საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ტულონის” მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, “ბარბაროსების” შემადგენლობაში ირლანდიის წინააღმდეგ მთელი 80 წუთი გმირულად იბრძოლა და გუნდს 22:21 მოგებაში დაეხმარა.
23 წლის ქართველი აქტიური იყო, დაუღალავად იშრომა რაქებსა თუ მოლებში და უზარმაზარი შავი სამუშაო შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 32-ე წუთზე ჯერ იან მადიგანმა და მერე ჯეკ მაკგრეტმა კოტეს ზურგში ზედიზედ ორი მძიმე დარტყმა მიაყენეს, მიქაუტაძეს მაშინაც და მერეც რამდენჯერმე დაჭირდა ექიმების დახმარება, მაგრამ რადგან მანამდე “ბარბაროსების” კიდევ ერთი მეორეხაზელი როდრიგო კაპო ორტეგა დაშავდა და შეცვალეს, ქართველმა ტკივილს გაუძლო და ბოლომდე ითამაშა. იმ ეპიზოდში, საკუთარ 22-ში, მიქაუტაძემ მაგრად ითამაშა მოლში და მეტოქეს ბურთი აართვა, რასაც ეს ორი დარტყმა მოჰყვა და რეფერიმ მაკგრეტი სინბინით დასაჯა.
საქმე ამით არ დასრულებულა. ამ ეპიზოდს დიდი განხილვა მოჰყვა და დიდია ალბათობა იმისა, რომ მაკგრეტი მსოფლიო თასს მიღმა დარჩეს. მადიგანმა ვითომ ბურთის გათავისუფლების მიზნით კოტეს ბუცის ქაცვები დაუსვა, ხოლო ირლანდიელმა ბურჯმა ქართველს ზურგში მუხლი მთელი ძალით ჩაარტყა და ახლა შესაძლოა 10-კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ესეც რომ არა, ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯო შმიდტი ამბობს, რომ ეპიზოდს კარგად განიხილავს, სიტუაციას გაანალიზებს და შესაძლოა, მაკგრეტი მსოფლიო თასზე მოთამაშეთა სიიდან თავად გამორიცხოს:
“ვნახე გამეორება, მაგრამ ახლა გამიჭირდება რამის თქმა. იმ წუთას ვფიქრობდი, რომ დანაშაულს მადიგანის ქმედებაში ეძებდნენ და მეც მას უფრო ვაკვირდებოდი და ამიტომ, მაკგრეტის საქციელს სათანადოდ ვერ დავაკვირდი. ეჭვგარეშეა, რომ ის ყვითელ ბარათს იმსახურებდა. ამ ეპიზოდს დაწვრილებით განვიხილავ და შესაძლოა, ამის გამო ის მსოფლიო თასზე წამსვლელთა სიაში ვერ მოხვდეს”.
საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კოტე თამაშის მეორე დღეს თავს კარგად გრძნობდა.
რაც შეეხება თამაშს, მაყურებელმა იხილა ლაღი, გახსნილი თამაში. “ბარბაროსების” არსებობის არსი სწორედ ამ სილაღეშია და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს შეუთამაშებლობა ეტყობოდა, მეტოქეს სამი ლელო მაინც გაუტანეს. ორი ლელო ალექს კატბერტის, ხოლო ერთი სეან კირხნერის ანგარიშზეა. ირლანდიამაც სამი ლელო გაიტანა და თავი კრეიგ გილროიმ, კრის ჰენრიმ და პედი ჯექსონმა გამოიჩინეს. მადიგანმა სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მათ შორის ერთი საფინალო სასტვენამდე 20 წამით ადრე კუთხიდან, არეკნის სტილში, რითაც ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. “ბარბაროსებმა” მეორე და მესამე გარდასახვა გამოიყენეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ცდუნებას ვერ გაუძლეს, ჯარიმიდან 3 ქულა აიღეს და მათი მინიმალური გამარჯვებაც ამ ჯარიმამ განაპირობა. 31 მაისს “ბარბაროსები” ინგლისს ეთამაშებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია