3 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე “მზარდი საქართველო” უელსის “ქროშეიზ XV”-ს ეთამაშება, რომელიც შიდა პირველობის ნაკრებს წარმოადგენს და გუნდებმა მომავალი შეხვედრის ადგილზე კაპიტნის ვარჯიშები ჩაატარეს.
პირველი თამაში 19 საათზე იწყება, მანამდე კი, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ლევან მაისაშვილმა და ლუი თონქინმა, ასევე კაპიტნებმა გივი ბერიშვილმა და გევილ დევისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.
ლევან მაისაშვილი: “ამ თამაშისთვის მზადებაში ხელი გაურკვევლობამ შეგვიშალა. უელსიდან გვაცნობეს, რომ მათ 21-წლამდელთა ნაკრებით ჩვენს 21-წლამდელების გუნდით უნდა გვეთამაშა და ჩვენს მოთამაშეთა შერჩევა ამის გათვალისწინებით დავიწყეთ. ბირთვი ის გუნდი უნდა ყოფილიყო, რომელმაც პორტუგალიაში “ალაფაზე” ითამაშა და მეც ლისაბონში მიმავლინეს. მერე აღმოჩნდა, რომ უელსის კაცთა გუნდით ჩამოდიოდა, რაც პორტუგალიაში შევიტყვეთ და სელექციაშიც ცვლილება განხორციელდა, მაგრამ გუნდის მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა.
მართალია, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ მაინც ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის საშუალო ასაკიც 23 წელიწადია. არიან ეროვნული გუნდის მოთამაშეებიც, მაგალითად გივი ბერიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც რეაბილიტაცია დაასრულა და ახლა ჩვენთან ითამაშებს. შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა, რაც ტრავმებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ეროვნული გუნდის ზოგიერთ კანდიდატს დასვენების საშუალება მივეცით.
ბადრი ალხაზაშვილმა ვარჯიშზე კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც 10 დღე გაუცდება, შესაბამისად, ვერ დაგვეხმარება და მის ნაცვლად 20-წლამდელებიდან გიორგი თედორაძეს დავუძახეთ. ვერ დაგვეხმარება ოთარ გიორგაძე, რომელიც ტრავმის მოშუშებას ვერ ახერხებს და დავით პაპავაძეს ვუხმეთ. ტრავმა რამდენიმე ხაზის მოთამაშესაც აწუხებს, თუმცა, შემადგენლობა მაინც ოპტიმალურია.
ვუერთდებით გაეროს გენერალური მდივნის აქციას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ჩვენი თამაშიც ამ აქციას მიეძღვნება. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და მით უმეტეს ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. ჩვენი ვალია, რომ არ ვიყოთ გულგრილები ასეთი მოვლენების მიმართ. ამ ყველაფერთან რაგბის ფასეულობები პირდაპირ კავშირშია და თაობები ისე უნდა აღვზარდოთ, რომ მსგავსი აქციების გამართვა საჭირო აღარ გახდეს”.
გივი ბერიშვილი: “ცოტა დრო გვქონდა, თუმცა, ვფიქრობ, ხვალინდელი თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, რაც მწვრთნელების დამსახურებაა. მათ ისე დაგეგმეს ვარჯიშები, რომ მცირე დროშიც კი, დიდი სამუშაო გავწიეთ. მომავალი თამაში იქნება დაძაბული. ჩვენს წინააღმდეგ გამოცდილი გუნდი ითამაშებს, რომელზეც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ თუ შევძელით მწვრთნელების მითითებების მოედანზე გადატანა, ყველაფერი კარგად იქნება. პირველად ვარ გუნდის კაპიტანი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოხარული ვარ ასეთი ნდობის და ვეცდები მწვრთნელების იმედები გავამართლო”.
ლუი თონქინი: “ჩვენი გუნდი იმავე პრინციპით კომპლექტდება, რომელი გუნდის წინააღმდეგაც თქვენ უელსში ითამაშეთ, მაგრამ ეს სულ სხვა კოლექტივია. ჩვენთან თამაშობენ უელსის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები და საქართველოშიც უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვედით. ჩვენ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და თამაშებს ვმართავთ. საქართველოში წამოსვლამდე უელსის 20-წლამდელთა ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. საქართველოს შესახებ საკმაო ინფორმაცია გვაქვს. ვნახეთ როგორც ეროვნული და “მზარდი საქართველოს” თამაშები, ასევე დავაკვირდით თქვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო თასის”ალაფაზე”. ვიცით, რომ ძლიერი შერკინება გყავთ და შემადგენლობაც ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ”.
გევილ დევისი: “ვნახეთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშები და ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველის. რაგბის მხოლოდ შერკინება არ თამაშობს, გვყავს უკანახაზელები, რომელთაც კარგი სარაგბო უნარები აქვთ და ვეცდებით მათ გამოყენებას”.
მზარდი საქართველოს სამატჩო რაზმი:
უკანა ხაზი [ბექები] | ||
15 | ლევან გოგოლაშვილი | ბოლნისის ყოჩები |
14 | ირაკლი გეგენავა | ბოლნისის ყოჩები |
13 | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის აია |
12 | გიორგი ტალახაძე | ლელო სარასენს |
11 | იოსებ კიკვაძე | ქუთაისის აია |
10 | მამუკა ნინიძე | გორის ჯიქი |
9 | ვაჟა ხუციშვილი | რუსთავის ხარები |
შერკინება [ფორვარდები] | ||
1 | არჩილ ბეჟიაშვილი | ლოკომოტივი |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ბოლნისის ყოჩები |
3 | ნიკოლოზ ხატიაშვილი | ორიაკ (სფრ) |
4 | ნოდარ ჭეიშვილი | ლა’სენ (სფრ) |
5 | სანდრო ქოიავა | ლელო სარასენს |
6 | გივი ბერიშვილი^კაპ | ლოკომოტივი |
7 | დაჩი კოპაძე | ლელო სარასენს |
8 | ვახტანგ ამირანაშვილი | არმაზი |
მარქაფა [სათადარიგოები] | ||
23 | ირაკლი სვანიძე | გორის ჯიქი |
22 | რეზი ჯინჭველაშვილი | ქუთაისის აია |
21 | სანდრო მინდიაშვილი | ლელო სარასენს |
16 | გიორგი თედორაძე | თიბიეს უნივერს |
17 | ირაკლი მირცხულავა | ტარბ (სფრ) |
18 | ზურაბ ჯულაყიძე | ლელო სარასენს |
19 | გურამ შენგელია | გორის ჯიქი |
20 | მიხეილ გაჩეჩილაძე | კარკერან (სფრ) |
24 | დავით პაპავაძე | გორის ჯიქი |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია