ამბები

19:00 | 6.06.2015 | ნანახია 1696 - ჯერ

რუმინელთა ძლევამ ვერაფერი გვარგო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთი 24:14 დაამარცხა, მაგრამ უელსთან 12-ქულიანი (7:19) და საფრანგეთთან დიდი სხვაობით (0:49) მარცხის შემდეგ, ის საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა.

მატჩის დასაწყისში საქართველომ შეუტია, ზურაბ ძნელაძე ორ რუმინელს გაექცა და ლელო გაიტანა. შავლეგ მახარაშვილს გარდასახვა გაუცუდდა. პასუხად რუმინელებმა თავისივე ნახევრიდან ხელდახელ იარეს, ორჯერ დავჯარიმდით, მერე მოიერიშე ზედ კარის წინ ორ მცველს გაექცა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამან საქართველოს ნაკრები არია და შეცდომებმა იმატა. ჩვენი 22-იდან ვერაფრით რომ გავაღწიეთ, რუმინელმა ბიძინა სამხარაძეს გრძელი გადაცემა ჩაუჭრა და ცენტრში მეორე ლელო გავიდა - 5:14. სიჩქარეს კიდევ ერთი შეცდომა მოყვა, სამხარაძეს ამჯერად ცენტრთან ჩაუჭრეს გადაცემა, რუმინელმა ბურთს ფეხი ძლიერად წაკრა და ის მოედანს გასცდა. 22-იდან შეტევის დაწყების მცდელობას კვლავ შეცდომა მოყვა, მაგრამ ამჯერად ლელოს გადავრჩით.

მეორე ტაიმში მეტოქე ჯარიმის სწრაფად გათამაშებაში ხელს რომ გვიშლიდა სინბინით დაისაჯა და მეტობა ქართველებმა კარგად გამოიყენეს. პირველ ჯერზე შეტევა ფლანგზე გაიშალა და ლელო მახარაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორედ ირაკლი გეგენავამ სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და ორი რუმინელის მცდელობის მიუხედავად ლელოს გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა - 17:14. ქართველებს დიდი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ, უპირატესობას სრულად ფლობდნენ და საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე საბა შიბუთიძემ მარცხენა ალამთან მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვა გამოიყენა. დრო კიდევ რჩებოდა, რუმინეთი ერთხელაც დარჩა კაცნაკლული, მაგრამ მორიგ ლელომდე სულ ცოტა დაგვაკლდა და 24:14-მა მოგებამ ვერ გვახეირა, რადგან ორ საუკეთესო მესამეადგილოსანში ვეღარ მოვხვდით და ხვალ მხოლოდ IX ადგილისთვის ვიბრძოლებთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083219