ამბები

14:37 | 18.05.2015 | ნანახია 2392 - ჯერ

Top 14-ში ბოლო ტური დარჩა

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პლეი ოფში თამაში ოთხმა გუნდმა დაიბევა, მაგრამ დასკვნით ტურში მათ კიდევ მოუწევთ ბრძოლა, რადგან უნდა გაირკვეს ის ორი ლიდერი, რომლებიც პლეი ოფის პირველ ეტაპზე დაისვენებენ და საჩემპიონო ჯახში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაებმებიან. პლეი ოფის დანარჩენი ორი ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის და მათ შორის ორი ქართველი ლეგიონერებისაა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ორიკვირისწინანდელი ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა განმეორდა - დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” უმასპინძლა. ეს გუნდები შიდა ჩემპიონატშიც მოწინავე პოზიციაზე არიან და მათი ჯახი ტრადიციულად დაძაბული გამოდგა. “სტად მარსელ-მიშელენზე” 17741 მაყურებელი შეიკრიბა და მათმა საყვარელმა “კლერმონმა” 22:19 იმარჯვა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს ზირაქაშვილი. სტუმართა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა გორგოძე, რომელიც 24-ე წუთზე 4 წუთით და 58-ეზე საფუძვლიანად შეცვალეს. შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა ჩილაჩავამ, ხოლო მიქაუტაძე თამაშში 4 წუთით მე-2 წუთზე შევიდა, სრულფასოვან შეცვლაზე კი, 51-ე წუთზე შევიდა. მიქაუტაძის მოედანზე პირველი გამოჩენა ზირაქაშვილის დამსახურებაა, რომელმაც სტუმართა მეორეხაზელი ტაოფიფენუა დებიუტშივე ისე შებოჭა, რომ მას მკურნალობა დაჭირდა.

სტუმრები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუშვეს (6:6). მეორე ტაიმის ნახევარ საათში “კლერმონმა” კიდევ სამი, ხოლო “ტულონმა” ერთი ჯარიმა გაიტანა. 70-ე წუთზე მორგაბმ პარამ სწრაფად გათამაშებული ჯარიმა ლელოთი დააგვირგვინა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ მასპინძლები 22:12 დაწინაურდნენ. “ტულონმა” საპასუხო ლელო 77-ე წუთზე გაიტანა და ენტონი მერიკმა გარდასახვა შეასრულა. მერიკისთვის ეს ელიტურ ლიგაში სადებიუტო მატჩი იყო და პირველი 2 ქულა მიითვალა. სულ ბოლოს პარა სალელოვედ გაიჭიმა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ბურთით ხაზს ვერ მიწვდაო და “კლერმონმა” მხოლოდ 22:19 იმარჯვა, რისთვისაც თავად 4 ქულა კი მიიღო, მაგრამ ერთი პრემიალური ქულა “ტულონმაც” მიითვალა. შედეგად, ორივე გუნდს 71-71 ქულა დაუგროვდა და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, ოღონდ დამატებითი მაჩვენებლებით პირველობას ტულონელები ინარჩუნებენ.

70 ქულით მეორე ადგილზეა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე”, რომელმაც კიდევ ერთ ქართულ დერბიში მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” პრემიალური ქულით, 35:21 დაამარცხა. ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ქუბრიაშვილმა შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა. “მონპელიესთვის” ეს პრაქტიკულად ბოლო შანსი იყო, რომ ექვსეულისთვის ებრძოლა, მაგრამ ქულაც ვერ აიღო და ბოლო წლებში პირველად, პლეი ოფს მიღმა დარჩება.

თავის მხრივ, “სტად ფრანსე” პლეი ოფში უკეთესი პოზიციით გასვლისთვის იბრძვის, შეხვედრა მძლავრად ჩაატარა და პირველ ტაიმში ორი, ხოლო თამაშის განახლებიდან 15 წუთში კიდევ ორი ლელო გაიტანა - 28:9. მასპინძლები მოეშვნენ და “მონპელიემ” ორი საპასუხო ლელოთი ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა, პარიზელები კი, პრემიალურ ქულას კარგავდნენ, მაგრამ 76-ე წუთზე მეხუთე ლელო გაიტანეს და საწადელს მიაღწიეს. “მონპელიე” 55 ქულით მე-8 ადგილზეა.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” დაუზავდა - 18:18. პარიზელებმა ორი ლელო გაიტანეს და თავად ერთიც არ გაუშვეს, მაგრამ ბევრჯერ დაჯარიმდნენ და მოგება ხელიდან გაუშვეს. ბოლო წუთზე “რასინგ მეტროს” შერკინებში ყაულაშვილის მეტოქეს ჩავარდა და ფრე სწორედ ამ ჯარიმის შემდეგ დაფიქსირდა. მასპინძელთა ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 77-ე წუთიდან ითამაშა და საქმე გააკეთა. ხინჩაგიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. “რასინგ მეტრო” 60 ქულით მე-7 ადგილზე და დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება “ბორდოს”, ხოლო “ოიონაქსს” 2 ქულა აშორებს. დასკვნით ტურში პარიზელები საკუთარ მოედანზე “კასტრს” მასპინძლობენ, ხოლო მისი კონკურენტები სტუმრად “ტულონსა” და “ტულუზის” ეთამაშებიან და ამრიგად, ხინჩაგიშვილის გუნდს პლეი ოფში შესვლის კარგი შანსი აქვს. “ლა როშელი” 54 ქულით მე-9 ადგილზეა და დასკვნით ტურში მოტივაცია აღარ შერჩა.

ვასილ კაკოვინის “ტულუზი” 11:32 დამარცხდა “გრენობლთან” და 66 ქულით მე-4 ადგილზეა. 60 ქულით მეექვსეა ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო”, რომელმაც “ბაიონი” 38:20 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველ ლეგიონერებს ამ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

Top 14-ში დარჩენისთვის იბრძვის კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილის და გიორგი ჟღენტის “ბრივი”, რომელიც “კასტრთან” 12:32 დამარცხდა, 48 ქულით მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულა აშორებს. ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი შეცვლაზე 34-ე წუთზე შევიდა. დასკვნითი ტურის შეხვედრები 23 მაისს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094756