ამბები

14:13 | 6.07.2015 | ნანახია 3107 - ჯერ

საქართველოსთან ყველაზე გამოცდილი - ნაიჯელ ოუენსი

რაგბიში მსაჯს ბევრი რამის გადაწყვეტა რომ შეუძლია არახალია და სასიხარულოა, 2015 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში, საქართველოსა და ტონგას მატჩს ისეთი ცნობილი რომ გაუძღვება, როგორიც უელსელი ნაიჯელ ოუენსია.

მსოფლიო რაგბიმ ჯგუფური ეტაპის შეხვედრებზე რეფერები რომ დანიშნა, მათგან ყველაზე გამორჩეული შეარჩია და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ოუენსმა ზოგადი საკითხების გარდა საქართველო-ტონგას მომავალ მატჩზეც ისაუბრა.

- თქვენ ბოლო ორ მსოფლიო თასზე მუშაობდით. უკანასკნელ რვა წელიწადში, როგორ ვითარდება რაგბი?

- თუ გავიხსენებთ 2007 წლის მსოფლიო თასს, მაშინ სამართლიანები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ თამაში უკეთესობისკენ ვითარდება. ვიცი, რომ დაცვას ახლაც დიდი ყურადღება ეთმობა, მაგრამ მაშინ უფრო მეტს ფეხით თამაშობდნენ და გუნდები ნაკლებად ცდილობდნენ სივრცის გამოყენებას. მაგრამ თუ გადავხედავთ უკანასკნელ 18 თვეს, რამდენიმე გამორჩეული თამაში გვქონდა. 2013 წლის რაგბის ჩემპიონატის შეხვედრა სამხრეთ აფრიკისა და ახალ ზელანდიას შორის, საუკეთესო იყო ხარისხობრივად (ახალმა ზელანდიამ 38:27 მოიგო და ჩემპიონი გახდა). კიდევ იყო ამა წლის ექვსი ერის დასკვნითი ტური, რომელიც წარმოუდგენელი იყო და რომლის მსგავსიც აღარ განმეორდება. ეს იყო საოცარი დღე სამი ბრწყინვალე მატჩით და მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავს რამეს კიდევ ვიხილავთ.

- მსაჯებს თუ გადავხედავთ, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ხართ და 2015 წლის მსოფლიო თასს თქვენ ისეთივე მღელვარებით ელოდებით, როგორც პირველ გამოჩენას?

- იცით, როდესაც ნებისმიერ ჯერზე მოედანზე გადიხართ, ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რაც თქვენს გარშემო ხდება. სამუშაოზე იმდენად ხარ კონცენტრირებული, რომ მხოლოდ სახლში მისვლის და ჩანაწერის ხილვის შემდეგ ამბობ - რა კარგი ლელო გასულა, ან რა კარგი თამაში ყოფილა. იყო თამაშის ნაწილი, განსაკუთრებული გრძნობაა, რომლის განცდის საშუალებაც ბევრს არ ეძლევა და სხვა მხრივ შეგრძნება ისეთივეა, როგორც პირველი თამაშისას.

- რამდენად დიდ ყურადღებას უთმობთ მსაჯები ფიზიკურ კონდინციებს და ამ პერიოდისთვის ფორმის პიკში ყოფნას?

- 2015 წლის მსოფლიო თასის მსაჯების შერჩევამდე, ჩაგვიტარდა ფიტნეს-ტესტირება და გარკვეული მოთხოვნები მივიღეთ, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყოთ და ჩვენ მათ შევასრულებთ. ყველა მსაჯს გვყავს ჩვენი ფიტნეს მწვრთნელი და ეს მნიშვნელოვანია. კვირაში ორჯერ, ან სამჯერ, ჩემი ფიზმომზადების მწვრთნელის კონტროლის ქვეშ ვვარჯიშობ, მერე იგივე ვარჯიშებს დამოუკიდებლად ვასრულებ. უკვე ვთქვი, რომ ბოლო პერიოდში თამაში შეიცვალა. ახლა ბურთი უფრო სწრაფად და ბევრს მოძრაობს, მეტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევს და მუდამ ისე უნდა იყო, თითქოს თამაში ეს ესაა დაიწყო. ფიზმომზადებაზე უდიდესი აქცენტი კეთდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მსაჯობა უფრო მიადვილდება.

- მსოფლიო თასის მატჩების განსჯისას, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოცდილებას? 2015 წელს 12 რეფერის ანგარიშზე 361 საერთაშორისო მატჩია და თითოზე საშუალოდ 30 თამაში მოდის.

- გამოცდილება საკმარისია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემსავით გამოცდილები არ არიან, მაგრამ ახლოს ტრიალებდნენ წლების განმავლობაში. ამ მსოფლიო თასზე მხოლოდ მე და უეინ ბარნსი ვართ, რომლებიც 2007 წლის მსოფლიო თასსაც ვემსახურებოდით, მაგრამ ახლა სეზონის განმავლობაში მრავლად იმართება ტესტ-მატჩები. ადრე სხვაგვარად ხდებოდა, იყო მხოლოდ ხუთი ერი და წელიწადში ერთი-ორი ტესტ-მატჩი, ახლა კი, გამოცდილების დაგროვება უფრო ადვილად შეიძლება.

- თქვენი პირველი მატჩი გლოსტერში შედგება, სადაც ტონგა საქართველოს ეთამაშება. რას ელით ამ შეხვედრისგან?

- მოუთმენლად ველი ამ დღეს. ტონგა მუდამ ფიზიკურად ძლიერი გუნდითაა წარმოდგენილი, ხოლო საქართველო აღმავალი ერია, რომელსაც ჰყავს დიდი, ძლიერი შემსრულებლები და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უდიდესი ბრძოლა. მაგრამ მე წინ მაქვს კიდევ სამი სუნთქვისშემკვრელი თამაში და ყველა მათგანს მოუთმენლად ველი. ტონგასა და საქართველოს შემდეგ, უნდა ვიმსაჯო სამხრეთ აფრიკის და შოტლანდიის შეხვედრა, რომელიც დიდი თამაში იქნება ამ ჯგუფში. მერე “მილენიუმზე” საფრანგეთი ირლანდიას ეთამაშება და ეს ტურნირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, რასაც ისიც ემატება, რომ მსაჯობა სამშობლოში მომიწევს. ეს განსაკუთრებული მოვლენა იქნება.

- თქვენი ქვეყნის ნაკრები უელსი ურთულეს ჯგუფშია.

- წელს გვექნება მსოფლიო თასი, სადაც ყველაზე რთულია ფავორიტის დასახელება. რამდენიმეა ისეთი გუნდი, რომელსაც ტურნირის მოგება შეუძლია და ერთ-ერთი სწორედ უელსია. მე, როგორც უელსელს, მწამს, რომ ეს სწორედ ასე იქნება. მაგრამ არის პრობლემებიც და ჯგუფიდან გამომდინარე, რთული იქნება მეოთხედფინალში პირველი ადგილიდან გასვლა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072771