ზე-18

22:47 | 20.03.2016 | ნანახია 1102 - ჯერ

„ბრამბისის“ პირველი მარცხი [+ვიდეო]

სუპერ რაგბის მეოთხე ტურის გამორჩეული მატჩი გუშინ, კეიპ თაუნში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „სტორმერსმა“, რომელსაც ერთი მარცხი ჰქონდა, შინ დაუმარცხებელი, ავსტრალიური „ბრამბისი“ მიიღო და 31:11 იმარჯვა.

არადა, ბევრი, მათ შორის გავლენიანი გამოცემა planetrugby.com-ი გამარჯვებას „ბრამბისს“ უწინასწარმეტყველებდა. მასპინძელმა სამხრეთაფრიკელებმა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს, მათ განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაჩაგრეს მეტოქე.

პირველი ნახევარი „სტორმერსმა“ 9:5 მოიგო. მასპინძლების სამი ჯარიმის წილ ავსტრალიელებმა 29-ე წუთზე ლელო დადეს - კურიდრანმა ხაზი შესანიშნავად გაჭრა და მარჯვენა ფლანგზე ჰენრი სპეითს გადააწოდა, გარემარბმა დიდი სისწრაფე აკრიფა და ლელოში შეფრინდა, გარდასახვა არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმის პირველი ქულები სტუმრებმა მიითვალეს, მას შემდეგ რაც ლილიფანომ ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ქულათა სხვაობა ერთამდე დაიყვანა, როგორც აღმოჩნდა სტუმრებისთვის ეს მაქსიმუმი იყო.

55-ე წუთზე „სტორმერსის“ პირველი ლელო ვიხილეთ - „ბრამბისის“ ჩათვლის მოედანთან რაქი შეიქმნა, ჰავბეკმა ბურთი ხუთმეტრიან ხაზთან მდგომ საია კოლისის გაუტანა, რომლის შეჩერება ვეღარავინ შეძლო და გარდასახვაც ზუსტი იყო [16:8]. ოთხ წუთში ლილიფანომ ჯარიმა ზუსტად დაარტყა, ამის შემდეგ კი, სტუმართათვის კოშმარი დადგა - 64-ე წუთზე „ბრამბისის“ ჰუკერმა ჯოშუა მან-რიმ ჩხუბი ატეხა, მსაჯმა უმაღლესი ზომა გამოიყენა და წითელი ბარათი უჩვენა.

„სტორმერსმა“ 14 კაცით დარჩენილ მეტოქესთან გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, ჯერ ჯარიმა გაუტანა, შემდეგ ორი ლელოც დაუდო (ერთი გარდაუსახავი) და საბოლოო ანგარიში 31:11 დააფიქსირა.

საინტერესო მატჩი შედგა ბრისბეინშიც, სადაც ავსტრალიურმა „რედსმა“ ახალზელანდიურ „ბლუზს“ უმასპინძლა და ფრედ 25:25 ითამაშა. მატჩის ბოლოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მასპინძებს პირველი გამარჯვება უნდა ეზეიმათ წლევანდელ ზე რაგბიში, თუმცა ბოლო ხუთ წუთში ზელანდიელებმა ჯერ ლელოს დადება მოახერხეს და გარდასახეს, ხოლო უკანასკნელ წუთზე ჯარიმაც გამოსტყუეს მეტოქეს და ფრეს მაიღწიეს.

ოთხ მატჩში მესამე გამარჯვება იზეიმა სამხრეთაფრიკულმა „ლაიონსმა“, რომელმაც შინ თანამემამულე „ჩიტასი“ მიიღო და 39:22 სძლია. „ლომები“ მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, რაც ანგარიშშიც აისახებოდა. სტუმრებმა მხოლოდ მატჩის ბოლოსკენ მოახერხეს შეტევა და ორი ლელოს დადება, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

სუპერ რაგბის მეოთხე ტურის ბოლო მატჩი გვიან ღამით ბუენოს აირესში გაიმართა, „იაგუარებმა“ ახალზელანდიურ „ჩიფსს“ უმასპინძეს და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ - 77-ე წუთზე არგენტინელები 26:23 იგებდნენ, თუმცა „ჩიფსმა“ ხაზის მოთამაშეებით ბწყინვალე კომბინაცია მოაწყო და ლელოს დადება მოახერხა. ახალზელანდიური კლუბი ძალიან კარგ ფორმაშია და წლევანდელ ზე რაგბიში ყველაზე მეტი, 19 ლელო აქვს დადებული.

იაგუარსი - ჩიფსი 26:30

ლაიონსი - ჩიტასი 39:22

სტორმერსი - ბრამბისი 31:11

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082243