პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მეორე ტურში ფიჯისთან ჩატარებული მძიმე და დაძაბული მატჩის მეორე დღეს უმცროსი “ბორჯღალოსნები” ნუნო ბელმარის ცერებრალური დამბლით დავაადებულთა ცენტრს ესტუმრნენ.
ჩვენმა ბიჭებმა ცენტრის ბინადრებთან ერთად ორი საათის განმავლობაში ადგილობრივ ტყე-პარკში ისეირნეს, აჩუქეს ბურთები და ძალიან თბილი საღამო გაატარეს.
წინ ტურნირის მესამე ტურია, რომელშიც ჩვენი 20-წლამდელები მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 მაისს, ჟამორის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. საბედნიეროდ, ჩვენი ბიჭები მომავალ თამაშს უტრავმოდ ხვდებიან.
საქართველო ორი მოგებით „ა“ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. პორტუგალიელებმა ასპარეზობის პირველ ტურში ფიჯისთან – 19:34, შემდეგ კი ურუგვაისთან – 26:37 დათმეს შეხვედრები და შესაბამისად, ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
მაგრამ ამან მოწინააღმდეგეზე მცდარი წარმოდგენა არ უნდა შეგვიქმნას, ვინაიდან საკუთარ კედლებში ორი წაგების შემდეგ, მასპინძლებს თამაშის მოსაგებად დიდი მოტივაცია ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს გუნდები ერთმანეთს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში შეხვდენენ, რომელშიც უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მოწინააღმდეგეს 44:14 აჯობეს.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია