საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპის მეორე დღის პირველ მატჩში, IX ადგილის ნახევარფინალში რუმინეთი 15:7 დაამარცხა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, გუშინ,ქართველებმა ასევე რუმინელებს 24:14 მოუგეს. ამჯერად პირველი ტაიმი არეული გამოდგა, ორივე გუნდის მორაგბეებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს და თითქმის 7 წუთი ტყუილად ირბინეს, სულ ბოლოს კი, კონტაქტში შესული ზურაბ ძნელაძე ფეხზე დარჩა და ბურთი ირაკლი გეგენავას გააყოლა, რომელმაც სისწრაფეში ბოლო მცველი ჩამოიშორა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:0.
მეორეს ტაიმის დასაწყისში ქართველებმა თავისი ლელოდან ხელდახელ უტიეს და სივრცეები უკეთ რომ გამოეყენებინათ, სწრაფი ლელოც გავიდოდა. მაგრამ, რადგან ასე არ მოხდა, რუმინეთი ორჯერ დაჯარიმდა და თითქმის ორწუთიანი შეტევა მარცხენა ალამთან ლელოთი დასრულდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა - სულ ბოლოს წინ პასი იყოო. ლელო მაინც გავიდა, რადგან შერკინებაში რუმინეთი დაჯარიმდა, ბიძინა სამხარაძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და მცველს გადაუარა - 10:0.
გეგენავას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მესამე მცველს ვეღარ გაექცა, ამას მალე კიდევ ერთი შეცდომა მოყვა, რუმინელმა პასი ჩაჭრა და ძელებსშუა გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა - 7:10. მეტოქეს მოგების იმედი გაუჩნდა, მაგრამ დარჩენილი 1 წუთი ბურთი სულ ქართველებს ჰქონდათ, სამხარაძემ ხაზი გაჭრა და რადგან გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, საქართველომ 15:7 იმარჯვა.
IX ადგილს ქართველებს ბელგია შეეცილება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში იტალია 26:12 დაამარცხა. თამაში თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია