ამბები

21:54 | 24.05.2015 | ნანახია 6380 - ჯერ

საქართველომ ალაფა მოიგო და ელიტაში აღზევდა

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები "მსოფლიო ალაფის” ფინალში კანადა 49:24 დაამარცხა და გაისად 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე, 12 ელიტარულ გუნდთან ერთად ითამაშებს.

შეხვედრამ ქართველთა სრული უპირატესობით ჩაიარა და “უმცროსი ბორჯღალოსნებს” გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. ქართველებმა პირველ ტაიმში 4 ლელო გაიტანეს. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა და მოლით ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მეორე ლელოც მოლს მოყვა და ამჯერად თავი გიორგი მელიქიძემ გამოიჩინა. 32-ე წუთზე ქართველებმა მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, ხელდახელ შეუტიეს და ლელო გიორგი კვესელაძემ გაიტანა, ხოლო კიდევ 3 წუთში დავით პაპავაძის აქტიურობის შემდეგ თავი თორნიკე ზოიძემ გამოიჩინა. რეზი ჯინჭველაშვილმა ორი გარდასახვა გამოიყენა - 24:0. ამის შემდეგ ქართველები მოეშვნენ და კანადამ ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა - 24:7 და ელიტამდე 40 წუთი რჩება.

მეორე ტაიმის დასაწყისში კანადა დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა, რაზეც კანადამ 3 წუთში ჯარიმითვე გვიპასუხა. მერე “ბორჯღალოსნები” ამოქმედდნენ და 48-ე წუთზე ლელო ანზორ სიჭინავამ მიითვალა, ხოლო 51-ე წუთზე კვესელაძემ დუბლი შეასრულა და ჯინჭველაშვილმა გარდასახვით ანგარიში 39:10 გახადა. კანადელებმა საპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ მერე ჯინჭველაშვილმა ითამაშა ბრწყინვალედ და ლელო-გარდასახვით “ბორჯღალოსნების” უპირატესობა 29 ქულამდე გაზარდა. კანადელებმა თავისი მესამე ლელო ტაიმის შუაში მიითვალეს, საბოლოო შედეგი კი 78-ე წუთზე, ჯარიმით დაფიქსირდა - 49:24.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079262