ამბები

21:11 | 12.07.2015 | ნანახია 2475 - ჯერ

7-კაცა ლიტვასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პირის მესამე, დასკვნითი ეტაპი წინა ორზე უკეთეს, მერვე ადგილზე დაასრულა.

მოსკოვსა და ლიონში გუნდმა მე-9 ადგილი დაიკავა და ექსეტერის ჯგუფურ ეტაპზე ისე ითამაშა, მოლოდინი უფრომეტის იყო, მაგრამ კახა ალანიას შეგირდები მეორე სათამაშო დღეს სამივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ქართველებმა თამაში მოდუნებულად დაიწყეს და ლიტვა პირველსავე წუთზე დაწინაურდა, როდესაც მარტივად გაიჭრა ხაზი და რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო; თამაში რომ განახლდა ქართველებმა უყურადღებოდ ითამაშეს, ბურთი კვლავ ლიტვას დარჩა და 0:12, ხოლო შემდეგ ჯერზე წინპასის გამო ოვალი ისევ ლიტვას გადაეცა, მათ თავის ნახევარზე შეძლეს ხაზის გაჭრა და მე-4 წუთზე 0:19. მე-6 წუთზე ქართველებმა პირველი გააზრებული შეტევა განახორციელეს, რაქიდან ირაკლი გეგენავამ მოკლე ფრთაზე შეუტია, მაგრამ სანამ ალამთან ბურთს დაამიწებდა ბოჭვისას ფეხით გვერდით ხაზს შეეხო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მოინდომა, მაგრამ მარტივი შეცდომების გამო საკუთარები შანსები ვერ გამოიყენა, დრო კი გადიოდა. მერე ლიტვამ ქართველები კონტრშეტევაზე გამოიჭირა და მეოთხე ლელოთი დასაჯა. სულ ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ დამხმარე მსაჯმა ის უსამართლოდ გააუქმა. ლევან გოგოლაშვილი ფლანგზე გაიქცა, ბურთი ფეხით გადაკიდა, მცველთან ჭიდილში ფეხით ერთხელაც ითამაშა და ჩათვლის მოედანში ის ხელებსში აუთამაშდა, მაგრამ დამიწებამდე მასზე კონტროლი დაამყარა. ეს მსაჯმა ვერ შენიშნა, თუმცა ბევრიც არაფერი შეცვლილა და 0:24 მარცხით საქართველოს ნაკრები ექსეტერის ეტაპზე მერვე ადგილს დასჯერდა.

მომავალ შაბათ-კვირას საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლისაბონში ითამაშებს, სადაც ზაფხულის ოლიმპიადის საგზურისთვის ევროპის რეპეშაჟი მსოფლიო რეპეშაჟის საგზური გათამაშდება. იქ საქართველოს ნაკრებს არ მოუწევს ინგლისთან და უელსთან თამაში, რადგან ინგლისმა ბრიტანეთს მსოფლიო სერიიდან მოუტანა რიოს საგზური, ასევე ევროპის ჩემპიონ საფრანგეთთან, რომელიც ბრაზილიაში კონტინენტის ჩემპიონის რანგში მიდის და ესპანეთთან, რომელმაც ევროპის გრან პრიზე მეორე ადგილის დაკავებით მსოფლიო რეპეშაჟში თამაში დაიბევა. სამაგიეროდ, მის კონკურენტებს დაემატება ირლანდია, რომელმაც 7-კაცა ნაკრები სპეციალურად ოლიმპიადისთვის შექმნა და ევროპის “ბ” დივიზიონის მოგებით, ევროპის რეპეშაჟში თამაშის უფლება მიიღო.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ექსეტერში: 1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), 2. ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), 3. ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), 4. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (ყოჩრბი, ბოლნისი), 6. ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), 7. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), 8. ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), 9. მეთიუ ჯანი (ოქსფორდი, ინგლისი), 10. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი), 11. დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), 12. იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082466