ამბები

0:16 | 17.05.2015 | ნანახია 5751 - ჯერ

ფინალამდე აღარაფერი რჩება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” ორგანიზატორების პროგნოზები თავდაყირა დააყენეს. უმთავრესი ფავორიტის, ელიტიდან შარშან დაქვეითებული ფიჯის 30:13 დამარცხებით, “უმცროსი ბორჯღალოსნები” ფინალს მიუახლოვდნენ და ახლა ამისათვის მასპინძელი პორტუგალია უნდა წააქციონ, რომელსაც შარშან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 44:14 სძლიეს და ანალოგიურის განმეორება ახლაც არ უნდა გაჭირდეთ.

ფიჯი რომ ფავორიტად ტყუილად არ იყო შერაცხული, ამ თამაშშიც გამოჩნდა. საქართველოს ნაკრებმა მოუგო ძლიერ მეტოქეს, რომლის შემადგენლობაშიც ინდივიდუალურად ძლიერი შემსრულებლები, დიდი ფიზიკური ძალის და ტექნიკური არსენალის მქონე მორაგბეები თამაშობდნენ. კუნძულელები ჩვეულ სტილში ცდილობდნენ ხაზის გაკვეთას და ეს რამდენჯერმე მოახერხეს კიდეც, მაგრამ ქართველთა თავდადებამ და ორგანიზებულმა დაცვამ, მთელი 80 წუთის განმავლობაში მაქსიმალურმა კონცენტრაციამ, მათ წარმატებაზე ფიქრის იმედი არ მისცა.

გადამწყვეტი მეორე ტაიმის შუა პერიოდი იყო, როდესაც ფიჯიმ მძლავრად შემოგვიტია და რომლის დროსაც საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ბიჭები არ გატყდნენ და ამით ფსიქოლოგიური კოზირი მათ ხელში გადავიდა. ამ ეპიზოდში კუნძულელებს ლელოს გატანა რომ მოეხერხებინათ და სხვაობა მისაწვდომ ზღვრამდე დაეყვანათ, დასკვნით მეოთხედში მათი შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ეს იცოდნენ ქართველმა მორაგბეებმაც და თავდადებული ბრძოლით მეტოქეს აჩვენეს, რომ ქართული რაგბის მომავალი ფიჯის რაგბის მომავალზე უკეთესია!

შეხვედრა მზიან, მაგრამ ქარიან ამინდში გაიმართა. თამაში გახურებულიც არ იყო, როდესაც საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორი შეცდომის შემდეგ დაჯარიმდა და ფიჯელთა მგეზავმა ტოგამ ანგარიში გახსნა. სამაგიეროდ, პირველივე შერკინებისას გამოჩნდა, რომ აქ უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო და მერე “ბორჯღალოსნებმა” მოლშიც იმძლავრეს, რამაც თავდადებასთან ერთად საერთო წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მაგრამ მანამდე სალელოვე შანსი კვლავ ფიჯიმ მიიღო, როდესაც ტუიდრაკიმ ხაზი გაჭრა, თუმცა, მეორე ეშელონმა დაცვაში კარგად ითამაშა. ფიჯელები ტარანზე წასვლით და ოფლოუდებით ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას, მაგრამ შეცდომებსაც ხშირად უშვებდნენ და ამან ქართველ მორაგბეებს საქმე გაუიოლა.

სამაგიეროდ, როდესაც ბურთი საქართველოს ნაკრების მორაგბეების ხელში ხვდებოდა, კუნძულელთა დაცვას მოკლე დარტყმების შეკავება ძლიერ უჭირდა. სწორედ ასეთი შეტევის შემდეგ გათანაბრდა ანგარიში: ლელომდე დაახლოებით მეტრი რჩებოდა, რეფერიმ ჯარიმის უპირატესობა მოგვცა, მაგრამ რეზი ჯინჭველაშვილმა ახლოდან არეკნი დაკრა და 3:3. ტოგას ფიჯელთა დაწინაურება მალევე შეეძლო, როდესაც მეტოქეს ჯარიმის სწრაფად გათამაშება არ დავანებეთ და ჯარიმამ 10 მეტრით გადაიწია, მაგრამ მგეზავს 45 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. ამას ტოგასა და დაბენაისეს ხაზის გაჭრები და ოფლოუდების სერია მოყვა, მაგრამ 22-ში ქართველთა დაცვამ კარგად ითამაშა და მერე მეტოქე პასისას შეცდა.

პირველი ტაიმის შუაში ქართველთა ჯერი დადგა. კარგად დაძრულ მოლს ოთო გიორგაძე მოწყდა და ის დიდი გაჭირვებით შეაჩერეს, მანვე მეორედაც კარგად შეუტია და ზედ ხაზზე შეაჩერეს, სადაც თორნიკე ბუბუტეიშვილმა იყოჩაღა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პასუხად ფიჯიმ კვლავ გაჭრა ხაზი და სალელოვე შეტევის შეჩერება ჯარიმად დაგვიჯდა, რაც ტოგამ 3 ქულად აქცია. რადგან მოლით შეტევა კარგად გამოდიოდა და საქართველოს დერეფანშიც უპირატესობა ჰქონდა, “ბორჯღალოსნებმა” ჯარიმის კარში დარტყმას ამ უპირატესობის გამოყენება არჩიეს, მერე ბურთი დაიკარგა, მაგრამ ფიჯი შერკინებაში დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა 38-ე წუთზე პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 13:6.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო ქართულმა შერკინებამ ისევ იმძლავრა და ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა. მერე ვასილ ლობჟანიძემ საკუთარი ნახევრიდან კარგად იარა და ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, შეტევა ფლანგზე ირაკლი სვანიძემ გააგრძელა, მაგრამ 22-ში დავჯარიმდით და კარგი შეტევა ჩაიშალა. 47-ე წუთზე ლელო მაინც გავიდა: მოლით მნიშვნელოვანი მანძილის მოგების შემდეგ, ფლანგზე უპირატესობა შეიქმნა, ბურთი ანზორ სიჭინავას მიუვიდა და ისიც ლელოში შეიჭრა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია (21:6).

გარკვეული პერიოდით საქართველოს ნაკრებმა კარგი დაცვით მეტოქე თავის ნახევარზე გამოკეტა, მაგრამ ხაზი მაინც გაიჭრა და ფიჯელთა ფულბეკმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 56-ე წუთზე ფიჯი თავისივე შერკინებაში დაჯარიმდა, ჯინჭველაშვილმა ჯარიმიდან მორიგი 3 ქულა მიითვალა და ფიჯი ვა-ბანკზე წავიდა. მეტოქის გააფთრებული, დაახლოებით 10-წუთიანი შემოტევის შეჩერება ჯარიმების ხარჯზე ხერხდებოდა და დავით პაპავაძე სინბინით დაისაჯა, მაგრამ სწორედ ამ რთულ სიტუაციაში ბიჭებმა კიდევ უფრო მოინდომეს და ჩათვლის მოედანი ბრწყინვალედ დაიცვეს.

ფიჯი გატყდა, საქართველოს ნაკრებმა თამაშის მის ნახევარზე გადატანა მოახერხა, კუნძულელთა შერკინებამ კვლავ მოისუსტა და ჯინჭველაშვილმა 73-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა. მერე სიჭინავამ წამოიწყო კარგი კონტრშეტევა, იერიში მარჯვნივ გაიშალა და როლანდ კვაჭამ ლელო გაიტანა, ოღონდ მანამდე ფეხი გვერდით ხაზს იქით გადადგა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დერეფანი მოიგო და მათ 22-ში დარჩა, შედეგად, ფიჯი დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა ჯარიმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:13 საქართველოს სასარგებლოდ და 20-წლამდელებისთვის “ალაფის” პირველი ფინალის კონტურები მოიხაზა.

ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოსგან ძლეულმა ურუგვაიმ პორტუგალია 37:26 დაამარცხა. მასპინძლებმა მაგრად იბრძოლეს და პირველი ტაიმი 14:20 დათმეს, ხოლო 72-ე წუთზე ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს (26:30), მაგრამ ერთ წუთში მეოთხე ლელო გაუშვეს და თამაშის წაგებასთან ერთად, სამხრეთამერიკელებს პრემიალური ქულაც გაატანეს. პორტუგალიამ ოთხის წილ 3 ლელო გაიტანა.

მეორე ჯგუფში ტონგამ 8 ლელო გაუტანა ნამიბიას, 45:11 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. კანადამ ჰონკონგს 24:15 აჯობა, დასკვნით ტურში ერთმანეთს სწორედ ტონგა და კანადა ხვდებიან და მათ შორის გამარჯვებული ფინალში ითამაშებს.

2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფა”

პორტუგალია. ლისაბონი

A ჯგუფი

II ტური. 16 მაისი

ურუგვაი - პორტუგალია 37:26

ფიჯი - საქართველო 13:30 (6:13)

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. სანდრო ილურიძე, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე, 2. გიორგი თედორაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. ბექა კაკაბაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. როლანდ კვაჭაძე, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. გიორგი კვესელაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.

2 ლელო: ბუბუტეიშვილი, სიჭინავა

1 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

5 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

1 არეკნი: ჯინჭველაშვილი

1 სინბინი: პაპავაძე

1. საქართველო 2 2 0 0 76-25 9
2. ფიჯი 2 1 0 1 47-49 5
3. ურუგვაი 2 1 0 1 49-72 5
4. პორტუგალია 2 0 0 2 45-71 0

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია

ფიჯი - ურუგვაი

B ჯგუფი

16 მაისი

კანადა - ჰონკონგი 24:15

ტონგა - ნამიბია 45:11

1. ტონგა 2 2 0 0 80-27 10
2. კანადა 2 2 0 0 59-35 9
3. ჰონკონგი 2 0 0 2 31-59 0
4. ნამიბია 2 0 0 2 31-80 0

20 მაისი

ნამინია - ჰონკონგი

ტონგა - კანადა

ფინალური დღე. 24 მაისი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.233285