ამბები

21:33 | 31.05.2015 | ნანახია 2307 - ჯერ

„მისიონერების“ სტარტი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის “ლელოს” ვეტერან მორაგბეთა ინიციატივით სულ ცოტა ხნის წინ ვეტერან მორაგბეთა კლუბ “მისიონერებს” ჩაეყარა საფუძველი. გუნდში საქართველოს პირველი და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების ყოფილმა წევრებმა მოიყარეს თავი. გუნდის მწვრთნელები გიზო ურუშაძე და ზურაბ არჩვაძე არიან, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაშიც გამოდიოდნენ. კლუბის პრეზიდენტი და კაპიტანი კი “ლელოს” ყოფილი თავკაცი ბუკა კობეშავიძე გახლავთ.

ბუკა კობეშავიძე: „დაახლოებით თვეა, რაც შევიკრიბეთ და ვვარჯიშობთ. დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში და ჩვენს რეგიონში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში. ვგეგმავთ საქველმოქმედო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას. ვფიქრობ, საინტერესო გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებთ შემოდგომიდან მათ განხორციელებას შევძლებთ, რაშიც ჩვენი კლუბის სპონსორი შ.პ.ს. იმედის კლინიკის და საზოგადოების დახმარების იმედი გვაქვს“.

კვირას მისიონერებმა დიდი დიღმის ვისოლის სარაგბო მოედანზე პირველი ტესტი გამართეს. მათი მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე „დევების“ ვეტერანთა გუნდი გახლდათ. შეხვედრამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია. მატჩი, რომელიც ორი 30 წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, „მისიონერების“ გამარჯვებით დასრულდა 17:5.

გამარჯვებულთაგან ლელოს გატანა რეზო ჭანკვეტაძემ, თემურ ქობელაშვილმა და შაჰინ აივაზოვმა შეძლეს. ზუსტი გარდასახვა ირაკლი ჯალაღონიას ანგარიშზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089716