საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს საკუთარ თავს არ გავდა და არა მხოლოდ შემადგენლობით. ძნელია ბიჭებს მოსთხოვო ჩვეული თავდადებით თამაში, როდესაც მათ ქვეყანაში, მათ ქალაქში ასეთი უბედურებები ხდება.
ასეთ დროს სპორტზე ფიქრი და წერაც ძნელია, მაგრამ “თბილისის თასის” მესამე გათამაშება თავის გზით მიდის და ჯილდოც მესამე წელიწადია ქვეყნის გარეთ მიდის. ამჯერად ტურნირის მთავარი “მზარდ ირლანდიას” მიაქვს, რომელმაც პირველობა ორი ტურის შემდეგ გაინაღდა და დასკვნით რაუნდს პრაქტიკული აზრი დაუკარგა. ორ-ორი თამაშის შემდეგ, მათ საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს და თასიც ვადაზე ადრე დამსახურებულად მოიპოვეს.
ტურნირის მეორე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ “მზარდი ირლანდია” და ურუგვაის ნაკრებები წარსდგნენ. ჰიმნების გაჟღერების შემდეგ საქართველოში 13 ივნისს მომხდარი უბედურების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მერე ირლანდია ურუგვაის რბევას შეუდგა. ისინი თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, მეთ ჰილმა ხაზი გაჭრა და პირველი ლელო გაიტანა, ხოლო რორი სქენელიმ გარდასახვა გამოიყენა. მე-10 წუთზე მათ დერეფნიდან კიდევ ერთხელ შეუტიეს, რაქიდან რამდენიმე სწრაფი დარტყმის შემდეგ ჯონ ქუნიმ დრო იხელთა ანგარიში 12:0 გახადა.
კიდევ ოთხ წუთში “მზარდმა ირლანდიამ” სწრაფი შეტევა წამოიწყო, მიმყოლებმა წამითაც არ დაიგვიანეს და ქიან ქელეჰერი ლელოში მარჯვნიდან შეიჭრა, ხოლო სქენელიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ამის შემდეგ ურუგვაიმ თითქოს გაათანაბრა თამაში, მაგრამ კლასში სხვაობა თვალსაჩინო იყო და ტაიმის ბოლოს ირლანდიელებმა მეოთხე, პრემიალური ლელო მიითვალეს: ურუგვაის შერკინება ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა და საჯარიმო ლელომ არ დააყოვნა. სქენელიმ გარდასახვით 26:0 დააფიქსურა და ორ მატჩში 120 წუთის თამაშის შემდეგ, ირლანდიელებს 51 გატანილი ქულის წილ ერთიც არ ჰქონდა მიღებული!
“მზარდი იტალიისა” და “მზარდი ირლანდიის” თამაშის მსგავსად, მეორე ტაიმი მძიმე გამოდგა. ურუგვაი უპირატესობას ფლობდა და მეტოქის 22-შიც გვარიანი დრო გაატარა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. და მაინც, ამდენმა ჯაფამ შედეგი გამოიღო და 73-ე წუთზე უკვე ირლანდია დაისაჯა საჯარიმო ლელოთი, რასაც აგუსტინ ორმაეჩეამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ეს ირლანდიამ მეტოქეს არ აპატია, თამაშს ოდნავ მოუმატა და ქელეჰერმა ხაზი გაჭრა, ლელო კი შეცვლაზე შესულმა ბენ მარშალმა მიითვალა და სქენელიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 33:7.
