საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი იური ნატრიაშვილი, ამა წლის ივლის-ნოემბრში საფრანგეთის ერთ-ერთ გრანდში, “კლერმონში” ჯოკერის სტატუსით ითამაშებს.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის გუნდიდან, ქართველების ჩათვლით, თავ-თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში ინგლისში გასამართი მსოფლიო თასისთვის ათეულობით მორაგბე მიდის, კლუბის ხელმძღვანელობა მათ შემცვლელებს ეძებს და კვაჭის შემთხვევაში არჩევანი სწორედ 31 წლის ქართველზე შეაჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატრიაშვილი საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, 2011 წელს “ბრივმა” მასთან კონტრაქტი იმ პირობით გააფორმა, რომ “ბორჯღალოსნებს” მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიაში არ გაჰყვებოდა.
ნატრიაშვილის გარდა “კლერმონმა” მსგავსი პირობით და “ჯოკრის” სტატუსით “ლა როშელის” ფიჯელი შუამარბი ალბერტ ვულივულიც დაიმატა. მსოფლიო თასის პერიოდში საფრანგეთის Top 14-ში მთელი 7 ტური უნდა გაიმართოს და კლუბი დროებითი კონტრაქტით კიდევ რამდენიმე მორაგბის დამატებას გეგმავს. შესაძლოა, ნატრიაშვილმა, ან რომელიმე დამატებულმა მორაგბემ, ამ პერიოდში ისე წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, რომ “კლერმონში” კიდევ დიდი ხნით დარჩეს.
“ესენი არიან მოთამაშეები, რომელთაც ჩვენს ლიგაში თამაშის სოლიდური გამოცდილება აქვთ და გამოაჩინეს დიდი ენთუზიაზმი ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. ბედნიერები ვართ მათი დამატებით იმ პერიოდში, როდესაც ყველა ფრანგული კლუბი გასაჭირში იქნება. ახლა ამ პერიოდში ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მზად ვიქნებით”, - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჟან-მარკლერმემ და მას გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ აზემიც ეთანხმება.
“ვამაყობ იმით, რომ შევუერთდები “კლერმონს” და მის მაისურს ვატარებ ამ პერიოდის განმავლობაში. მოუთმენლად ველი გუნდთან შეერთებას, ვიმედოვნებ, მალე გავივლი ადაპტაციას და შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებ ამ 4 თვის განმავლობაში. მოხარული Top 14-ის ამბიციურ კლუბში მოხვედრით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო”, - თქვა ნატრიაშვილმა, რომელმაც გასული სეზონი ფედერალ 1-ის “ტულეში” გაატარა და ფორმაში შესვლის შემდეგ, 2015 წლის მარტში საქართველოს ნაკრებშიც დაბრუნდა, მაგრამ გუნდს მსოფლიო თასზე კვლავ დააკლდება...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია