6 ერი

2:23 | 20.03.2016 | ნანახია 2286 - ჯერ

იტალიის მორიგი სირცხვილი

სერჟიო პარისე და მისი თანაგუნდელები შესაძლოა ამბობენ - ექვს ერში საქართველოს ადგილი არააო, მაგრამ ფაქტები აბსოლიტურად განსხვავებულზე მეტყველებს და ალბათ, თავად იტალიელებიც გულის სიღრმეში აღიარებენ, რომ მოცემულ მომენტში „ბორჯღალოსნები“ მათზე უკეთესები არიან.

ყოველ შემთხვევაში, წელს [და არა მარტო წელს] ისინი ექვს ერზე იმ ჯიუტი ბავშვებივით არიან გამოჩხირული, რომლებიც სუფრასთან დიდ ბიჭებთან ერთად ზიან, ადგილს ტყუილად აცდენენ და არც მას აძლევენ სუფრასთან მისვლის საშუალებას, ვისაც ეს სტატუსით ეკუთვნის. დიახ, ვისაც არ დაეზარა, წელს ექვს ერზე იტალიას თავში ისეთი წამოუთაქა, წესით ხმას აღარ უნდა იღებდნენ, მაგრამ...

მიუხედავად იმისა, რომ „დრაკონები“ მეტოქეს უძლიერესი შემადგენლობით არ დახვედრიან და მატჩის დებიუტში ჯასტინ ტიპურიკი დაკარგეს, დასკვნით ტურში უელსმა „აძურა“ არ დაინდო, 9 ლელო უსახსოვრა და 67:14 შეარცხვინა. ლელოები სულ ნაირ-ნაირი გავიდა და მათ აღწერას აზრი არა აქვს. პირველ ტაიმში სტუმრებს ბურთი რის უებმა, დენ ბიგარმა და ჯონათან დევისმა დაუმიწეს, რასაც ბიგარმა სამი ზუსტი გარდასახვა და ორიც ჯარიმა მიაყოლა - 27:0.

ჟაკ ბრუნელი ცვლილებებით შეეცადა საერთო სურათის შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თამაში რომ განახლდა ჯეიმი რობერტსმა და ჯორჯ ნორთმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ბიგარმა ერთი გარდასახა და 39:0. გილიელმო პალაძინის ლელოს ლიამ უილიამსმა 3 წუთში ლელოთივე უპასუხა, ხოლო გონსალო გარსიას როს მორიარტიმ - 53:14. იტალიელები მოხარული იქნებოდნენ თამაში ასე დასრულებულიყო, მაგრამ უელსმა დასკვნით ხუთ წუთში მაყურებელი კიდევ ორი ლელოთი გაახერხა - მორიარტიმ დუბლი შეასრულა, ხოლო გარეთ დევისმა სტუმრებს თავისი ადგილი მიუჩინა და რის პრისტლენდმა გარდასახვით საბოლოო წერტილი დასვა - 67:14.

ამრიგად, 2016 წლის ექვს ერზე იტალია „ხის კოვზის“ ღირსეული მატარებელია, ხოლო უელსმა ამ მოგებით ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:06 | 20.03.2016
test (124)

გინდათ დამეთანხმეთ გინდათ არა, მე ვთვლი რომ ექვს ერზე თუ დაგვამატებენ, უნდა დაგვამატონ მყარ მეშვიდედ, არანაირი პლეიოფი დარჩენისათვის და რაღაც მამაძაღლობები, ფაქტია რომ რუმინეთი ამ ეტაპზე არაა კონლურენტუნარიანი..

0.075823