საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მაღალი დონის რაგბი აჩვენა, ძლიერი რუმინეთი ლამაზ სტილში, სარეკორდო სხვაობით დაამარცხა და „დინამო-არენაზე“ შეკრებილი 50 ათასი ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა.
ეს იყო დიდი ქართული ზეიმი, რომელსაც მხარი ბუნებრივმა პირობებმაც აუბა. თამაშის დღეს ჩადგა ძლიერი ქარი, გამოიდარა და სათამაშოდ, გნებავთ სტადიონზე მისასვლელად, სასიამოვნო დღე გათენდა. თავისდროზე მიღებულმაგადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც ეს თამაში ქვეყნის უდიდეს სტაფიონზე - „დინამო-არენაზე“ დაინიშნა, სრულად გაამართლა და ტრიბუნებიც თითქმის პირთამდე შეივსო. და იყო საოცარი, აქამდე არნახული გულშემატკივრობა, რაც ერთბაშად იყო იმ დღეს „ბორჯღალოსნების“ გასამხნევებელი აქცია და მადლობა იმ გმირობისთვის, რომელიც ბიჭებმა რამდენიმე თვის წინ ინგლისში ჩაიდინეს და თავდადებული თამაშითმთელი ერი გაახარეს.
ახლაც, „ეროვნულზე“, ჩვენმა გუნდმა ითამაშა სრული თავდადებით და რაც მთავარია, უმაღლესი ოსტატობით. აქ უკვე ნათლად გამოჩნდა მილტონ ჰეიგის მიერ გაწეული შრომის შედეგი, მნიშვნელოვნად შემცირდა განვლილ ოთხ მატჩში დაშვებული შეცდომების რაოდენობამ და საქართველოს ნაკრებმა ლაღი ბურთაობით უშანსოდ დატოვა რუმინეთული გუნდი, რომელიც დღემდე, ამ დონეზე, ჩვენს ერთადერთ ღირსეულ მეტოქედ მიიჩნეოდა.
მაგრამ ასე ნამდვილად აღარაა. 19 მარტის თამაშს კარგად და ხშირად უნდა უყურონ „მსოფლიო რაგბის“ და ექვსი ერის მმართველებმა, რათა დაინახონ, რა დონეზეა ასული საქართველოს ნაკრები, როგორ უყვართ ჩვენს ქვეყანაში რაგბი და რა ატმოსფეროა მაღალი დონის შეხვედრებისას ქვეყნის უმთავრეს არენაზე, სადაც მართლაც განსაკუთრებული აურაა. და ამის მერე მიიღონ გადაწყვეტილება - გვეკუთვნის თუ არა უფრო მაღალ დონეზე თამაში.
არაა საჭირო ხვალ და ზეგ ექვსი ერის გაფართოება, გნებავთ კარის გახსნა და პლეი ოფის გამართვა, რისაც განსაკუთრებით იტალიის ნაკრებს და კაპიტან სერხიო პარისეს ეშინია, მაგრამ მოგვცენ შანსი, არა წელიწადში ერთხელ, ირლანდიაში და შოტლანდიაში სტუმრად თამაშით, არამედ თბილისში ექვსი ერის წარმომადგენლების ჩამოყვანით,რათა საკუთარი თვალით იხილონ ის ატმოსფერო, ის თამაშის ხარისხი, რასაც შევთავაზებთ ექვს ერში მიღების შემთხვევაში. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ მსგავსი ვიზიტით სწორედ იტალიის ნაკრები გვეწვევა, ოღონდ უძლიერესი შემადგენლობით, მერე რომ თავი არ ჰქონდეთ სამართლებელი და ნამატჩევს, ცხელ გულზე პირდაპირ გვითხრან - შეუძლიათ თუ ვერა მათ მსგავსი ატმოსფეროს შექმნა და გვეკუთვნის თუ არა უფრო მაღალ დონეზე თამაში.
უშუალოდ ამ შეხვედრას რაც შეეხება, „ბორჯღალოსნები“ „ეროვნულზე“ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ და ამ არენაზე აგერ უკვე 13 წელიწადია არ დამარცხებულან. ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ეს სტადიონი წაგებულმა 2003 წელს, რუმინეთთან მატჩის შემდეგ დატოვა. ახლა აურას სათამაშო კლასის მკვეთრი ზრდაც რომ დაემატა, რუმინელთა 38:9 ძლევით რამდენიმე რეკორდი დამყარდა. „ბორჯღალოსნებმა“ 14 გათამაშებაში მე-9-ედ მოიგეს „ერთა თასი“, 17 სეზონში მე-11-ედ იპირველეს „უმცროს ექვს ერზე“, მეექვსედ შეასრულეს „დიდი სლემი“ და მეათედ შემართეს რუმინეთთან საცილო „ანთიმოზ ივერიელის თასი“.
„მუხებთან“მე-20 რკენაში მე-11გამარჯვება ვიზეიმეთ და ამჯერად - ყველაზე დიდი სხვაობით. აქამდე რუმინელებისთვის ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წლის მსოფლიო თასზე, 25:9 გვქონდა მოგებული, ახლა კი ჰანდიკაპი ერთბაშად 29 ქულამდე გავზარდეთ. რუმინელებს პირველად გავუტანეთ ერთ მატჩში 6 ლელო, მაშინ, როდესაც აქამდე ეს გუნდი 80 წუთში მხოლოდ 3-ჯერ გვყავდა დალელოვებული. შედეგად, რუმინელებს ვაჯობეთ გატანილ-გაშვებულ ლელოებშიც და ახლა 29 მიღებული ლელოს წილ, 33 გვაქვს გატანილი. მოკლედ, რუმინეთი ახლა უკვე ყველამაჩვენებლით ჩამოვიტოვეთ და ქედმაღლობა სულაც არაა, თუ ვიტყვით, რომ ამ ტურნირმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის პრაქტიკული აზრი დაკარგა.
თავად რუმინელების მოლოდინი იმისა, რომ ქართველებისგან კარგი დღე არ დაადგებოდათ, სრულად გამართლდა. „ბორჯღალოსნებმა“ ერთა თასზე უძლიერეს მეტოქესთან შეძლებისდაგვარად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს და აჩვენეს ის რაგბი, რომელსაც მილტონ ჰეიგი ოთხი წელია გვპირდება, რომელიც ასე კარგად აქამდე არასდროს გამოგვსლია. ეს აღარ იყო მხოლოდ მორკინალების იმედად მყოფი გუნდი, უკანახაზელებმა გვარიანად იბურთავეს და ლამაზი ლელოებიც დადეს, თანაც ისე, რომ რა თქმა უნდა, თავისი საქმე ფორვარდებმაცხუთიანზე შეასრულეს. მეტოქეს ვაჯობეთ შერკინებაში, რაქებში, შიგადაშიგ დერეფნებში და სრულად ბოჭვებში. რუმინეთს ლელოს გატანის შანსი ერთხელაც არ მისცემია, ბოლო 4 მატჩში ქართველთა ჩათვლის მოედანზე ბურთი ერთხელაც ვერ დაამიწა, უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დაგვაჯერა ფრეს და ამ 7 ჯახში ჯამში ორად ორი ლელო გაგვიტანა, თავად კი 11 გაუშვა.
ანგარიში მე-3 წუთზევე გაიხსნა - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ორჯერ გადაიტანა აუტში, 5-მეტრა დერეფანში ბურთი გიორგი ჩხაიძემ მოიგო, მოლმა ჭიდილში გზა გაიკვალა და ლელოში ანტონ ფეიქრიშვილი შევარდა, რომელიც ბოლო დროს საუკეთესო ფორმაშია და კლუბსა თუ ნაკრებში ერთ-ერთ მთავარ მელელოვედ იქცა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველომ აგრესიული თამაში გააგრძელა, მაგრამ ეს აგრესია მე-7 წუთზე ფეიქრიშვილს სინბინად დაუჯდა.
10 წუთში ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო შეტევა - ჯერ ქართველებმა რაქში იმარჯვეს, ვასილ ლობჟანიძემ ბურთი ფეხით გადაკიდა, ჯოდი როუზი შეცდა და ფრუიძის ხელიდან ბურთი წინ წავიდა, თორემ ჩათვლის მოედანზე კვირიკაშვილმა კი დაამიწა. მერე დერეფნიდან იოჰან ფან ჰერდენმა დერეფნიდან გაჭრა ხაზი და გიორგი ფრუიძესთან ერთიერთზე დარჩა, მაგრამ მასთან კონტაქტში შესვლამდე ლობჟანიძემ ფეხებში შებოჭა. აქ მასპინძლები დაჯარიმდნენ და ფლორინ ვლაიკუმ საჯარიმო დარტყმით ჩამორჩენა შეამცირა.
თამაში რომ განახლდა, მოედნის ცენტრში შერკინება დაინიშნა, ქართველებმა რუმინელები კაცნაკლულადაც დაჯაბნეს, მაგრამ კვირიკაშვილს 50 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, ქართველებმა ღონიერი მიძალებით უპასუხეს. 5-მეტრა რაქიდან გიორგი ჩხაიძემ რომ შეუტია, ხაზთან შეაჩერეს, რუმინელთა დაცვამ თამაში 15 მეტრით ამოწია და თითქოს თავი კარგად დაიცვა, მაგრამ ლაშა ხმალაძემ ფეხით მარცხენა ფლანგზე ჩაკიდა ბურთი, სადაც მას ჰაერში სანდრო თოდუა დაეუფლა და ლელოში დაეშვა - 12:3.
ამას რამდენიმე შეცდომა მოჰყვა ფეხით თამაშისას, ბურთზე კონტროლი მცირე ხნით რუმინელებმა დაამყარეს და ორი ჯარიმაც გამოიმუშავეს, რითაც ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ აქ ტრიბუნებისგან გამხნევებულმა „ბორჯღალოსნებმა“ მაგრად მოინდომეს, კარგი შეტევისას მიმართულება ორჯერ შეცვალეს. 22-ის ხაზთან მარცხნიდან ცენტრისკენ ჯაბა ბრეგვაძემ დაარტყა, მარჯვნივ მეტობა რომ შეიქმნა, მამუკა გორგოძემ ფეიქრიშვილს კარგი ოფლოუდი ამოუგდო, ისიც გარემარბივით მცველებს შორის გაძვრა, დაახლოებით 15 მეტრი სწრაფად დაფარა და ლელოში ზურგზე მოკიდებული რუმინელი მცველებითურთ შესრიალდა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 19:9.
მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნები“ კიდევ მოუმატეს და სამი ლამაზი ლელოც გაიტანეს. დებიუტში მამუკა გორგოძისა და სანდრო თოდუას კარგი მიძალებების შემდეგ, ჩხაიძემ კვირიკაშვილს ხაზი გააჭრევინა, მეკოს მარჯვნიდან ფრუიძე მიყვა და ბურთით მომარაგებული ლელოში შეფრინდა, რითაც საქართველოს ნაკრებმა მოგებასთან ერთად ბონუს-ქულაც დაიბევა.
საათის თავზე ქართველების მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, რუმინელები დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ხაზზე იცავდნენ თავს, მაგრამ „ბორჯღალოსნები“ უშეცდომოდ თამაშობდნენ, მერე რაქიდან გამოსული ბურთი გორგოძემ ფრუიძესგადაუგდო, ეს უკანასკნელი შებოჭეს, მაგრამ მან გიორგი ნემსაძეს გაატანა ბურთი და -31:9. ასეთმა მარცხმა სტუმრები ისე გააცხარა, ბოლოსკენ ჩხუბი აგვიტეხეს, სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა, ბოლო წუთზე კი, ლაშა ლომიძემ შერკინებიდან რომ შეუტია, დაახლოებით 18 მეტრი იარა და ლელომდე მეტრი დააკლდა. რაქიდან კარლენ ასიეშვილმა გორგოძისა და შალვა მამუკაშვილის დახმარებით დაარტყა და რუმინელთა რბევა მეექვსე ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვით სარეკორდო წერტილი დასვა - 38:9.
თბილისი. „დინამო-არენა“. 50 000 მაყურებელი
საქართველო - რუმინეთი 38:9 (19:9)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი(23. გიორგი აფციაური 57), 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე(22. ლაშა მალაღურაძე 63), 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე(21. გიორგი ბეგაძე 51); 1. მიხეილ ნარიაშვილი(17. კარლენ ასიეშვილი 55), 2. ჯაბა ბრეგვაძე(16. შალვა მამუკაშვილი 55), 3. ანტონ ფეიქრიშვილი(18. ლევან ჩილაჩავა 8-17; 50), 4. გიორგი ჩხაიძე(19. კოტე მიქაუტაძე 46), 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე(20. ლაშა ლომიძე 50).
6 ლელო: ფეიქრიშვილი (1, 3), თოდუა, ფრუიძე, ნემსაძე, ასიეშვილი
4 გარდასახვა:კვირიკაშვილი(3), მალაღურაძე
2 სინბინი: ფეიქრიშვილი, კაჭარავა
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი(ახალი ზელანდია)
რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ფლორინ იონიცა, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ჯოდი როუზი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. კონსტანტინ პრისტავიცა, 2. ეუჟენ კეპეცინა, 3. პაულ რუსუ, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰან ფან ჰერდენი, 6. სტელიან ბურჩა, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. ანდრეი გორჩოაია.
სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი, 17. მიხაი დიკო, 18. კოსმინ მანოლე, 19. მარიუს ანტონესკუ, 20. ვლად ნისტორი; 21. ტუდორელ ბრატუ, 22. ოვიდიუ მელნიჩუკი, 23. მარიან ისპირი.
3 ჯარიმა: ვლაიკუ
2 სინბინი:პრისტავიცა, ვლაიკუ
მწვრთნელი: ლინ ჰაუელსი (უელსი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია