ამბები

0:21 | 4.06.2015 | ნანახია 3708 - ჯერ

ქროშეიზმა პირველ ჯახში გვაჯობა

უელსური ქრეშეიზ XV პირველ მატჩში “მზარდ საქართველოზე” უკეთესი გუნდი იყო, დამსახურებულად გაიმარჯვა და კონკრეტულად იმ თამაშის შემხედვარე, ის უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებასაც იმსახურებდა.

სტუმართა გუნდი არ თამაშობდა რაღაც სასწაულ რაგბის, მაგრამ მისი მორაგბეები ქართველებს სჯობდნენ სისწრაფეში, უკეთესად შლიდნენ თამაშს და მეორე ტაიმში იმძლავრეს შერკინებასა და მოლში. მზარდ საქართველოს ეტყობოდა ნაუცბათევად რომ შეიკრიბა და შეთამაშების პრობლემა თვალსაჩინო იყო. გარდა ამისა, ისე ჩანდა, რომ ქართველები უელსელებზე უფრო მალე დაიღალნენ და უფრო მეტი ქართველი მორაგბე დაშავდა, მაგრამ ეს შესაძლოა ასაკობრივი სხვაობის შედეგიც იყოს, რადგან მზარდი საქართველოს საშუალო ასაკი 22-23 წელიწადი ეყო, სტუმრები კი, კაცთა გუნდით თამაშობდნენ და მშვენივრად იყვნენ მომზადებული ფიზიკურად.

და მაინც, ეს თამაში სიკეთის მომტანი უნდა იყოს იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც მსგავსი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაშის შანსი ხშირად არ ეძლევათ. ისინი უკეთ დაინახავდნენ საკუთარ შეცდომებს და გამოჩნდა პლიუსებიც. კარგად ითამაშა “ლასენის” მეორეხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა, რომელიც ჯანითაც არავის ჩამოუვარდებოდა, ბურთიც კარგად მიქონდა, რაქებშიც დაუღალავად იმუშავა და ბურთს ყველა დერეფანში დაეუფლა. ირაკლი სვანიძემ აჩვენა, რომ ჭკვინია მოთამაშეა, სისწრაფითაც არავის ჩამოუვარდება და ინდივიდუალური გარღვევით უელსელებს ლამაზი ლელოც გაუტანა.

რადგან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ჯაბა ბრეგვაძეზე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ამდენი ხნის უთამაშებლობა. დაახლოებით წელიწადნახევრიანი უქმობის შემდეგ, ძნელიცაა მისთვის განსაკუთრებული თამაში მოგვეთხოვა და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ის მალე შეძლებს სასურველ სათამაშო ფორმაში შესვლას. ასე კი, ჯაბა აშკარად დამძიმებული იყო და რიგ ეპიზოდში თამაშის ტონუსიც დაკარგა. ბევრი იშრომა სანდრო ქოიავამ, რომელსაც მატჩის ბოლოს თანაგუნდელებზე მეტი ენერგია შემორჩა, მაგრამ მთლიანობაში, გუნდს აკლდა შეკვრა და შეთამაშება და მარცხიც დიდწილად ამან განაპირობა.

თამაში სტუმრების აქტიურობით დაიწყო, უელსელები ბურთის გაშლას ცდილობდნენ და ფლანგებზე უპირატესობასაც ქმნიდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ქართველები თავდაუზოგავი ბოჭვებით სხარტი მეტოქეების შეკავებას ახერხებდნენ. ამით რომ არაფერი გამოვიდა, “ქროშეიზმა” მოლით სცადა ფონს გასვლა და საქართველოს ნაკრები კვლავ დადგა, მე-15 წუთზე კი, გერენტ ოდრისკოლმა ჯარიმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ უელსელებს დარტყმელები აშკარად არ უვარგოდათ. ტაიმის შუაში ბურთზე კონტროლი ქართველებმა დაამყარეს, ვაჟა ხუციშვილმა ფეხით გადაკიდა, ლევან გოგოლაშვილმა ფეხით დაბრუნებული ბურთი კარგად აიტანა, გიორგი ფრუიძემ ხაზი გაჭრა და ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა. მერე ჭეიშვილმა იარა მაგრად, ზურგზე ჩამოკიდებული ოთხი უელსელი დაახლოებით 15 მეტრი ატარა, სტუმრები საკუთარ 22-ში დაჯარიმდნენ და მამუკა ნინიძემ ანგარიში გახსნა.

