ამბები

10:00 | 15.05.2015 | ნანახია 2864 - ჯერ

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 2017

14 მაისს ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ცნობილი გახდა, რომ დუბლინში გამართულ თათბირზე "მსოფლიო რაგბის" საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, 2017 წელს საქართველო თბილისსა და ქუთაისში უმასპინძლებს „მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს“.

ამ გადაწყვეტილებაზე "მსოფლიო რაგბის" თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ განაცხადა: მინდა მივულოცო საქართველოს რაგბის კავშირს ამ პრესტიჟული ღონისძიების - 2017წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ტურნირისმასპინძლობისათვის გაწეული ინვესტიციისთვის. 2017 წლის ამ უდიდეს ღონისძიებაშიმონაწილეობისას, მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები ნამდვილად კმაყოფილებიდარჩებიან მდიდარი კულტურული და სპორტული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნისუნიკალური სტუმართმოყვარეობითა და თბილი დახვედრით.“

კომენტარი გააკეთა "მსოფლიო რაგბის" საშეჯიბრო და "მაღალი მიღწევების" კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ იგანმაც: „2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობისუფლების საქართველოსთვის მინიჭება ქვეყანაში რაგბის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს.

ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოში სარაგბო ინფრასტრუქტურის დონეუპრეცენდენტოდ ამაღლდა საქველმოქმედო ფონდქართუსმრავალმილიონიანიდაფინანსებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის წყალობით.

საქართველოს ნამდვილად შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიო კლასის სავარჯიშო დასათამაშო ბაზებით, რისიც ალბათ ელიტარული რაგბის კავშირების უმრავლესობასშეშურდებოდა.“

... 2017 წელს ჩვენ უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მან "მსოფლიო რაგბის" 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება ყველას მოგვილოცა:

„ეს არის ძალიან დიდი აღიარება, პირველ რიგში, ჩვენი მორაგბეების და ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისათვის. მე მინდა თითოეულ მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება. ეს არის სწორედ თქვენი დაფასება, თქვენი წარმატების დაფასება. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირი მორაგბეებით. მე მინდა მივულოცო რაგბის კავშირის პრეზიდენტს, სპორტის მინისტრს, ასევე - რაგბის ყველა ქომაგს.



2017 წელს ჩვენ უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. მთელი მსოფლიოს ყურადღება იქნება მოპყრობილი ჩვენი ქვეყნისაკენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ღირსეულად დავხვდებით გუნდებს მთელი მსოფლიოდან. ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს გმირ მორაგბეებს,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრესკონფერენცია

14 მაისს, ამ საკითხთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც მომავალი ტურნირის საორგანიზაციო საკითხებზე და გეგმებზე ისაუბრეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

„დღეს ძალიან ამაყი ვარ, რადგან მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოსთვის 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მინიჭების გადაწყვეტილება. ჩვენ მოვიპოვეთ უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარების უფლება. ეს არის როგორც რაგბის სამყაროსთვის, ისე, მთლიანად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. რადგან ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი უპირველესად ქვეყანის ეკონომიკური სარგებელია - საქართველო კიდევ ერთხელ მოექცევა მსოფლიო ყურადღების ცენტრში.

„მინდა მივულოცო რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ბატონ გია ნიჟარაძეს და მთელს მის საუკეთესო კოლექტივს, რომელიც არის მაგალითი, როგორც სპორტული წარმატებისა, ისე ძალიან კარგი მენეჯმენტისა. რაგბის კავშირი არის სამაგალითო, როგორც ფედერაცია, როგორც კრებული ღირსეული და პროფესიონალი ქართველებისა.

„აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე ეს პატივი მხოლოდ ელიტურ სარაგბო ქვეყნებს ერგებოდათ. აქ ჩამოვლენ მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებები და მათ შორის იქნებიან ქართველი ვაჟკაცები. ვიცით რა თუ როგორი პროგრესითაც მიმდინარეობს ქათული რაგბის განვითარება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი სარაგბო დღეები გველის. მჯერა, რომ ეს არ არის ბოლო სიხარული ამ ჩემპიონატთან დაკავშირებით, რადგან სპორტული შედეგიც იქნება ადეკვატური.

