ამბები

10:52 | 11.06.2015 | ნანახია 1533 - ჯერ

7-ქალას პერსპექტივები

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას სტამბოლის გავლით ლიტვაში, კაუნასში გაემგზავრა, სადაც ფინალში გასვლას და ელიტაში აღზევებას ეცდება.

ქართველ გოგონებს, რომელთაც მოსამზადებელ ეტაპზე 4 ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიის, ნორვეგიისა და რუმინეთის ნაკრებებთან მოუწევთ თამაში. მიზანი ფინალში გასვლა კია, მაგრამ პრიგრამა მინიმუმი ოთხეულში მოხვედრაა, რათა გუნდმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე, პორტუგალიაში თამაშის უფლება მოიპოვოს.

სისტემა ისეთივეა, როგორც კაცთა 7-კაცაში. “ა” დივიზიონის 12 გუნდი სამ 4-გუნდა ჯგუფშია განაწილებული, პირველი დღის შემდეგ, რვა საუკეთესო მეოთხედფინალებიდან თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო 4 უარესი ბოლო 2 ადგილისთვის თავის დაღწევას ეცდება, რათა გაისად “ბ” დივიზიონში არ გავარდეს.

“მსოფლიო სპორტი” გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯაბა მალაღურაძეს განვლილ 4 ტურნირზე, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე და ზოგადად საქართველოში ქალთა რაგბიში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა

-7-ქალა ნაკრებს წლევანდელის მსგავსი მოსამზადებელი პერიოდი არასდროს ჰქონია. იქნებ მოგვიყვეთ, რა დონის ტურნირებში მიიღეთ ამ გაზაფხულს მონაწილეობა?

- წინა წლებთან შედარებით, წელს მზადება ყველაზე ადრე დავიწყეთ. შარშან დეკემბერში, დუბაის ტურნირის შემდეგ, გოგოები საახალწლოდ დავითხოვეთ და იანვრიდან შევუდექით მზადებას. თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ოთხ ტურნირში მივიღებდით მონაწილეობას - ათენის (საბერძნეთი), გენტის (ბელგია), ნანსის (საფრანგეთი) და ამსტერდამის (ჰოლანდია). ყველა მათგანს თავისი დატვირთვა ჰქონდა.

ათენის ტურნირი, რომელიც პირველი იყო, სიძლიერით შედარებით სუსტი იყო. შედეგად, ჩვენ ათენის ტურნირის თასი მოვიგეთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის, ასევე გოგონებისთვის. საქმე ისაა, რომ აქამდე ფინალშიც კი არასდროს გვითამაშია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ 10-10 წუთიანი ტაიმები ითამაშეს და ფიზიკურად ცოტა გაუჭირდათ. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში გამონახეს ძალა, მეორე ნახევარში დავალებები შეასრულეს და თასიც დამსახურებულად მოიგეს. ფსიქოლოგიურად ეს მნიშვნელოვანი იყო. დაძლიეს ემოციები, გაუძლეს წნეხს და დაუფასდათ შრომა პირველი მოპოვებული ჯილდოთი.

შემდეგ იყო გენტის ტურნირი, რომელიც ჩემის აზრით ერთ-ერთი ყველაზე რთული ტურნირია. იქ თამაშობდნენ ტოპ 12-ის გუნდები - ჰოლანდიის და გერმანიის ნაკრები, ასევე ფრანგული კლუბები. ეს გუნდები ამ ტურნირის მეშვეობით ემზადებიან მსოფლიო რაგბის მსოფლიო სერიებისთვის და თამაშობენ მაქსიმალური დატვირთვით. გოგონებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს. ჰოლანდია ტურნირზე ორ ჯგუფად იყო წარმოდგენილი და ჩვენ იმ გუნდს მოვუგეთ, რომელიც უფრო ძლიერად იყო მიჩნეული. ფინალამდე მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ და ისიც ჩემი ბრალი იყო. რადგან ამ ტურნირს მოსამზადებელი ხასიათი ჰქონდა, მთელი ტაიმი და კიდევ 2 წუთი გამოუცდელი გოგონები ვათამაშე. მაგრამ ესეც კარგი იყო. 7-კაცა რაგბიში, სადაც სულ რაღაც საათნახევარში მეორე თამაში გიწევს, მარცხის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხვიდე გონს და ასევე სწრაფად დაივიწყო სახელოვანი გამარჯვებაც. გენტშიც შეძლეს გოგონებმა წაგებული თამაშის შემდეგ მობილიზება, გავედით ფინალში და იქ ისევ ჰოლანდიას შევხვდით, ოღონდ ამჯერად მწვრთნელმა ამ ქვეყნის ორი გუნდი გააერთიანა და საუკეთესოებით გვეთამაშა. სამწუხაროდ დავმარცხდით და ბელგიაში მეორე ადგილს დავჯერდით. და მაინც, წინა წელს რომ შევადაროთ, გენტის ტურნირზე შარშან 20-ქულიანი წაგება კარგ შედეგად ითვლებოდა, ახლა კი, იმავე ტოპ 12-ის წევრ გერმანიას მოვუგეთ.

ნანსის ტურნირზე მიზეზების გამო მხოლოდ წინა დღეს ჩავედით, მგზავრობით გადაღლილმა გოგონებმა მობილიზება ვერ შეძლეს და პირველ დღეს თამაშები წააგეს. ვერ ვიტყვი, რომ იქ ჩვენზე ძლიერი გუნდები თამაშობდნენ, მაგრამ ტურნირში ჩართვა ვერ შევძელით, იგრძნობოდა დაღლილობა და ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. 7-კაცაში კი, სათამაშო დრო მცირეა და შეცდომების გამოსწორება ხშირად ვერ ხერხდება. სამაგიეროდ, მეორე დღეს, ქვედა ადგილებისთვის შეხვედრებში, სწორედ იმ გუნდებს ვაჯობეთ, რომლებმაც პირველ დღეს დაგვამარცხეს და ნანსიში ფიალა მოვიგეთ.

საფრანგეთში ერთი კვირა დავრჩით, დავისვენეთ, ვივარჯიშეთ და პირდაპირ იქიდან ჩავედით ამსტერდამის ტურნირზე სათამაშოდ. იქ იყო თავმოყრილი ძალიან ძლიერი შემადგენლობა, კანადის ნაკრების,ინგლისური კლუბი “სუზი”, რომელიც 15-კაცა რაგბის თამაშობს და ყავდა ფიზიკურად ძალიან ძლიერი, გამოცდილი გოგონები. აქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. კანადას, რომელმაც თამაშების უმრავლესობა იოლად მოიგო, ჩვენთან გაუჭირდა. მთლიანობაში, ეს ოთხივე ტურნირი იყო მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის და ის გამოდგა ძალიან ნაყოფიერი. ვეთამაშეთ ძლიერ გუნდებს, გვქონდა წაგებები და პრობლემები, რომლებიც მენტალურად გაძლიერებაში დაგვეხმარა. იყო სიხარული და დადებითი ემოცია.

-იყო დრო, როდესაც 7-ქალა ნაკრების მწვრთნელებს ოფიციალური თამაშებისთვის 12-კაციანი განაცხადის შევსება უჭირდათ. ახლა როგორაა ამ კუთხით საქმე?

- ჩემი წინამორბედები, ზურაბ დუგლაძე და პალიკო ჯიმშელაძე ევროპის ჩემპიონატზე 11 მოთამაშითაც წასულან, რადგან მეტი მორაგბე გოგონა ფიზიკურად არ იყო. ალბათ, წარმატებებმა განაპირობა ის, რომ ქალთა რაგბიც გახდა უფრო პოპულარული. ყველა მწვრთნელის სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი მოთამაშიდან გააკეთოს არჩევანი, თუმცა, ახლა გუნდის შევსების პრობლემა აღარაა. მხოლოდ თბილისში ნაკრებში 25 გოგონა ვარჯიშობს. გარდა ამისა ქალთა გუნდები ჰყავთ რუსთავში, ქუთაისში, ლანჩხუთში, რომელიც ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და მერე რაგბი მოეწონათ. სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქს ჰყავს გუნდი და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. როდესაც ბავშვთა მწვრთნელები სკოლებში დადიან, გოგონები ბიჭებზე მეტად აქტიურობენ და ეს მათი რაოდენობის ზრდის წინაპირობაა, რაც სამომავლოდ მეტი წარმატების იმედს იძლევა.

- წელს მოსამზადებელ ეტაპზე რამდენი გოგონა გამოსცადეთ?

- მწვრთნელისთვის სამწუხაროდ ორი მოთამაშე დამაკლდა. ნაკრების ორი წევრი დაოჯახდა და ჩვენთან აღარ არიან. მათ ადგილებზე ყველა ტურნირზე ახალ-ახალ მოთამაშეებს ვცდიდი. ამ ოთხ ტურნირში ჯამში 20 გოგონა გამოვცადეთ.

- წლის მთავარ ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე ოპტიმალური შემადგენლობით მიდიხართ?

- დღესდღეობით აღარავინ გვაკლია და ჩემი და გიორგი მაისურაძის ხედვით, კაუნასში ოპტიმალური შემადგენლობით მივდივართ.

- რა იცით ჯგუფის მეტოქეების შესახებ?

- რუმინეთს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს და მან ნანსის ტურნირი მოიგო; შვეიცარიასთან ნათამაშები ვართ და ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და გამოცდილი გოგონები ჰყავთ და ნორვეგია, რომელიც შარშან ამოვიდა “ა” ჯგუფში და შეძლო ადგილის შენარჩუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცებზე ძლიერი აღმოჩნდა და ჰქონდათ წელიწადი, რომ პროგრესი განეცადათ. ზუსტად ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატზე იოლი თამაშები არ გვექნება.

- როგორია თქვენი მიზანი ამ ევროპის ჩემპიონატზე?

- თუ შარშან მხოლოდ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაზე ვფიქრობდით, წელს გვინდა ფინალი ვითამაშოთ. სულ ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კაუნასში ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი 16 ივლისს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში, პორტუგალიაში ითამაშებს და მინიმუმი ამ ოთხეულში მოხვედრაა. მაქსიმუმი რაღა თქმა უნდა ჩემპიონობაა, მაგრამ ფინალში გასვლითაც კმაყოფილი ვიქნებით, რადგან ამით ტოპ 12-ის საგზურს გავინაღდებთ.

- ჯგუფის მეტოქეებიდან წელს ვინმეს თუ ეთამაშეთ?

- ვეთამაშეთ რუმინეთს და 2 ქულით დავმარცხდით, მაგრამ იყო ერთი კურიოზული მომენტი. ბელა გოგსაძეს აერია ჩათვლის მოედანი და ბურთი 5 მეტრით აქეთ დაამიწა. გარდა ამისა, თამაშის დასაწყისში ბავშვური ლელო გავუშვით. მათთან მოგება შესაძლებელია და ამას კაუნასში ვეცდებით.

- ზოგადად ქალთა რაგბის სამომავლო გეგმები როგორია?

- რაგბი ევროპაში საქართველოს რაგბის კავშირმა უკვე გააგზავნა წერილი, რომ მზად ვართ ჩავერთოთ 15-ქალას ევროპის ჩემპიონატში. იქ ორი დივიზიონია და ახლა ველით პასუხს, რომელში მოგვიწევს მონაწილეობა. მთლიანობაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს და კარგიც იქნება თუ ჯერ ქვედა დივიზიონით დავიწყებთ. სამაგიეროდ, მეტ გოგონას მიეცემა იმის შანსი, რომ ითამაშოს რაგბი და მოირგოს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მაისური. თუ 7-კაცაში ტურნირზე მხოლოდ 12 მოთამაშის წაყვანა შეგვიძლია, ამ შემთხვევაში უკვე გუნდში 23 მოთამაშე მოხვდება.

საქართველოს 7-ქალა ნაკრები: ანა პოღოსიანი (კაპ.), ანა კვაჭაძე, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, ნინო ტაბატაძე, ანა ანდღულაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნინო ელოშვილი, ქეთევან მოდებაძე, ბელა გოგსაძე, შორენა გამსახურდია, ნათია ცინცქილაძე.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ევროპის ჩემპიონატი 7-ქალა რაგბიში

“ა” დივიზიონი. კაუნასი (ლიტვა). 13-14 ივნისი

ა ჯგუფი

ბელგია

ფინეთი

ჩეხეთი

ლიტვა

ბ ჯგუფი

შვედეთი

მოლდოვა

პოლონეთი

უნგრეთი

გ ჯგუფი

რუმინეთი

საქართველო

შვეიცარია

ნორვეგია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102251