ამბები

15:05 | 14.06.2015 | ნანახია 2146 - ჯერ

კაცებმა მოიგეს, ქალებმა წააგეს

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატების ფიალას ნახევარფინალებში განსხვავებული შედეგები აჩვენეს.

საქართველოს კაცთა ნაკრებმა, ჯგუფურ ეტაპზე განცდილი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ევროპის გრან პრის მეორე, ლიონის ეტაპის მეორე სათამაშო დღის პირველ მატჩში რუმინეთი 12:7 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 კვირაში ქართველებმა რუმინელებს უკვე მესამედ მოუგეს (ორჯერ მოსკოვში, ერთხელ ლიონში).

ქართველებს აქამდე სამ თამაშში ორი ლელო ჰქონდათ გატანილი - ირაკლი სვანიძეს და იოსებ კიკვაძეს და მათ მონაგარი კიდევ თითო-თითო ლელოთი გაზარდეს. ანგარიში 1,40 წუთზე სვანიძემ გახსნა, რომელმაც დიდებულად ითამაშა, რუმინელებს ჩვენს ნახევარზე უცაბედი აჩქარებით ხაზი გაუჭრა, მერე ბოლო მცველს გაექცა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:0. მერე რუმინელებმა იმძლავრეს და ფეხით რომ ითამაშეს ორი შემტევით შევიწროებული კიკვაძე იძულებული გახდა ის თავის ჩათვლისმოედანში შეეტანა და დაემიწებინა.

რუმინეთმა 5-მეტრა შერკინებიდან ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, გარდასახვით კი, წინ გაიჭრა. ზემოთნახსენებ ეპიზოდს კიკვაძის შეცდომას ვერ დავარქმევთ, მაგრამ მან მოინდომა და ლიონის ტურნირზე მისი და სვანიძის დუეტმა კიდევ ერთი ლელო შექმნა - სვანიძემ ჩვენი 22-იდან ბურთი ფეხით ძლიერად მოიგერია, კიკვაძე მას კარგად მიყვა, წამოწეული მცველი ხელით ჩამოიშორა და ზედ შესვენების წინ ლელო ძელებსშუა დაამიწა. ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო - 12:7. მეორე ტაიმში დიდი ბრძოლა გაჩაღდა, საქართველოს ნაკრებმა თავი დაიცვა და ფიალას ფინალში ლიტვას შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში უელსი 31:5 დაამარცხა. ეს თამაში თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება და თუ კახა ალანიას შეგირდებმა იმარჯვეს, მოსკოვის ეტაპის მსგავსად 7-კაცა მე-9 ადგილზე გავა.

ფიალას ნახევარფინალში დამარცხდა ქართული 7-ქალა. ჯგუფურ ეტაპზე სამი მარცხის შემდეგ, ამჯერად გოგონებს უნგრეთმა 10:0 აჯობა. ახლა 7-ქალას XI ადგილისთვის მატჩი ელის და მეტოქედ კაცების დარად ლიტვა ეყოლება, ოღონდ ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის თამაშები სწორედ ლიტვაში, კაუნასში იმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.15212