ამბები

14:34 | 13.07.2015 | ნანახია 6164 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “პროგრესით კმაყოფილნი ვართ და მიმაჩნია, რომ დასახულ მიზანს ვუახლოვდებით”

საქართველოს სარაგბო ნაკრები მთელი ძალებით ემზადება მსოფლიო თაისისთვის და შევარდენზე შეკრებას აგრძელებს. მილტონ ჰეიგის თაოსნობით და ქელვინ მორისის ფიზ.მომზადების პროგრამით, “ბორჯღალოსნებმა” ინსტენსიური, ფიტნესზე ორიენტირებული შეკრების პირველი ორი კვირა ჩაამთავრეს. მზადების პროცესის პირველ შესვენებამდე ბიჭებს კიდევ ერთი კვირის გავლა მოუწევთ, რომელიც სამწვრთნელო შტაბის თქმით, უფრო დატვირთული იქნება.

მილტონ ჰეიგი პირველ ორ კვირას აფასებს

“ძალიან რთული და დატვირთული პირველი კვირა გვქონდა, რომელის დროსაც მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც გვარიანად დავიღალეთ, მაგრამ ასეთი შეკრების პირველი კვირისთვის ეს გასაკვირი არაა. რიგ შემთხვევებში დღეში ოთხი ვარჯიშიც კი გვქონდა, რომლებსაც ადრე ვიწყებდით და გვიან ვამთავრებდით. ბიჭებმა პროცესზე ადაპტირება ბრწყინვალედ შეძლეს და უკვე მეორე კვირას საგრძნობლად გააუმჯობესეს მაჩვენებლები. ახლა, ყველა ვარჯიშს პირველ კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესად ასრულებენ.

რა თქმა უნდა, პროგრესით კმაყოფილნი ვართ და მიმაჩნია, რომ ვუახლოვდებით დასახულ მიზანს. ციფრებსა და სტატისტიკურ მონაცემებსაც რომ ვუყურებთ, გაუმჯობესება სახეზეა. დილაობით უფრო მხნედ არიან, ბევრად გვიან იღლებიან და შესაბამისად მეტსაც ძლებენ.

უფრო ინსტენსიური მესამე კვირა

“მესამე კვირა ბევრად უფრო რთული იქნება. ზოგიერთ მოთამაშეს შედარებით უჭირს ზოგ დავალებასთან გამკლავება, მაგრამ ეს სავსებით მისაღებია, რადგან ზოგს ტრავმის დიდხნიანი რეაბილიტაციის პროცესი, ზოგსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსიური ვარჯიშები არ ჰქონია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ბოლომდე იხარჯება და ვარჯიშზე ძალ-ღონეს არ ზოგავს.

ვარჯიშში ახალი ელემენტებიც გვაქვს, მაგალითად ჭიდაობის ელემენტები, რომელსაც ყველა ენთუზიაზმით ეკიდება. საჭიდაო დარბაზში ბოჭვის ტექნიკასა და კონტაქზე მუშაობისას აღარ ფიქრობ დავარდნაზე და ზიანის მიღებაზე.

მაღალი დონის ფიზ.მომზადება, რა თქმა უნდა, მოთამაშეების სარაგბო ოსტატობაზეც დადებითად მოქმედებს. როდესაც ძალა გამოცლილნი არ არიან, უფრო სხარტადაც აზროვნებენ და ბურთის ტექნიკას უკეთ აქცევენ ყურადღებას. ტექნიკის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა თამაშებს და სავარჯიშოებს ვასრულებთ”.

პირველი ფაზის დასრულებისას

“პირველი ფაზის დამაგვირგვინებელი კვირის ბოლოსკენ იგივე შედეგს ველით, რომ მოთამაშეები გვარიანად დაიღალნონ. რა თქმა უნდა, დატვირთვას შედარებით მოვუმატებთ. შეკრების დასაწყისში გარკვეული მიზანი დავისახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კვირის ბოლოსკენ ამ მიზანს მივუახლოვდებით”.

მსოფლიო თასისწინა შეკრების პირველი, სამ კვირიანი ფაზის დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ერთ კვირას დაისვენებენ. მომზადების მეორე ფაზა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 9 დღიანი შეკრებით განახლდება, რომლის შემდეგ ნაკრები პოლონეთში გაემზავრება, სადაც 10 დღის განმავლობაში კრეოთერაპიის დახმარებით განაგრძობენ მომზადებას.

სპეციალური კრიო კაბინები ფორმაში ჩადგომის მაქსიმალურად სწრაფ ეფექტს იძლევა. ეს ეტაპი ასევე ფიზ. მომზადებას დაეთმობა. რაც შეეხება სარაგბო კუთხით ვარჯიშს, ის მხოლოდ ინგლისში შეკრებაზე გამგზავრების შემდეგ დაიწყება, როდესაც ნაკრები საბოლოო მოსამზადებელ ეტაპზე გადავა.

პოლონეთის შემდეგ, “ბორჯღალოსნების” ერთ კვირას შინ დაისვენებენ და 24 აგვისტოს, მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ფაზის გასავლელად ინგლისში გაემგზავრებიან.

www.rugby.ge

შეკრების მეორე კვირის ფოტოები >>>


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081246