“ქროშეიზმა” ზეიმი არ გვაცალა და თამაშის განახლებისთანავე ხელდახელ კარის პირდაპირ შეგვიტია, მიმყოლებმა ივარგეს, დაცვამ გადაწყობა ვერ მოახერხა და ტომ ჯეიმზმა ლელო, ხოლო დევიდ ლენგდონმა გარდასახვა გაიტანეს. ლელომ უელსელები კიდევ უფრო აათამაშა და ტემპს უმატეს, რასაც გივი ბერიშვილის ტრავმა მოყვა და ის საკაცით გაიყვანეს. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე იოსებ კიკვაძე ფლანგზე გაიქცა, ჭეიშვილმა და ქოიავამ მეტოქის 22-ში მოლით იარეს, უელსელები დაჯარიმდნენ, რასაც 5-მეტრა დერეფანი მოყვა და იქიდან ბრეგვაძემ ალამთან ლელო გაიტანა, მაგრამ მანამდე უელსელმა რეფერიმ თანამემამულეებს ჩაქცევაზე თამაში არ აპატია და საჯარიმო ლელოთი დასაჯა. ნინიძემ ზუსტად გარდასახა, თამაშის განახლების შემდეგ კი, ბრეგვაძე უბურთოსთან თამაშისთვის დაჯარიმდა, მაგრამ ლენგდონმა კარის წინ 35 მეტრიდან არაზუსტად დაარტყა და ტაიმი მზარდმა საქართველომ 10:7 მოიგო.

შესვენებისას საქართველოს ნაკრებში რამდენიმე შეცვლა განხორციელდა, მაგრამ რადგან შეცვლილ მორაგბეთა დიდი ნაწილი მერე მოედანს დაუბრუნდა, ოქმის წარმოებამ აზრი დაკარგა. მეორე ტაიმის დასაწყისში არეული თამაში გაჩაღდა და ირაკლი გეგენავა ორი მცველს გაექცა, მაგრამ ფეხით თამაშისას შეცდა. მერე ჭეიშვილი დაშავდა, მის ნაცვლად შესულმა გურამ შენგელიამ მოედანზე შესვლიდან დაახლოებით 10 წამში სახიფათოდ შეუტია, მაგრამ მეტოქის ზორბა გარემარბთან პირისპირ დარჩენილმა მისი გადათელა განიზრახა და კონტაქტისას ისე დაშავდა, რომ მოედნის დატოვება საკაცით მოუწია.

მერე ინიციატივას კვლავ სტუმრები დაეუფლნენ, რომელთაც თამაშის გაშლით არაფერი გამოუვიდათ, რადგან გადამწყვეტ მომენტებში ბურთი წინ უვარდებოდათ. სამაგიეროდ, მათ 5-მეტრა დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო გაიტანეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და 10:12. ქართველებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიჭრნენ წინ. სვანიძემ რაქიდან მიიღო ბურთი, თავად დაიძრა, ცრუმოძრაობით მცველები დააბნია და ხაზი სუფთად გაჭრა, ბოლო ორ მცველს სისწრაფეში ჩაუქროლა და ძელებსშუა შეგირდა. ნინიძემ გარდასახა - 17:12.

სამწუხაროდ, ეს უპირატესობა ძალიან ცოტა ხნით შენარჩუნდა. უელსელებმა ჯარიმა აუტში გადაუტანეს, იქიდან კვლავ მოლი ააგორეს და ახლა საქართველოს ნაკრები დაისაჯა ტექნიკური ლელოთი და გარდასახვაც ზუსტი იყო. მერე მიხეილ გაჩეჩილაძე სინბინით დაისაჯა, “ქროშეიზმა” სწრაფად ცვალა ფლანგები და საბოლოოდ დევიდ ლოქიარი ლელოში ალამთან შეხტა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, “მზარდ საქართველოს” ანგარიშის გათანაბრების იმედი მიეცა და თავისი ნახევრიდან ხელით უტია, მაგრამ მიზაბს ვერ მიაღწია, 17:24 დამარცხდა და 6 ივნისს რევანშის აღებას ეცდება.

ლევან მაისაშვილი: “ძალიან ბევრ კომპონენტში შეუთამაშებლობის გამო შეცდომები დავუშვით, რაც არ გვაპატია ჩვენმა მეტოქემ. ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც. ბევრი ტრავმები იყო, პირველივე ტაიმში მძიმე ტრავმა მიიღო გუნდის კაპიტანმა და ყველაფერმა ამ თამაშზე იქონია გავლენა. ვეცდებით შემდეგ თამაშში უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები”.

ირაკლი სვანიძე: “რთული მეტოქე, რომელიც სწრაფ, დინამიურ რაგბის თამაშობდა და ცოტა გაგვიჭირდა. შევეცდებით 6-ში უკეთ ვითამაშოთ”.

მზარდი საქართველო - ქროშეიზ XV (უელსი) 17:24 (10:7)

მზარდი საქართველო: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ირაკლი გეგენავა, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. მამუკა ნინიძე, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. არჩილ ბეჟიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. გივი ბერიშვილი, 7. დაჩი კოპაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. გიორგი თედორაძე, 17. ირაკლი მირცხულავა, 18. ზურაბ ჯულაყიძე, 19. გურამ შენგელია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე, 24. დავით პაპავაძე; 21. სანდრო მინდიაშვილი, 22. რეზი ჯინჭველაშვილი, 23. ირაკლი სვანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093791