საქართველოსა და “მზარდი იტალიის” თამაშიც წუთიერი დუმილით დაიწყო. მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრები მოლის ჩაქცევისთვის დაჯარიმდა და კარლო კანამ 24 მეტრიდან ანგარიში გახსნა. მალე იტალიელები დაჯარიმდნენ რაქში და ლაშა მალაღურაძემ 43 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-11 წუთზე მან ფეხი გაიჭიმა, შესაცვლელი შეიქმნა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. მგეზავად გიორგი ტალახაძემ გადაინაცვლა, რომელსაც ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ახალგაზრდული ნაკრების შემდეგ არ უთამაშია და სავარაუდოდ, მისი ამპოზიციაზე თამაში ნაკრების ხელმძღვანელობაშიც არ განიხოლებოდა. გარდა ამისა, გამოგვაკლდა დამრტყმელი და შესვენებამდე ვაჟა ხუციშვილსა და გიორგი აფციაურს თითო ჯარიმა გაუცუდდათ.
მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა შექმნა, მაგრამ ლელომდე საქმე არ მივიდა. აქტიურობდნენ მურაზ გიორგაძე და საბა შუბითიძე, ტაიმის ბოლოს კი, უკვე იტალია იყო ვალდებული ლელო გაეტანა, მაგრამ მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და ტაიმი 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იტალიელებს კარგად ჰქონდათ დაწყობილი დაცვაში თამაში და რამდენჯერმე შეტვაში მყოფ ქართველებს უკან დაახევინეს, ფლანგზე ბურთის გაშლის შემთხვევაში კი, თავისუფალ ზონებს მალევე ავსებდნენ.
მეორე ტაიმი უკვე იტალიის იყო, რომლებმაც დებიუტშივე სალელოვედ შეუტიეს, მარჯვენა ფლანგზე ხაზი ფედერიკო რუძამ გაჭრა და ლელო არ გავიდა, მაგრამ კანამ არეკნით სტუმრები დააწინაურა. საქართველოს მალევე შეეძლო ღირსეული პასუხის გაცემა, ფლანგზე გიორგაძე გაიქცა, საპირისპირო ფლანგზე ბურთი რომ ჩათამაშდა ანტონ ფეიქრიშვილმა ალექსი ხუციშვილი დაგეზა, რომელიც ზედ ხაზზე შეაჩერეს და საბოლოოდ ეს ყველაფერი ჯარიმით დასრულდა. “ბორჯღალოსნებმა” შერკინება აიღეს და მეტოქე დაწრეს, მაგრამ ბექა ბიწაძემ მაიმც გაიტანა ბურთი და რამდენიმე მოკლე დარტყმას შედეგი არ მოყვა, არა ასეთ დროს ბურთის ფლანგებზე გაშლაც შეიძლებოდა.
საქართველომ შანსი ვერ გამოიყენა, იტალია უპირატესობას ფლობდა და ტაიმის შუაში ლელოც გაიტანა. ხაზი რომ გაიჭრა დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოასწრო, მიყოლამაც კარგად იმუშავა და სამი პასის შემდეგ მიზანს სიმონე მარინარომ უწია, ხოლო კანამ გარდასახვა გამოიყენა. მერე უხეში ბოჭვისთვის რეფერიმ ბექა გორგაძე გაასინბინა და კანამ დაახლოებით 39 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. 65-ე წუთზე “მზარდმა იტალიამ” მეტობა ლელოშიც ასახა, ქართველ მცველებს მარცხენა ფლანგზე ბოჭვები გაუცუდდათ, სტუმრებმამარჯვნივ მეტობა გამოიყენეს და მაკსიმე მბანდამ სხვაობა მიუღწეველი გახადა, მით უმეტეს, რომ გარდასახვაც ზუსტი იყო - 26:3.
და მაინც, საქართველოს ნაკრებმა გამონახა ძალა და ბოლომდე ითამაშა, ჯარიმების სწრაფად გათამაშების შემდეგ, ჩათვლის მოედნის სიახლოვეს რამდენიმე მოკლე დარტყმამ სტუმართა დაცვა მოარღვია და ანტონ ფეიქრიშვილმა პრესტიჟის ლელო გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
2015 წლის თბილისის თასი
II რაუნდი. 17 ივნისი
თბილისი. “ავჭალა”
მზარდი ირლანდია - ურუგვაი 33:7 (26:0)
ირლანდია: 15. პითერ ნელსონი, 14. ქიან ქელეჰერი, 13. ეოინ გრიფინი, 12. ნოელ რიდი, 11. მეთ ჰილი, 10. რორი სქენელი, 9. ჯონ ქუნი; 1. ჯეიმზ ქრონინი, 2. დევიდ ჰეფერნანი, 3. სთივენ არჩერი, 4. ენდრიუ ბრაუნი, 5. ბილი ჰოლანდი, 6. რის რადოქი (კაპ.), 7. ფრენქ თეგართი, 8. ეოგან მასთერსონი.
