ამბები

11:31 | 13.06.2015 | ნანახია 2478 - ჯერ

ნამიბიამ მარცხით დაიწყო, რუმინეთმა მოიგო

“თბილისის თასის” დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუმინეთში სტარტი აიღო ტრადიციულმა, ბუქარესტის თასის გათამაშებამ, რომელშიც რუმინეთის, ესპანეთის და ნამიბიის ეროვნულ გუნდებთან ერთად, არგენტინის “იაგუარები” მონაწილეობენ.

მსოფლიო თასის ჯუფურ ეტაპზე “ბორჯღალოსანთა” მეტოქე ნამიბია, პირველ მატჩში “იაგუარებს” ეთამაშა და ერთი ლელო გაიტანა, მაგრამ თავად ოთხი გაუშვა და 10:30 დამარცხდა. არგენტინელებს “პუმების” ლეგენდა ფელიპე კონტეპომი ავარჯიშებს და ეს მისი დებიუტი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. “იაგუარებმა” ბუქარესტში ჩაიყვანეს ახალგაზრდული გუნდი და მათ ითამაშეს სწრაფი და ლამაზი რაგბი, რომელმაც რუმინელი გულშემატკივარი ასიამოვნა.

სამხრეთამერიკელებმა მატჩის დებიუტში ჯარიმა ვერ გამოიყენეს,მაგრამმერე მეტოქე შერკინებაში დაჯაბნეს და ანგარიში გახსნეს. აფრიკელებმა შეძლეზ გადაჯგუფება და 24-ე წუთზე საპასუხო ლელო გაიტანეს, რთული პოზიციიდან გატანილი გარდასახვით კი, წონასწორობა აღადგინეს. არგენტინელები ჯარიმით დაწინაურდნენ და ნამიბიამ არეკნით ანგარიში კვლავ გაათანაბრა, მაგრამ “იაგუარები” უკეთ თამაშობდნენ და ტაიმის მიწურულს ლელო-გარდასახვით ახლა უკვე საბოლოოდ დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ტაიმში ნამობიას ქულების აღების რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში “იაგუარები” უკეთ თამაშობდა, მათ კიდევ ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანეს და 30:10 იმარჯვეს.

“თამაშით კმაყოფილი ვარ. ინიციატივას დავეუფლეთ და ვაკონტროლებდით თამაშს ჩვენზე უფროის მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდთან, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. ჩვენთან ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეები თამაშობენ და კმაყოფილი ვარ მათი გარჯით. იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს უმნიშვნელოა, რადგან ბურთით ხელში ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ” - თქვა ნამატჩევს კონტეპომმა.

“ტექნიკურად და ტაქტიკურად შეცდომები დავუშვუთ. გუნდში გვყავს ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც საერთაშორისო კარიერას ახლა იწყებენ, გამოცდილება აკლიათ და პატარ-პატარა შეცდომები დაუშვეს, რაც ჩვენმა მოწინააღმდეგემ კარგად გამოიყენა. მე მათ არ ვადანაშაულებ და არც გამართლებას ველი, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ. გვსურდა აჩქარებებით გვეთამაშა და ამან არ გაამართლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩავატარეთ კარგი თამაში და ვეცდებით შემდეგ შეხვედრაში უკეთესები ვიყოთ” - თქვა ნამიბიას კაპიტანმა ვან ლილმა.

მასპინძელმა რუმინეთმა ესპანეთი 35:9 დაამარცხა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ფლორიან ვლაიკუმ (566 ქულა) “მუხებს” 20 ქულა შესძინა. რუმინეთი ორი ჯარიმით დაწინაურდა და ესპანეთმა ერთი მე-14 წუთზე გაქვითა. ესპანელები თამაშის გაშლას ცდილობდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს ყველა მათი მიძალების ჩაქრობა. მერე ვლაიკუმ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 33-ე წუთზე ორიდან პირველი ლელო გავიდა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ტაიმი 16:3 დასრულდა. თამაში რომ განახლდა ესპანელებმაკიდევ ერთი საპასუხო ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ მერე მასპინძლებმა კიდევ 4 ჯარიმა, ერთი ლელო და გარდასახვა გაიტანეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს. რუმინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.

მეორე ტურში “იაგუარები” ესპანეთს ეთამაშება, ხოლო რუმინეთი ნამიბიას შეხვდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114284