საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, მესამე საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთის ქალაქ ნანსიში, “სტანისლას სევენსზე” ფიალა მოიგო.
ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობდა და პირველ ჯერზე ისინი სამ ჯგუფში განაწილდნენ - ორი 5-გუნდა და ერთ 4-გუნდა ჯგუფში. ჯგუფური ეტაპის თამაშებს უნდა გაერკვია, ვინ იბრძოლებდა მეორე დღეს თასისთვის (8 გუნდი) და ვინ გაითამაშებდა მე-9-მე-14 ადგილებს.
სამწუხაროდ, პირველი დღე ქართველი გოგონებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა: საქართველოს ნაკრებმა ოთხივე თამაში წააგო - ფრანგულ კლუბებთან “ლორიანთან” (7:29) და “ილ დე ფრანსთან” 0:26, შვეიცარიის ნაკრებთან 5:31 და ნორვეგიასთან 12:21. ამრიგად, კვალიფიკაციაში ჯაბა მალაღურაძის გუნდი მხოლოდ მე-13 იყო და მეორე დღეს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება. აქ ექვსი გუნდი ორ სამგუნდა ჯგუფში განაწილდა და მისი დასრულების შემდეგ, ჯგუფების ლიდერებმა ფინალში ფიალა გაითამაშეს.
ამ დღეს საქართველოს ნაკრები შეუჩერებელი იყო და ფრანგულ კლუბს 14:7, ხოლო შვეიცარიულს 12:5 მოუგო. მე-9 ადგილისთვის მატჩში გოგონები იმ “ლორიანს” შეხვდნენ, რომელთანაც ტურნირის პირველი შეხვედრა დათმეს, წინა დღის შეცდომები გაითვალისწინეს და მეტოქის 7:5 დამარცხებით “ფიალა” დაისაკუთრეს.
22 მაისს საქართველოს 7-ქალა ამსტერდამში გადაინაცვლებს და დიდ საერთაშორისო ტურნირში, “ამსტერდამ სევენსში” ჩაებმება, სადაც საქართველოს შვიდკაცა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
7-ქალას ნაკრები ნანსის ტურნირზე: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ბელა გოგსაძე, ანა ანდღულაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, ანა კვაჭაძე, სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, თათია ბეიტრიშვილი, ნინო ტაბატაძე, ქეთევან მოდებაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია