„ბორჯღალოსნების“ მიერ რუმინელთა სარეკორდო სხვაობით და რაც მთავარია, ლამაზ სტილში დამარცხებამ [38:9], გასულ უქმეებზე გამართული ყველა დანარჩენი მოვლენა გადაფარა, მაგრამ ახლა, მშვიდ გონებაზე, შეგვიძლია გადავხედოთ რა მოხდა რაგბი ევროპი ჩემპიონატის კიდევ ორ მატჩში.
აქ გასარკვევი ერთი იყო: ვინ დატოვებდა ორი წლის ჯამში დივიზიონს - გერმანია, თუ პორტუგალია. ბოლო ტურის წინ გერმანელებს მცირედი უპირატესობა ჰქონდათ, იმ თვალსაზრისით, რომ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით ჯობდნენ და თუ ორივე გუნდი შესაბამისად - ესპანეთთან და რუსეთთან თანაბარი ოდენობს ქულებს აიღებდა, გაისად უძლიერესთა შორის გერმანიის ნაკრები დარჩებოდა.
ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებულ გუნდს აქამდე ვერასდროს მოეხერხებინა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება. ორი წლის წინ ამისი შანსი ბელგიას ჰქონდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დებიუტანტს დარჩენის შანსი გაუჩნდა, თუმცა მაშინ ბელგიელები მაინც დაქვეითდნენ.
გერმანელებმა დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი მაშინ გადადგეს, როდესაც მეორე წრის მესამე ტურში პორტუგალიას 50:27 აჯობეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ახლა მათ ესპანეთთან უნდა მოეხერხებინათ ქულათა მაქსიმუმის აღება და მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდებოდნენ, მაგრამ „ლომები“ წელს ურიგო სეზონს არ ატარებენ. გადამწყვეტი ჯახის სანახავად კიოლნში, „შპორტპარკ ჰენენბერგზე“ 6 ათასი მაყურებელი შეიკრიბა და დიდი ბრძოლა გაჩაღდა.
შესვენებამდე გუნდების დამრტყმელებმა - პარკინსონმა და და ლინკლეიტერმა სამ-სამი ჯარიმა გაიტანეს, ოღონდ სტუმართა მორკინალმა ოზკიმ ლელოც შეიტანა და ესპანეთი 14:9 დაწინაურდა. მასპინძლები არ დანებდნენ, მეორე ტაიმში დამრტყმელებმა თითო ჯარიმაც გაცვალეს, ხოლო ოტტომ დასკვნით მეოთხედში ლელო შეიტანა და ანგარიში გათანაბრდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თორემ გერმანია საოცნებო გამარჯვებას იზეიმებდა, ასე კი, სტადიონზე გაჩაღებულ მხიარუელბას იმის ფაქრიც სდევდა თან, რას იზამდა პორტუგალია ლისაბონში.
„მგლებისა“ და „დათვების“ დაპირისპირება ახალი დაწყებული იყო, როცა კიოლნში თამაში დასრულდა და „ლობუშმა“ იცოდა, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა წაექცია. მაგრამ პორტუგალია გასულ და ამ სეზონში ზედმეტად სუსტია იმისათვის, თუნდაც არცთუ ძლიერ მეტოქესთან ფავორიტად ითვლებოდეს. რუსები სრულად ფლობდნენ ინიციატივას და ჯამში 7 ლელო გაიტანეს. თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს სიმპლიკევიჩმა და რუდოიმ, თითო ლელო არტემიოვმა, გრესევმა და კურაშოვმა დადეს. ამას რუსებმა 6 გარდასახვა და ორი ჯარიმაც შემატეს. პორტუგალიამ საპასუხოდ მხოლოდ სამი ლელო გაიტანა და სამივე გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და პორტუგალია 21:53 მარცხით, დივიზიონს დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ 2000 წლიდან დღემდე, რაც ეს ტურნირი ამ ფორმით დაარსდა, პორტუგალია ერთადერთი გუნდია, რომელიც საქართველოს და რუმინეთს პირველობაში შეეცილა და 2003/2004 წლების სეზონში თასი შემართა. ახლა მის ადგილს მოწინავე ექვსეულში ბელგია დაიკავებს, რომელიც ქვედა დივიზიონის გამარჯვებული გახდა.
2015/2016 წლის ერთა თასი. X ტური
საქართველო - რუმინეთი 38:9
გერმანია - ესპანეთი 17:17
პორტუგალია - რუსეთი 21:53
1. | საქართველო | 10 | 10 | 0 | 0 | 346:75 | 45 |
|
2. | რუმინეთი | 10 | 7 | 0 | 3 | 262:138 | 34 |
|
3. | რუსეთი | 10 | 6 | 0 | 4 | 231:234 | 27 |
|
4. | ესპანეთი | 10 | 4 | 1 | 5 | 232:204 | 23 |
|
5. | გერმანია | 10 | 1 | 1 | 8 | 162:396 | 8 |
|
6. | პორტუგალია | 10 | 1 | 0 | 9 | 124:310 | 6 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია