სარაგბო ევროთასების დასრულებიდან თვენახევრის თავზე, გაირკვა ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასისა და ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფის 2015/2016 წლების გათამაშების ჯგუფები და მასში თავ-თავიანთ კლუბებთან ერთად ქართველი ლეგიონერებიც ჩაერთვებიან.
კენჭისყრა შვეიცარიაში ჩატარდა და რადგან ევროპაში სატრანსფერო სეზონი ჯერ არ დასრულებულა, არაა გამორიცხული კლუბების ქართველ ლეგიონერთა რიცხვი შეიცვალოს, მით უმეტეს მსოფლიო თასის შემდეგ. სწორედ მსოფლიო თასის გამო, წელს შეცვლილია თამაშების ჩატარების თარიღებიც და ევროთასები ოქტომბრის ნაცვლად ნოემბერში დაიწყება. ჯგუფური ეტაპების სათამაშო დღეები ასეთია:
პირველი ტური: 12/13/14/15 ნოემბერი
მეორე ტური: 19/20/21/22 ნოემბერი
მესამე ტური: 10/11/12/13 დეკემბერი
მეოთხე ტური: 17/18/19/20 დეკემბერი
მეხუთე ტური: 2016 წლის იანვარი 14/15/16/17
მეექვსე ტური: 2016 წლის იანვარი 21/22/23/24
მეოთხედფინალები 7/8/9/10 აპრილს, ხოლო ნახევარფინალები 22/23/24 აპრილს გაიმართება, ფინალური დღეები კი 13 და 14 მაისია.
ჩემპიონთა თასზე 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული და თითოეულ ჯგუფში მინიმუმ ერთი “ქართული” გუნდი აუცილებლად ითამაშებს. პირველ ჯგუფში ვასილ კაკოვინის “ტულუზი” თანამემამულე “ოიონაქსს”, ინგლისურ “სარასენსს” და ირლანდიურ “ოლსტერს” ეთამაშება. მეორე ჯგუფშიც ორი ფრანგული გუნდია - ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” და გასული გათამაშების ფინალისტი - დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილის და იური ნატრიაშვილის “კლერმონი”. ნატრიაშვილი ამ გუნდში “ჯოკერის” სტატუსით, ოთხი თვითაა მისული და მის კონტრაქტს ვადა ნოემბერში გადის. ამრიგად, თუ “ვულკანებმა” მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივეს, ის ჩემპიონთა თასზე ვერ ითამაშებს. “კლერმონის” და “ბორდოს” მეტოქეები უელსური “ოსპრეიზი” და ინგლისური “ექსეტერ ჩიფსი” არიან.
მესამე ჯგუფში შოტლანდიურ “გლაზგო უორიორზს”, ინგლისურ “ნორთჰემპტონს” და უელსურ “სკარლეტს” წინააღმდეგობას დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ 92” გაუწევს. პარიზული კლუბი 2001 წელს “რასინგ კლუბ დე ფრანსესა” და “მეტროს” გაერთიანებით დაარსდა, თუმცა, კლუბის პრეზიდენტის, ჯეკი ლორენცეტის განცხადებით, კლუბს დიდი ხანია ერთ-ერთ “მშობელ” “მეტროსთან” აღარაფერი აკავშირებს და გუნდის სახელიც ამის გამო შეკვეცეს.
მეოთხე ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” ირლანდიურ “მანსტერთან”, ინგლისურ “ლესტერთან” და იტალიურ “ბენეტონთან” ითამაშებს. ჩემპიონთა თასის ზედიზედ სამგზის ფლობელი, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” მეხუთე ჯგუფში ინგლისურ “ბათთან” და “უოსპსთან”, ასევე ირლანდიურ “ლენსტერთან” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ხუთივე ჯგუფის გამარჯვებული და სამიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.
ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ლეგიონერების ექვსი გუნდი თამაშობს და ხუთი მათგანი ფრანგულია, ერთი კი - რუსული. ტურნირის დებიუტანტი, რუსეთის ჩემპიონი და შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული კრასნოიარსკის “ენისეი”, სადაც “ბორჯღალოსნების” შუამარბი დავით კაჭარავა თამაშობს, პირველ ჯგუფში ირლანდიურ “კონახტთან” და ინგლისურ “ნიუკასლთან” ერთად, კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივს” შეხვდება.
მეორე ჯგუფში ინგლისურ “სეილ შარქსთან”, უელსურ “ნიუპორტთან” და ფრანგულ “კასტრთან” ითამაშებს ასევე ფრანგული “პო”, რომელმაც მეორე ელიტარული დივიზიონი პრო დ2 მოიგო და ტოპ 14-ში დაწინაურდა. “პოში” ქართველი ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი თამაშობს. გასულ სეზონში “სეილ შაქსის” ღირსებას იცავდა საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი.
მესამე ჯგუფში ინგლისის “ჰარლექუინსთან”, უელსის “კარდიფ ბლუზთან” და შესარჩევი ეტაპის კიდევ ერთ გამარჯვებულ იტალიურ “კალვიზანოსთან” ერთად ითამაშებს მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”. შეგახსენებთ, სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, ნარიაშვილი ტოპ 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯია.
მეოთხე ჯგუფშია ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელიც ნოემბრიდან კიდევ ერთი ქართველით გაძლიერდება. საუბარია “ბორჯღალოსნების” ყოფილ კვაჭზე აქვსენტი გიორგაძეზე, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კვაჭებს ავარჯიშებს, ნოემბრიდან კი, ლა როშელის ერთ-ერთი მწვრთნელი გახდება და იქ ოთხ სეზონს გაატარებს. “კასტრისა” და “ტულიზის” ყოფილი მორაგბე გიორგაძე შერკინების ანალიზსა და სტრატეგიაზე იქნება პასუხისმგებელი. “ლა როშელის” მოწინააღმდეგეები “გლოსტერი” (ინგლისი), “ძებრე” (იტალია) და “ვუსტერ უორიორსი” (ინგლისი) არიან.
მეხუთე ჯგუფში “ედინბურგთან” (შოტლანდია), “ლონდონ აირიშთან” (ინგლისი) და ფრანგულ “გრენობლთან” ითამაშებს კიდევ ერთი ფრანგული გუნდი, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი”. ამ კლუბმა გასულ სეზონში მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის პლეი ოფი მოიგო და ტოპ 14-ის საგზურთან ერთად ჩელენჯ ქაფის საგზურიც მოიპოვა.
2015/2016 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი
ჯგუფი 1: სარასენსი (ინგლისი), ოლსტერი (ირლანდია), ტულუზი (საფრანგეთი), ოიონაქსი (საფრანგეთი)
ჯგუფი 2: კლერმონი (საფრანგეთი), ოსპრეიზი (უელსი), ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი), ბორდო (საფრანგეთი)
ჯგუფი 3: გლაზგო უორიორზი (შოტლანდია), ნორთჰემპტონი (ინგლისი), რასინგი 92 (საფრანგეთი), სკარლეტსი (უელსი)
ჯგუფი 4: სტად ფრანსე (საფრანგეთი), მანსტერი (ირლანდია), ლესტერ თაიგერსი (ინგლისი), ბენეტონ ტრევიზო (იტალია)
ჯგუფი 5: ბათი (ინგლისი), ტულონი (საფრანგეთი), ლენსტერი (ირლანდია), უოსპსი (ინგლისი)
2015/2016 წლების ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი
ჯგუფი 1: კონახტი (ირლანდია), ბრივი (საფრანგეთი), ნიუკასლი (ინგლისი), ენისეი (რუსეთი)
ჯგუფი 2: სეილ შარქსი (ინგლისი), ნიუპორტი (უელსი), კასტრი (საფრანგეთი), პო (საფრანგეთი)
ჯგუფი 3: მონპელიე (საფრანგეთი), ჰარლექუინსი (ინგლისი), კარდიფ ბლუზი (უელსი), კალვიზანო (იტალია)
ჯგუფი 4: ლა როშელი (საფრანგეთი), გლოსტერი (ინგლისი), ძებრე (იტალია), ვუსტერ უორიორსი (ინგლისი)
ჯგუფი 5: ედინბურგი (შოტლანდია), ლონდონ აირიში (ინგლისი), გრენობლი (საფრანგეთი), აჟენი (საფრანგეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია