტაქტიკურად უფრო გამართული რაგბი უნდა ეთამაშა და წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, “ბოკემ” გაზარდა ინტენსივობა, უფრო სწრაფად მოძრაობდა ხაზი და მეტ ზეწოლას ახორციელებდა მოწინააღმდეგის დაცვაზე. და მაინც, ანგარიშის გახსნის პირველი შანსი არგენტინელებს ჰქონდათ, მაგრამ მეორე წუთზე ებენ ეცებეთიმ ხუან იმჰოფი ზედ ლელოს ხაზზე შეაჩერა და გუნდი ადრეული შოკისგან იხსნა. მერე პატრიკ ლამბიემ ორი ჯარიმა გაიტანა, მათ შორის ერთი სამქულიანი ნიკოლას სანჩესმა გაისროლა და საწყისი 20 წუთის შემდეგ ტაბლოზე 6:3 დაფიქსირდა.
ამის შემდეგ “ბოკე” სრული ძალით ამოქმედდა და მართალია რუან პიენაარს ზედ ლელოს ხაზთან ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ სტუმრებმა ლელოზე თამაში საბოლოოდ გადაწყვიტეს, სამი ჯარიმა კუთხეში, აუტში გადაიტანეს და მათი მონდომება საპირისპირო ფლანგზე დაგვირგვინდა, როდესაც ბრაიან ჰაბანამ პიენაარის გრძელი გადაცემა შეირგო. ლამბიემ ზუსტად გარდასახა, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო და მალე მეორე ლელოც გავიდა. სკალკ ბურგერი რამდენიმე მცველს გასცდა, ლვაზი მვოვო მას კარგად მიჰყვა და ლელოს ლამბიელ მორიგი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 20:3.
შესვენებამდე სანჩესმა ორი ჯარიმით ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ლამბიემ არეკნით სტუმრებს თავდაჯერებულობა დაუბრუნა. მთლიანობაში, მეორე ტაიმი პირველზე მძიმე გამოდგა, მაგრამ არგენტინელებს ერთხელაც არ მისცემიათ მატჩის გადარჩენის შანსი. აფრიკელებმა ის თავის ნახევარზე გამოკეტეს და მართალია სანჩესმა ჯარიმით სამი ქულა აიღო, მაგრამ ლამბიემ 4 წუთში ზუსტი დარტყმით უპასუხა და 55-ე წუთის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა - 26:12 აფრიკელთა სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ მსოფლიო თასზე ნამიბიამ, აფრიკის თასი მოიგო და მე-20 ადგილზე რჩება. ნამიბიელებმა ვინდჰუკში ზიმბაბვე 80:6 გაანადგურეს. ამ მატჩში გუნდის კაპიტანმა როან კიტშოფმა ჰეთ თრიკი შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
კიდევ ორ მატჩს რეიტინგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. იაპონიამ მსოფლიო XV-ს უმასპინძლა და 20:45 დამარცხდა, მაგრამ მეტოქე ეროვნული გუნდი რომ არ იყო, არაფერი დაუკარგავს. ინგლისში ემზადება მსოფლიო თასისთვის ერთა თასზე ქართველთა მეტოქე რუმინეთი და ლიდსში ამხანაგურად იორკშირს გაეჯიბრა. თამაში ფრედ, 10:10 დასრულდა. 21 აგვისტოს რუმინეთი ედინბურგს ეთამაშება, ხოლო 22-ში ტესტ-მატჩებია დანიშნული.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი 17 აგვისტოსთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92,89
2 (2). ირლანდია 86,89
3 (3). ავსტრალია 86,67
4 (4). ინგლისი 85,53
5 (5). სამხრეთ აფრიკა 85,15
6 (6). უელსი 82,94
7 (7). საფრანგეთი 79,60
8 (8). არგენტინა 78,39
9 (9). ფიჯი 77,04
10 (10). ტონგა 77,25
11 (11). სამოა 75,14
12 (12). შოტლანდია 74,79
13 (13). საქართველო 72,16
14 (14). იტალია 71,85
15 (15). იაპონია 71,15
16 (16). აშშ 69,10
17 (17). რუმინეთი 66,73
18 (18). კანადა 64,55
19 (19). ურუგვაი 62,11
20 (20). ნამიბია 61,85
21 (21). ესპანეთი 61,54
22 (22). რუსეთი 61,10
23 (23). ჩილე 57,34
24 (24). ჰონკონგი 57,31
25 (25). კორეა 56,70
26 (26). ბელგია 56,47
27 (27). ზიმბაბვე 56,16
28 (28). კენია 55,89
29 (29). პორტუგალია 55,72
30 (30). გერმანია 54,78
31 (31). უკრაინა 54,07
32 (32). მოლდოვა 53,69
33 (33). ჰოლანდია 51,86
...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია