„ცოტას დავლევთ და მუშაობას გავაგრძელებთ“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუმინეთის ნაკრებთან 38:9 მოგებული მატჩის შემდეგ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, გადამწყვეტ მატჩში, „ბორჯღალოსნები“ მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და ეს შედეგშიც აისახა. ჰეიგმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი გამარჯვება მძიმე შრომის შედეგია:
„ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ - მორაგბეები, მწრთნელები, მაყურებლები... სასიხარულოა, რომ ასეთი ანგარიშით გავიმარჯვეთ. ეს გამარჯვება მძიმე, ხანგრძლივი შრომის შედეგია და რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში, ან კვირაში, ამას ვერ მივაღწევდით. შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობითაც მოგვეგო, მომენტებში უკეთ რომ გვეთამაშა. დღეს გამარჯვებას აღვნიშნავთ, ცოტა ლუდს დავლევთ და მუშაობას გავაგრძელებთ“.
ახალზელანდიელ სპეციალისტს „ბორჯღალოსანთა“ შემადგენლობაზეც ჰკითხეს:
„შეიძლება ითქვას, დღეს უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დანაკლისს. ნელ-ნელა გამოჩნდებიან ნაკრებში სხვა მოთამაშეებიც, ივნისისა და ნოემბრის ტესტებზე კიდევ გამოვცდით ახალ მორაგბეებს“ - უპასუხა ჰეიგმა.
გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა მაყურებელს მადლობა გადაუხადა და იტალიის ნაკრების კაპიტნის სერხიო პარისეს განცხადებასაც შეეხო:
„მეამაყება, რომ დღეს ასეთი გარემო იყო შექმნილი. მადლობა თითოეულ ადამიანს ქომაგობისთვის. როგორც გავიგე, პარისეს ქართველებისთვის ექვსი ერის კარის გახსნა ნაადრევად მიაჩნია, მინდა ვუპასუხო, რომ მათთან თამაში მაღალ დონეზე შეგვიძლია და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, შეგვხვდეს“ - განაცხადა „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონობა და „ანთიმოზ ივერიელის თასი“ ერთდროულად მოიპოვა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გენაცვალეთ თქვენ ძმებო,დაუვიწყარი მატჩისთვის!დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ გამარჯვებებს მოგვიტანთ და გაახარებთ ქართველ ერს...
მე ჩემ კორპუსს დავაწერე მილტონ ჰეიგის 19. დაპირებული ხო მქონდა რა თუ მესამეზე გავიდოდით მსოლფიოზე ჯგუფში. ხოდა შესრულებულია
გენაცვალე შენ კაპიტანო !!!