„ეს ასევე არის აღიარება იმ შრომისა, რასაც წლების მანძილზე რაგბის კავშირთან ერთად ეწევიან მისი პარტნიორები. ეს იყო სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მთლიანი მთავრობის. რომ არა ის მხარდაჭერა, რასაც თვითონ „მსოფლიო რაგბი“ გრძნობდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან და სპორტული ხელმძღვანელობისგან, ბუნებრივია, ეს აღიარება ასე ადვილად არ იქნებოდა.

„აქ წარმოდგენილნი არიან ის პარტნიორები, ვისთან ერთადაც ვეცდებით, რომ ეს ნდობა გავამართლოთ და ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ ჩემპიონატი. აქ იმყოფება თბილისისა და ქუთაისის მერი - მოგეხსენებათ, რომ მასპინძლობის პატივი ამ ორ ქალაქს ხვდა წილად და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. აქ ასევე იმყოფება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვისთან ერთადაც ვაპირებთ ღონისძიების პოპულარიზაციას. ჩემპიონატის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება ჩვენი კულტურა, ქართული სამზარეულო და ქართული ღვინოც.

„აუცილებელად მიმაჩნია, რომ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. წლების მანძლზე სწორედ მათი თაოსნობით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქართული რაგბის სასიკეთოდ და ფონდი ამ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება. ტრადიციისამებრ, ისინი არ აფიშირებენ თავიანთ საქმიანობას და ჩვენ ვალდებულნი ვართ გავახმოვანოთ ის, რომ ეს ხალხი ყოველთვის არიან ქართული სპორტის სამსახურში და განსაკუთრებით რაგბის კავშირის მხარდამჭერნი.

„ეს რა თქმა უნდა ძალიან ნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური სიდიდის სარაგბო ტურნირი პირველად ტარდება აღმოსავლეთ ევროპაში. უშუალოდ საქართველო კი სპორტის სათამაშო სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს - ეს ტურნირი რანგით მეორეა რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშნელოვანია, მისი ცნობადობისთვის და ეკონომიკისთვის, ვინაიდან უამრავი ტურისტი ჩამოვა და გრძელვადიან პერსპექტივებში ძალიან საინტერესოა საქართველოს განვითარებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „მსოფლიო რაგბის“ ხელმძღვანელობას ნდობისათვის და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ ჩვენი ღრმა პატივისცემა და მზადყოფნა დავუდასტუროთ იმისა, რომ ეს ჩემპიონატი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო უკვე ჩატარებულ ჩემპიონატებს შორის.

დავით ნარმანია, თბილისის მერი:

„თბილისის პარტნიორ ქალაქ დუბლინში ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენთაგანს ეს წარმატება და აღიარება, რომელიც ჩვენ გვხვდა წილად. ეს წარმატება ერთეულების ხვედრია და ეს არის წლების განმავლობაში დაუღალავი შრომის და რაგბული შემართების შედეგი. ჩვენ წინ სერიოზული ორი წელი გველის იმისათვის, რომ კარგად მოვამზადოთ ინფრასტრუქტურა და ყველა არსებული ძირითადი მოთხოვნა, რომ დავაკმაყოფილოთ. ერთმანეთის გვერდში დგომა და დაუღალავი შრომა გვმართებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავაკეთებთ ძალიან კარგი კოორდინაციით. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ამ ღონისძების მნიშნელობას დედაქალაქისთვის. ასეთი ღონისძიებები ენდობა ისეთ ქვეყნებს და ისეთ ქალქებს სადაც არის სათანადო პირობები იმისათვს, რომ ჩამოსულ სტუმრებს ღირსეულად დახვდნენ. ჩვენ განსაკუთრებული დახვედრა გვექნება იმიტომ, რომ ეს ჩვენი სტუმართმანსპინძლობის ჩვეული წესია.

„მე ქალქის ფუნქციას კარგად ვხედავ ამ ღონიძიების მომზადებაში. ჩვენ ბატონი ლევან ყიფიანის მინისტრობის პერიოდში უკვე დავიწყეთ ამისთვის მზადება, შევარჩიეთ ადგილები სადაც მოედნები უნდა აშენდეს. საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი იქნება. წინ, როგორც ეკონომიკური და სპორტული ასევე სოციალური თავლსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძება გველის.

„მინდა მოგილოცოთ და ფონდ „ქართუს“ მნიშნელობას მეც გავუსვა ხაზი, იმიტომ, რომ ამ ეტაპზეც მიმდინარეობს დედაქალაქში რამდენიმე სარაგბო მოედნის მშენებლობა და მოვლა-პატრონობა, რისთვისაც საკმოდ დიდი ინვესტიცია აქვს ფონდს ჩადებული. მინდა წარმატებები ვუსურვო იმ გუნდს, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა მოამზადოს და სტუმარ გუნდებს შესაბამისი ინფრასტრუტურა და პირობები დაახვედროს.“

შოთა მურღულია, ქუთაისის მერი:

„ეს არ არის მხოლოდ სპორტული მიმართულებით მიღწეული წარმატება, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვის და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯი. დიდი პატივია, რომ ამ ჩემპიონატის მასპინძლობის შესაძებლობა საქართველოს მიეცა. ეს არის კარგი შემოწმების და კვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ასევე ცალკე ქუთაისისთვისაც ძალიან ნიშნელოვანია მსგავსი ღონისძიების მასპინძლობა.

„ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა - ძალიან ბევრი ქომაგი და ტურისტი ჩამოვა ამ პერიოდში და ვიცი, რომ მათი კარგად მიღება ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციაა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც მიმდინარე წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტშიც გავითვალისწინოთ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კარგი ტემპით მივდივართ უკვე, რადგანაც მიმდინარეობს უამრავი სასტუმროს მშენებლობა და დარწმუნებული ვარ ამ ბიზნესსაც კარგად წაადგება ეს ჩემპიონატი.

„არ შეიძლება მხოლოდ სპორტული კუთხით ვისაუბროთ ამ ღონისძიებაზე, არ დაგვავიწყდეს ეკონომიკური კუთხეც. მიზანი მიიღწევა ერთიანი მუშაობით. დიდი მადლობა სახელმწიფოს და რაგბის კავშირს. რაგბი ჩემი აზრით არის ზუსტად ერთად დგომასთან, ვაჟკაცობასთან და გატანასთან ასოცირებული თამაში და ყველა სპორტს ვუსურვებ მსგავს წარმატებებს.“

გიორგი ჩოგოვაძე, ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხემძღვანელი:

„მინდა მივულოცო მთლიანად საქართველოს, ყველა მორაგბეს და გულშემატკივარს. ამ ღონისძიების მნიშვნელობა ფასდაუდებელია საქართველოში თითქმის ყველა სფეროსთვის - ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის და ა.შ. საქართველოს მიეცემა შანსი კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს მსოფლიო არენაზე, მოხდეს ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პოპულარიზაცია და ეს მოხდეს ისეთი „რაინდული“ სპორტის საშუალებით, როგორიც რაგბია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისშიც ტარდება. ეს იქნება ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი იმისათვის, რომ განვითარდეს ტურიზმი და ტურიზმთან ასოცირებული ინდუსტრიები, მათ შორის სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. ჩვენ ისეთი გუნდით ვართ შეკრებილნი, რომ დარწმუნებული ვარ ღირსეულად ჩავატარებთ ამ ტურნირს და 2017 წელს საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ექნება.“

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„მივესალმები ჩვენს საპატიო სტუმრებს, მეგობრებს, კოლეგებს. გული გვწყდება, რომ „ქართუს“ წარმომადგენლები აქ არიმყოფებიან, თუმცა ეს მათთვის ჩვეული თავმდაბლობაა. რა გითხრათ, ემოციებს ვერ ვმალავ. გესმით ალბათ, რომ ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი შრომა უძღვოდა წინ. ამაში ვგულისხმობ არა მარტო ჩვენს დღევანდელ შემადგენლობას, არამედ ქართული რაგბის თაობებს, რომელთა შრომის დაფასება გუშინ დუბლინში მოხდა - ქართული რაგბის უამრავი წარმომადგენლის, რომლებმაც მრავალი წლის განავლობაში იშრომეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი და ოფლი ღვარეს იმისთვის, რომ ქართულ რაგბს ესეთი წარმატებისთვის მიეღწია.

„ძალიან ბედნიერი ვარ და სულ ვფიქრობდი თუ რა მოტივაცია დამრჩა ცხოვრებაში, რა უნდა გავაკეთო კიდევ... ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, ძვირფას თანამშრომლებთან ერთად ჩავიფიქრეთ, რომ ეს არის მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით.

„პირველ რიგში მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც უკვე ვახსენე და იმათ ვინც წლების განავლობაში ამაყად ატარა ქართული რაგბის დროშა, ყველა თაობას, მთელ საქართველოში დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. მადლობა იმათ ვინც დღეს შრომობს საქართველოს სოფლებში, ქალაქებში და დიდ საქმეს აკეთებს; მადლობა ამ ბავშვებს, მშობლებს, მსაჯებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ადგილობრივ ხელისუფლებებს, რომლებიც გვერდში უდგანან თითოეულ გუნდს. ასეთი წარმატება იჭედება მთელი ქვეყნის მიერ და არა ცალკეული ორგანიზაციის, ფედერაციის ან სამინისტროს ძალისხმევით. ეს არის ერთიანი შრომის შედეგი.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ძალიან თბილად მოგვილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომლის უდიდესი მხარდაჭერის გარეშეც ქართული რაგბი ვერ განვითარდებოდა. მადლობას სახელმწიფოს ასევე 2009-2012 წლებში განხორციელებული მხარდაჭერისთვის, როდესაც რაგბის მხარდასაჭერი პირველი სამთავრობო პროგრამა შეიქმნა. შემდეგ 2012-2016 წლების პროგრამისთვის, როდესაც გაიზარდა რაგბის მხარდაჭერა. პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს უდიდესი მადლობა, კაცს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა ქართული რაგბისათვის. ფონდ „ქართუს“ და მის თანამშრომლებს - არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მთელი ეს წლები გვერდში გვედგნენ; სამინისტროს თანამშრომლებს, ვინც აქ ბრძანდებიან, ყოფილ მინისტრებს, ვინც დაგვეხმარა და გვერდში გვედგა. - ბატონო ტარიელ! დიდი მადლობა, რომ თქვენ პირველი დღიდანვე მოიცალეთ ამ საქმისთვის და გამოუყავით ამას დრო, ყურადღება და დღეს ერთად ვზეიმობთ ამ დიდ დღეს.

„ეს დიდი დაფასებაა. არ გეგონოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ადვილად მიიღება. აქამდე ამ ჩემპიონატს მასპინძლობდნენ უელსი, იაპონია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია. წელს ტურნირი იტალიაში ტარდება, ხოლო გაისად ინგლისში გაიმართება და ამ საოცარ კამპანიაში აღმოჩნდა საქართველო. რაგბში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ძალიან კონსერვატიული ორგანოა საერთაშორისო ფედერაცია და ძალიან ძნელად თმობს ტრადიციებს, დამკვიდრებულ წესებს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ძალიან მნიშნელოვანი მომენტი - მსოფლიო რაგბს საქართველო მაგალითად მოყავს, როგორც უნიკალური შემთხვევა, როდესაც კავშირი, მთავრობა, კერძო სექტორი, ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები და ამ შემთხვევაში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ თანამშრომლობენ უნიკალურად და ამან მოიტანა ეს შედეგები.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო რაგბის მესვეურებს, პირადად მის პრეზიდენტს - ბატონ ბერნარ ლაპასეს, ჩვენს დიდ მეგობარს მარკ იგანს - საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარეს, საბჭოს ყველა წევრს, რომლებიც სათითაოდ ჩამოვიყვანეთ აქ ამ წლების განმავლობაში და ვანახეთ თუ რას ვაკეთებთ. ყველას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო წარმოდგენა და შთაბეჭდილება იმაზე, თუ როგორ ვითარდება რაგბი საქართველოში და ამიტომაც იყო ასეთი ერთსულოვნება ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

„მე ძალიან მიხარია, რომ ორი მერი ესწრება ჩვენს დღევანდელ პრესკონფერეციას - ბატონი დავითი, თბილისის მერი და ბატონი შოთა, ქუთაისის მერი. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. არაჩეულებრივად ვთანამშრომლობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი და ქუთაისი არა მხოლოდ სარაგბო თვალსაზრისით გახდებიან ცნობილნი მთელს მსოფლიოში. ორივე ქალაქს დიდი ისტორია, ტრადიციები და კულტურა აქვს. თბილისსა და ქუთაის ისეთი არაჩვეულებრივი მოსახლეობა და საზოგადოება ყავს, რომ ეს არის უნიკალური შანსი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინოთ. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონი გიორგი ჩოგოვაძის აქ ყოფნა ძალიან ნიშანდობლივია იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოთ, რომ ესეთ დიდ სპორტულ შეჯიბრებებზე ვისწავლოთ დიდი ტურისტული ნაკადის მოზიდვა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი კარგი ექსპერიმენტი ამ თვალსაზრისით. ჩვენ სლოგანიც მოვიფიქრეთ, რომელიც ყველას მიერაა მოწონებული: „საქართველო - ღვინის სამშობლო, სადაც რაგბს თამაშობენ“.

„რაგბის საზოგადოებას უყვარს რაგბის ყურება და უყვარს ქეიფი, უყვარს ღვინო, უყვარს ერთობის საოცარი ატმოსფერო, რაც რაგბს ახასიათებს და ამიტომ ამ სლოგანით ვფიქრობ ათასობით ტურისტის მოზიდვას შევძლებთ.

„მე მინდა მივულოცო საქართველოს ისიც, რომ 2017 წელს არაჩვეულებრივი წელი გვექნება - ივნისში რაგბში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, ივლისში ფეხბურთის 19 წლამდელთა ევროპის ჩემიონატი, აგვისტოში ხელბურთში 19 წლმდელთა მსოფლიო ჩემპიონატი - რაღაც საოცარი ზაფხული გველის 2017-ში და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული სპორტი ვითარდება.

„მემგონი თქვენ ბრძანეთ ბატონო ტარიელ ინტერვიუში, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო შეჯიბრი ჩამოვიტანოთ საქართველოში. ბატონ დავითსაც და ბატონ შოთასაც თავიანთ საარჩევო პროგრამებში პირდაპირ ეწერათ, რომ ეს ორი ქალაქი უნდა გახდეს რეგიონში ბევრი რამის ცენტრი - უნიკალური საშუალებაა ამ თვალსაზრისითაც, როდესაც თბილისი და ქუთაისი ამ დონის შეჯიბრს უმასპინძლებენ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს. თქვენი გვერდში დგომის გარეშე სპორტი ვერ განვითარდება და ვერანაირი კეთილი საქმე ვერ გაკეთდება ქვეყანაში. მადლობა გვერდში დგომისთვის, თქვენი დიდი წვლილიც არის ამ გამარჯვებაში. კიდევ ერთი რამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არ არის, მხოლოდ აქ შეკრებილი ხალხის საქმე, არამედ ეს მთელმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს - ყველამ ჩვენ-ჩვენი აგური უნდა დავდოთ.“

„და ბოლოს, წარმომიდნენია ეს ინფორმაცია ვებ-გვერდებზე, რომ დაიდება, ჩვენი 20-წლამდელებისთვის, რომლებიც ახლა პორტუგალიაში მსოფლიო რაგბის ალაფის გათამაშებაში იღებენ მონაწილეობას და ფიჯის წინააღმდეგ უმძიმესი თამაშისთვის ემზადებიან, რამხელა სიხარული იქნება ეს დღევანდელი შეკრება და ამ გადაწყვეტილების გახმაურება. მინდა ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და გამარჯვება.“

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.329476