სათადარიგოები: 16. რობ ჰერინგი, 17. დენის ბაქლი, 18. ენდრიუ ვორიქი, 19. ბენ მარშალი, 20. დენ ლივი, 21. ჯექ ქონანი; 22. ლუქ მაკ’გრასი, 23. ჯონ ჰანრაჰანი.
ურუგვაი: 15. ხერონიმო ეჩევერი, 14. ლეანდრო ლეივასი (კაპ.), 13. ხოაკინ პრადა, 12. ანდრეს ვილასეკა, 11. სანტიაგო ჟივერნო, 10. ალეხო დურანი, 9. აგუსტინ ორმაეჩეა; 1. მატეო სანგინეტი, 2. ხერმან კესლერი, 3. კარლოს არვოლეჟა, 4. ფრანკო ლამანა, 5. მატიას პალომეკე, 6. აგუსტინ ალონსო, 7. დიეგო მანიო, 8. ალეხანდრო ნიეტო.
სათადარიგოები: 16. ნიკოლას კლაპენბახი, 17. მარიო საგარიო, 18. ალეხო კორალი, 19. სანტიაგო ვილასეკა, 20. ფერნანდო ბასკუ, 21. მატიას ბრაუნი, 22. მანუელ ბლენხიო, 23. ალბერტო რომანი.
რეფერი: მარიუს მიტრეა (იტა)
კიდეებზე: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე
საქართველო - მზარდი იტალია 10:26 (3:3)
საქართველო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურაზ გიორგაძე, 13. გიორგი ტალახაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. ანტონ ფეიქრიშვილი, 2. სიმონ მაისურაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. ლევან დათუნაშვილი (კაპ.), 5. გიორგი ჩხაიძე, 6. საბა შუბითიძე, 7. ბექა გორგაძე, 8. ბექა ბიწაძე.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. არჩილ ბეჟიაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ბექა წიკლაური.
იტალია: 15. ალბერტო კიეზა (კაპ.), 14. ფილიპო გვარდუჩი, 13. ჯოვანი ბენვენუტი, 12. რობერტო კვარტაროლი, 11. გაბრიელე დი’ჯულიო, 10. კარლო კანა, 9. სიმონე მარინარო, 1. ფედერიკო ძანი, 2. ოლივიერო ფაბიანი, 3. ჯუზეპე დი’სტეფანო, 4. ფედერიკო რუძა, 5. ფილიპო ჯეროზა, 6. სებასტიან ნეგრი, 7. ემილიანო კაფინი, 8. მაკსიმე მბანდა.
სათადარიგოები: 16. ლუკა ბიჯი, 17. ლაერტ ნაკა, 18. პიეტრო ჩეკარელი, 19. ალესიო ზდრილიჩი, 20. მირკო ამენტა, 25. მატეო კორაძი; 21. სიმონე პარიზოტო, 22. კრისტიან ბეჩერა.
რეფერი: მორის ფან’დერ ვესტ’ჰეიზენი (სამხრეთ აფრიკა)
კიდეებზე: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი
მზარდი ირლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 58-7 | 10 |
მზარდი იტალია | 2 | 1 | 0 | 1 | 26-35 | 4 |
საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 29-36 | 4 |
ურუგვაი | 2 | 0 | 0 | 2 | 17-52 | 0 |
III ტური. 21 ივნისი
ურუგვაი - მზარდი იტალია
საქართველო - მზარდი ირლანდია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია