2018 წელს შვიდკაცის "მსოფლიო თასი" სან-ფრანსისკოში (აშშ), "ჯაიანთს სთეიდიუმზე" მოეწყობა.
"მსოფლიო რაგბი" ამ კვირაში გლობალურ შეჯიბრთა მასპინძლებს ასახელებს.
რამდენიმე არჩევანი ჯერაც არ გაჟღერებულა, შვიდკაცის გარდა კი ითქვა, რომ ქალთა მორიგი მსოფლიო თასი 2017 წლის აგვისტოში, სრულიად ირლანდიაში - ბელფასტსა და დუბლინში - ჩატარდება.
შვიდკაცა - რაგბის სტრატეგიული, ოლიმპიური ვერსიაა.
4-წლიური გლობალური სპორტული დღესასწაულის პროგრამაში ჩართვამდე "მსოფლიო რაგბის" წინამორბედი "საერთაშორისო საბჭო" (ირბ) 7-კაცის "მსოფლიო თასის" სულაც გაუქმებას ფიქრობდა, რათა ტიტულთა დუბლირება არ გამოსვლოდა, მაგრამ შემდეგ გამოსავალი კალენდრის შეცვლაში მონახა:
2017 წელს დანიშნული შეჯიბრი 2018 წელს გადაიტანა, სამაგიეროდ კი მანდილოსანთა "მსოფლიო თასს" მართავს ერთი წლით ადრე.
შტატებში რაგბის პოპულარობა თანდათან მატულობს. 7-კაცისვე "მსოფლიო სერიის" ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპთაგანი ლას-ვეგასში იმართება. ამდენად, ლოგიკურია "მსოფლიო თასის" მასპინძლობის ამერიკისთვის დაკისრებაც.
ტურნირში ვაჟთა 24 და ქალთა 16 გუნდი გამოვა. სან-ფრანცისკოს სტადიონს შეეხიდება კალიფორნიის იმავე მხარეში მდებარე სან-ხოსეს არენაც. სამ-დღიანი შეჯიბრის გამართვის ვადა მომავალში დაზუსტდება, სხვაფრივ კი 2018 წლის "მსოფლიო თასი" რიგით მეშვიდეა:
სულ პირველს, 1993 წელს, ედინბურგმა (შოტლანდია) უმასპინძლა, ბოლოს, 2013 წელს - მოსკოვმა (რუსეთი), 7-კაცის ოლიმპიური დებიუტი კი 2016 წლის 6-11 აგვისტოს რიოში (ბრაზილია) შედგება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია