ამბები

16:43 | 25.05.2015 | ნანახია 1450 - ჯერ

“ლილი” და “შამბერი” ელიტას მიუახლოვდნენ

საფრანგეთის მესამე, ნახევრადპროფესიული ფედერალ 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი თამაში დარჩა. გუშინ გაიმართა მეორე ელიტარული დივიზიონის, Pro D2-ის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები.

შეგახსენებთ, რომ ელიტა 2-ის საგზურს ფინალში გასული ორივე გუნდი იღებს, თუმცა, ფინალური მატჩი მაინც ჩატარდება და ფედერალ 1-ის გამარჯვებული გამოვლინდება. რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ თამაშებს, აქ მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმა”, რომელსაც დავით ბოლღაშვილი ავარჯიშებს, “ნევერი” 23:10 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები პირველ ჯგუფში ერთად თამაშობდნენ და რეგულარულ გათამაშებაში ორივე შეხვედრა “ნევერის” გამარჯვებით დასრულდა. პლეი ოფის ნახევარფინალში ჩხაიძემ სრულად ითამაშა. მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც “ლილმა” სამი ლელო გაიტანა და ტაიმი 20:3 მოიგო, ხოლო 42-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. “ლილი” შეხვედრის მიწურულს საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და პირველი თამაშის შემდეგ მისი უპირატესობა 13 ქულამდე დავიდა.

საბა ქართველიშვილის “შამბერმა” ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსს” 24:10 აჯობა. ქართველიშვილმა და ზაქაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს. პირველი ტაიმი ფრედ 7:7 დასრულდა, მაგრამ მერე “შამბერიმ” უპირატესობა მოიპოვა, კიდევ ორი ლელო გაიტანა და განმეორებითი მატჩის წინ 14-ქულიანი ფორა მოიპოვა. განმეორებითი შეხვედრები 31 მაისსაა დანიშნული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075794