საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის რაგბი ევროპის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები დიდი უპირატესობით - 38:9 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად, „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ შეინარჩუნა, რომელიც ამ გუნდებს შორის თამაშდება.
„ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეორე დონის გუნდებში ბადალი არ ჰყავთ და ამის შემდეგ, ივნისის ტესტებში ღირსეულად შეერკინებიან უფრო მაღალი რანგის ნაკრებებს, ისეთებს, როგორებიცაა ფიჯი, ტონგა და სამოა. წინ საკმაოდ რთული მატჩები გველის, მაგრამ worldrugby.ge-თან ინტერვიუში მორაგბეები ხაზს უსვამენ, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და ოკეანეთის ქვეყნებთან ღირსეულად იასპარეზებენ.
ლაშა ლომიძე: „რუმინეთთან გამარჯვებას ნამდვილად ველოდით, ვინაიდან კარგად ვიყავით მომზადებულნი. ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია 6 ერის გუნდებთან დაპირისპირება, უბრალოდ უნდა მოგვეცეს ამის შანსი. რაც შეეხება მომდევნო ტურს, რომელიც ივნისში გაიმართება, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს - სამოა, ფიჯი და ტონგა. იმედია, ტემპს არ დავაგდებთ და მოგებას გავაგრძელებთ“.
მერაბ კვირიკაშვილი: „კიდევ ერთხელ ავწიეთ „ანთიმოზ ივერიელის თასი“ და მინდა ვთქვა, რომ მოგებაზე მაგარი გრძნობა ძალიან იშვიათია ცხოვრებაში. ყველა ქართველს ვულოცავ ამ შედეგს და ვუსურვებ, რომ ასეთი გამარჯვება კიდევ ბევრჯერ განმეორდეს. რაც შეეხება ექვს ერს, არ ვიცი მზად ვართ თუ არა, მაგრამ ამ გუნდებს შორის თამაშის ამბიცია ნამდვილად გვაქვს!“.
გიორგი ნემსაძე: „დღევანდელ მატჩში კარგად წარმოვაჩინეთ ის, რაც თამაშამდე დავამუშავეთ. რუმინელები შეხვედრის წინ ფიქრობდნენ, რომ გაშლილ თამაშში უპირატესობას მოიპოვებდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე თითქმის ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. ყველაზე მეტად ის გვეამაყება, რომ ამდენი გულშემატკივარი მოვიდა მატჩზე და ჩვენი გამარჯვებით ხარობდა. რაც შეეხება ივნისში გასამართ მატჩებს, ვცდილობთ, რომ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშოთ. რთული პერიოდი ემთხვევა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში ფინალური მატჩების სერიაა და ვინც ამ გუნდებშია, რა თქმა უნდა, ისინი ნაკრებში ვერ დაგვეხმარებიან. მაგრამ ვეცდებით, რაც რუმინეთთან დაპირისპირებისას გავაკეთეთ, გადავიტანოთ მომდევნო შეხვედრებშიც და იქაც გამარჯვება მოვიპოვოთ“.
ბექა წიკლაური: „ვფიქრობ,დღევანდელი მატჩი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც 2016 წლის ერთა თასზე ვითამაშეთ. რუმინეთი დავამარცხეთ ისეთი სხვაობით, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ივნისში გასამართ თამაშებს, საუკეთესო ფორმაში ვხვდებით ამ მატჩებს და საუკეთესო შეხვედრებს ჩავატარებთ. ექვსი ერისთვის კი, ვფიქრობთ, რომ მზად ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ უკეთ უნდა მოვემზადოთ, რათა თუ მოგვეცა საშუალება, საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ ამ გუნდებს“.
ელენე ლომსაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
როგორც მსოფლიოს წინ ვემზადებოდით, ეგეთი მომზადება გვინდა და 1 თამაშს მინიმუმ მოვიგებთ გასვლაზე! აქ იაპონია და სამოა 100 % უნდა მოვუგოთ
თქვენ გენაცვალეთ ჩვენი გულების გახარებისთვის!
მზად ვართ 6 ერისთვის
იმედია არც კუნძულელებს ეყოლებათ უძლიერესი შემადგენლობები მსოფლიოზე ძლივს ახერხებენ ყველას შეკრებას და