საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის მეორე, ლიონის ეტაპის მეორე მატჩში საფრანგეთთან 5:38 დამარცხდა. თუ გავიხსენებთ, რომ ერთი კვირის წინ მოსკოვში ფრანგებმა 49:0 დაგვჯაბნეს, შედეგი წინაზე უკეთესია.
მთელი სათამაშო დროის განმავლობაში ტრიბუნაზე ფრანგების მხარდასაჭერად ორკესტრი უკრავდა და მარცხიც ფრანგული საბრძოლო ჰანგების ფონზე ვიწვნიეთ. პირველი ლელო მე-2 წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქე ფლანგზე გაიქცა და ნიკო აფციაურის ბოჭვა დაგვიანებული აღმოჩნდა - შემტევი ინერციით ლელოს მიწვდა. მერე ქართველებმა ბურთზე კონტროლი კი დაამყარეს, მაგრამ საკუთარ 22-ს თავი ვერ დააღწის და შეცდომის შემდეგ ლელო ძელებსშუა მივიღეთ. ტაიმის ბოლოს დერეფანი კი მოვიგეთ, მაგრამ ბურთს ვერ გავუფრთხილდით და ფრანგებმა საჩუქარი შეირგეს - 0:19.
მეორე ტაიმი რომ დაიწყო ბურთი დავკარგეთ და მასპინძლების სწრაფი კომბინაცია მეოთხე ლელოთი დასრულდა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯერი დადგა: ზურაბ ძნელაძემ ფეხით ითამაშა და ფრანგების 22-ში შევედით, იქ მეტოქე დაჯარიმდა, ირაკლი სვანიძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და მცველებს შორის გაძვრა - 5:26. ტაიმის ბოლოს ჩვენს 22-ში დავკარგეთ ბურთი და პირველი მიძალება კი შევაჩერეთ, მაგრამ ლელოს ვერ გადავრჩით, ხოლო თამაშის განახლების შემდეგ ფრანგებმა ბურთი წინ შეიგორეს, თავადვე აიღეს და დამატებულ წუთებზე მეექვსე ლელო გაიტანეს - 5:38 და თასის მეოთხედფინალში გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 18 საათზე იტალიის წინააღმდეგ გამართავს და შანსის შესანარჩუნებლად ის რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია