საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პირის მესამე, დასკვნითი ეტაპის მეორე სათამაშო დღეს მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა და თბილისის დროით 20:24 საათზე ლიტვას მე-7 ადგილს შეეცილება.
ქართველებს უელსი ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებული ყავდათ და ბრძოლა ამჯერადაც უშეღავათო აღმოჩნდა. საწყის წუთებში ქართველები მეტოქეს ჯობდნენ, მეთიუ ჯანიმ ხაზი გაჭრა და მარცხნივ კარგი გადაცემა ჩაიფიქრა, მაგრამ იქ არავინ იყო. სამაგიეროდ, ზურაბ ძნელაძემ მეტოქის დერეფანი მოიგო, ბურთი ლევან გოგოლაშვილს მიუვიდა, რომელმაც ჩვეულ სტილში, ადგილზე ცრუმოძრაობით მეტოქის მცველები დააბნია და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო იოსებ კიკვაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ამას ქართველების შეცდომების სერია მოყვა, მათი ერთობლიობით უელსმა ისარგებლა და საპასუხო ლელო მე-5 წუთზე გაიტანა, ერთ წუთში კი, გრძელი გადაცემით მოიერიშე ფლანგზე ნარტო დარჩა და ტაიმი 7:12 დავთმეთ.
მეორე ნახევრის დასაწყისში კიკვაძემ ცენტრის სიახლოვეს ფეხით ითამაშა და ბურთს მიყვა, სისწრაფეში მცველს დაასწრო, მაგრამ 5 მეტრში შებოჭეს. ის დინამიკაში წამოდგა და ლელოში გადახტა, მაგრამ რეფერიმ განმეორებითი მოძრაობისთვის დააჯარიმა და ლელო გააუქმა. ტაიმის შუაში მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, უელსელი ფლანგზე მაღალ სიჩქარეზე გაიქცა, მაგრამ გოგოლაშვილი დაეწია და ზედ ლელოსთან ისე შებოჭა, ბურთი დააგდებინა. 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი ცუდად გავიდა და ამ შეტევას ლელო მაინც მოყვა. კახა ალანიას შეგირდებმა მოინდომეს და კიკვაძემ ხაზი გაჭრა, შეტევა ირაკლი გეგენავამ გააგრძელა, მერე კიკვაძემ ხელმეორედ დაარტყა, უელსელთა დაცვა მოირღვა და ლადო მიმინოშვილმა ლელო გაიტანა, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და სათამაშოდ წუთი რჩებოდა. ბრიტანელებმა შეძლეს ბურთის შენარჩუნება, გონგის შემდეგ ის აუტში გადაგზავნეს და საბოლოოდ 17:14 მოგებით, გუშინდელი მარცხისთვის რევანში აიღეს.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ექსეტერში: 1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), 2. ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), 3. ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), 4. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (ყოჩრბი, ბოლნისი), 6. ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), 7. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), 8. ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), 9. მეთიუ ჯანი (ოქსფორდი, ინგლისი), 10. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი), 11. დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), 12. იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
2015 წლის ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი
ექსეტერი (ინგლისი). 11-12 ივლისი
12 ივლისი. პლეი ოფები
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის
პორტუგალია - რუმინეთი 22:17
იტალია - ბელგია 14:5
V ადგილის ნახევარფინალები
უელსი - საქართველო 17:14
რუსეთი - ლიტვა 26:5
თასის ნახევარფინალები
საფრანგეთი - გერმანია
ინგლისი - ესპანეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია