ამბები

16:15 | 4.06.2015 | ნანახია 2271 - ჯერ

სამი ცვლილება “მზარდ საქართველოში”

“მზარდი საქართველოს” შემადგენლობაში, რომელიც გუშინ უელსის “ქროშეიზ XV”-თან პირველ მატჩში 17:24 დამარცხდა, სერიის მეორე შეხვედრის წინ 3 ცვლილება განახორციელა, რაც ტრავმებითაა განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში “მზარდი საქართველოს” ერთბაშად 3 მორაგბე დაშავდა და მათ მოედანი საკაცით დატოვეს. ტრავმირებულების მდგომარეობა ასეთია - გუნდის კაპიტანმა, “ლოკომოტივის” მესამეხაზელმა გივი ბერიშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს კოჭი მოიტეხა. ექიმების თქმით, იგი ვარჯიშს სავარაუდოდ 5 თვეში დაიწყებს. გურამ შენგელიას (ჯიქები, გორი), რომელიც მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში კონტაქტისას დაშავდა, მძიმე ტვინის შერყევა აღმოაჩნდა და სამ კვირას დაისვენებს, ხოლო მგეზავ რეზი ჯინჭველაშვილს (აია, ქუთაისი), რომელიც ასევე შეცვლაზე შევიდა და დაშავდა, შედარებით მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს და ერთ კვირაში შეეძლება ვარჯიშის დაწყება.

სერიის მეორე შეხვედრისათვის “მზარდი საქართველოს” სამწვრთნელო შტაბმა 3 მორაგბეს უხმო - ყოფილ “ბორჯღალოსანს”, გამოცდილ უკანახაზელ ოთარ ბარკალაიას (“ლელო-სარასენსი”, თბილისი), მესამეხაზელ გიორგი ჭყოიძესა (“ლელო-სარასენსი”, თბილისი) და გიორგი მჭედლიშვილს (“ჯიქები”, გორი). გუნდს სერიის მეორე მატჩში ჯაბა ბრეგვაძე უკაპიტნებს, ხოლო სანდრო ქოიავა ვიცე-კაპიტანი იქნება.

მეორე შეხვედრა 6 ივნისს, კვლავ რუსთავის სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრის მსგავსად, დასწრება ამჯერადაც თავისუფალია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096107