6 ერი

12:29 | 20.03.2016 | ნანახია 1108 - ჯერ

შოტლანდია უდისციპლინობამ შეიწირა

ექვსი ერის დასკვნით ტურში ირლანდიის ნაკრებმა კაცნაკლულ შოტლანდიას სამი ლელო გაუტანა და დაძაბულ ბრძოლაში 35:25 დაამარცხა.

ტურნირის ექს-ჩემპიონმა მეტოქეს ჯამში 4 ლელო გაუტანა, რასაც ჯონათან სექსტონმა 15 ქულა შემატა და ექვსი ერი ორი გამარჯვებით დაასრულა. ეს იყო ბრძოლა ცხრილის შუაში ადგილის დამკვიდრებისთვის და მამაცმა შოტლანდიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ამ დონეზე 10 წუთით კაცის დაკარგვა ძვირად ფასობს და ჯამში შედეგიც ლოგიკური დადგა. არადა, სქოთებს ბოლო 20 წელია ექვს ერზე სამი გამარჯვება არ უზეიმიათ, ახლა ამის შანსი ჰქონდათ, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ თეორიულად.

პირველ ტაიმში ირლანდიელების ბურთის ფლობა 81 პროცენტი იყო, მაგრამ შესვენებაზე მხოლოდ 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. პირველ მეოთხედში ჯონათან სექსტონის სამ ჯარიმას გრეიგ ლეიდლოუმ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა. ამ ჯარიმებში მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის, სექსტონმა რონან ოგარას შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩის პირველი ლელო მე-20 წუთზე გავიდა და ის სტუმრების ანგარიშზეა. ლელო სტიუარტ ჰოგის დამსახურებაა, რომელმაც ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის ნახევარზე დაიჭირა, რორი ბესტსა და მიკ როსს შორის მცირედი სივრცე შენიშნა, ცენტრში ხაზი რომ გაჭრა ამაჩქარებელი ჩართო და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჰოგი 2016 წლის ექვს ერზე საუკეთესო ფულ-ბეკი იყო და არა მხოლოდ ამ ერთი ლელოსთვის, რომელიც ლეიდლოუმ გარდასახა და შოტლანდია პირველად და უკანასკნელად მატჩში, 10:9 დაწინაურდა.

მაგრამ მალევე ჯონ ბარკლი სინბინით დაისაჯა და მისი უდისციპლინობა გუნდს 12 ქულად დაუჯდა. მასპინძლებმა მეტობა ქულებში 3 წუთში ასახეს, როდესაც რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, სტენდერი რაქს გადაევლო და მისი ლელო სექსტონმა გარდასახა, ხოლო 30-ე წუთზე სექსტონის ფეხით გადაკიდებული ბურთი ორმა მცველმა ვერ აიღო, ისინი ერთმანეთს შეასკდნენ, ამით კეიტ ირლსმა ისარგებლა და ლელო ალამთან გაიტანა. ტაიმის მიწურულს ლეიდლოუმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა - 21:13.

თამაში რომ განახლდა ირლანდიელმა მორკინალებმა მოკლე დარტყმებით შოტლანდიელთა დაცვის ზღუდე მოარღვიეს და რაქიდან ლელოში კონორ მარეი გადახტა. მაგრამ შოტლანდია დანებებას არ აპირებდა, 55-ე წუთზე ზედ კარის წინ სივრცე შეიქმნა, რიჩი გრეიმაც დროული გადაცემა მიიღო და ხაზი იოლად გაჭრა, ხოლო ლეიდლოუმ ჩამორჩენა კვლავ 8 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ ალექს დანბარი მალე სინბინით დაისაჯა, მასპინძლებმა მეტობა დევინ ტონერის ლელოში ასახეს და სექსტონმაც გარდასახა. დანბარი თამაშში რომ დაბრუნდა ლელო გაიტანა, სტუმრებმა ხელის წარტყმით ბურთი მარჯვენა ფლანგამდე ჩაათამაშეს და მცველებმა გადაწყობა ვეღარ მოასწრეს, მაგრამ ეს 78-ე წუთზე მოხდა, დრო აღარ დარჩა და ირლანდიამაც ჯამში დამსახურებულად, 35:25 იმარჯვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095892