ამბები

13:45 | 13.06.2015 | ნანახია 2514 - ჯერ

ორივემ მარცხით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის მეორე, ლიონის ეტაპის პირველ მატჩში პორტუგალიასთან 5:26 დამარცხდა.

პორტუგალია, ევროპის 8-გზის ჩემპიონი 7-კაცა რაგბიში და მსოფლიო სერიების მუდმივი მონაწილე ჩვენზე ძლიერი რომაა არახალია. ქართველებმა ფაქტობრივად უბურთოდ ითამაშეს და ამაში “დამნაშავე” რეფერი და უნებლიე შეცდომებია. მსაჯმა მეორე ტაიმში ჯარიმის მუხლით გათამაშება და შერკინებაში ბურთის არასწორად შეგდება არ გვაპატია, რითაც დიდი წვალებით მოპოვებული ოვალი კვლავ პორტუგალიას დაუბრუნდა და რა გასაკვირია ასეთი შედეგი რომ დაფიქსირდა.

თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. მეტოქის პირველი მიძალება ქართველებმა აგრესიული დაცვით მოიგერიეს, მე-2 წუთზე კი, ახალგაზრდული ლელო გავიდა. ირაკლი სვანიძემ რთულ სიტუაციაში მიიღო ბურთი, მაგრამ შებოჭილმა წამის მეასედში ის უკვე იოსებ კიკვაძეს უპასა. ამას არც პორტუგალიელები ელოდნენ, 20-წლის ქართველმა მბოჭავი ხელით ჩამოიშორა, ხაზი გაჭრა ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:0. მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, პორტუგალიელთა ვეებერთელა შავკანიანმა მორაგბემ სამი მცველი ჩამოიშორა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო გარდასახვამ მეტოქე დააწინაურა.

ბურთი პორტუგალიის იყო, ქართველებმა ინდივიდუალური ბოჭვებისას შეცდომები გაუშვეს და ესტევესმა ერთხელაც გაჭრა ხაზი - 5:12 ზედ შესვენების წინ. მეორე ტაიმშიც ბურთი უმეტესად მეტოქის იყო და როცა მისი დაუფლება შევძელით, შეცდომების გამო მეტოქეს უბრძოლველად გადავულოცეთ. შედეგად, პორტუგალიამკიდევ ორი ლელო გაიტანა და 26:5 იმარჯვა. საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს მასპინძელ საფრანგეთთან გამართავს, რომელმაც პირველ შეხვედრაში იტალია 21:0 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის პირველ მატჩში დამარცხდა საქართველოს 7-ქალა ნაკრები. კაუნასში, ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გოგონები შვეიცარიას ეთამაშნენ და უქულოდ დარჩნენ, თავად კი 4 ლელო გაუშვეს და 0:20 დამარცხდნენ. გოგონები მომდევნო მატჩს ნორვეგიასთან ჩაატარებენ, რომელსაც რუმინეთმა 26:5 მოუგო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092959