ამბები

17:09 | 7.06.2015 | ნანახია 2143 - ჯერ

შვიდკაცა მოსკოვიდან ფიალით მოდის

საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მოსკოვის ეტაპზე ორი საწყისი მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და თბილისში მეცხრე ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდოთი, ფიალით მოდის.

IX ადგილის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგია იყო, რომელიც რუმინეთზე ბევრად სწრაფ რაგბის თამაშობდა და უკეთესი გუნდი იყო. ანგარიში სწორედ ბელგიელებმა, მე-2 წუთზე გახსნეს. თავის სისწრაფეში დარწმუნებულმა ბელგიელმა ბურთი ფეხით გადაკიდა, თავადვე აიღო და მიუხედავად იმისა, რომ ლელოდან ორიოდე მეტრში დიმიტრი კალანდაძემ შებოჭა, ინერციით მიზანს მაინც უწია. გარდასახვა ზუსტი იყო – 0:7. საქართველომ კარგი შეტევით უპასუხა, ბიძინა სამხარაძემ მცველები პასის ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ორთა შორის გაძვრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო კალანდაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა – 7:7.

მალე საქართველოს დაწინაურებაც შეეძლო - კარგი დერეფნის შემდეგ ალექსი ხუციშვილმა ხაზი გაჭრა, მაგრამ ზურაბ ძნელაძეზე პასმა არ ივარგა. პირველი ტაიმის დრო უკვე ამოწურული იყო ბელგია ცენტრთან რომ დაჯარიმდა, საქართველომ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, გრძელი პასი ირაკლი გეგენავამ მიიღო და ლელომდე 50 მეტრი ირბინა, ხოლო ბახვა კობახიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა - 14:7.

მეორე ტაიმი რთული გამოდგა. ბელგიამ სწრაფად შეძლო ჩამორჩენის შემცირება. მეტოქე ფლანგზე გაიქცა, ბოჭვა გაფუჭდა და ერთადერთი კარგი ის იყო, რომ ლელო ცენტრში არ გავიდა, რის გამოც გარდასახვა არაზუსტი იყო და საქართველომ 2-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა – 14:12. ამან ჩვენი ნაკრები არია, ცუდი პასების ერთმანეთს მიება და ლელოს სასწაულებრივად გადავურჩით, მაგრამ ბურთის უაზროდ მოსროლამ 5-მეტრა შერკინებამდე მიგვიყვანა. იქიდან ბელგიელებმა ცუდად გაიტანეს ბურთი, მაგრამ ბახვა კობახიძე უბურთოს მეტოქეს ეთამაშა და 2 წუთით კაცნაკლული დავრჩით.

ამის შემდეგ მსაჯმა “აურია” და ისედაც კაცნაკლული ქართველები ორჯერ უმიზეზოდ დააჯარიმა, მაგრამ ბიჭებმა 5 მეტრში თავი მაინც დაიცვეს, მერე მეტოქეს ბურთი აართვეს და ფეხით მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა ბურთი შეინარჩუნა, მატჩის დამასრულებელი გონგის შემდეგ ის გვერდით ხაზს იქით გადაიტანა და IX ადგილის დაკავებით, გუნდის კაპიტანმა გეგენავამ ფიალა შემართა.

მომავალ შაბათ-კვირას საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრან პრის მეორე, ლიონის ეტაპში ჩაებმება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087076