კელტების ლიგა

21:26 | 9.02.2016 | ნანახია 1037 - ჯერ

ოკონელისთვის რაგბი უკვე წარსულია

ირლანდიის ეროვნული ნაკრების, ბრიტანეთისა და ირლანდიელი ლომებისა და „მანსტერის“ ყოფილმა მეორეხაზელმა პოლ ოკონელიმ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მოთამაშის კარიერა დაგეგმილზე ადრე დაასრულა.

36 წლის მორაგბემ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ კონტრაქტი მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას „ტულონთან“ გააფორმა, მაგრამ ტრავმა ვერ მოიშუშა და ახალი გუნდის მაისურით ერთი შეხვედრაც ვერ ჩაატარა.

„დიდი მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, იძულებული ვარ პროფესიონალურ რაგბის დავემშვიდობო. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო „ტულონის“ ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და მოთამაშეებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მამხნევებდნენ და მხარში მედგნენ.

მსოფლიო თასზე მიღებული ტრავმის შემდეგ, კონცენტრირებული ვიყავი ვარჯიშის განახლებაზე და ვემზადებოდი ცხოვრების ახალი ფურცლის დასაწყებად, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. სამწუხაროდ, ამის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

წილად მხვდა ბედნიერება, პროფესიონალურ დონეზე რაგბი 14 წლის განმავლობაში მეთამაშა და ვყოფილიყავი „მანსტერისა“ და ირლანდიის ნაკრების ნაწილი, რომლებთან ერთადაც უდიდეს წარმატებებს მივაღწიე. ორივე გუნდში უდიდესი მოთამაშეების მხარდამხარ მომიწია თამაშმა და მხვდა პატივი, ირლანდიის ნაკრებისთვის მეკაპიტნა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - „მანსტერის“ ახალგაზრდული და უფროსი ასაკის გუნდების მწვრთნელებს, ირლანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას და „ლომების“ თავკაცებს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში მამხნევებდნენ.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლე ემილის, რომელიც ჭირსა და ლხინში გვერდში მედგა და მთელს ჩემს ოჯახს“ - წერია ოკონელის განცხადებაში.

ოკონელი რაგბის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეორეხაზელადაა აღიარებული. 2002-იდან 2015 წლამდე, მან ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 108 თამაში ჩაატარა და 8 ლელო გაიტანა, ხოლო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში 7-ჯერ ითამაშა. მან 3-ჯერ მოიგო ექვსი ერი, „მანსტერთან“ ერთად ორჯერ გახდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, „ჰაინეკენის თასის“ (ამჟამად ჩემპიონთა თასი) გამარჯვებული და 3-ჯერ მოიგო კელტების ლიგა.

პაატა ჭანია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081082