გუშინ, გვიან ღამით ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის სადისციპლინო კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოსა და ურუგვაის შორის გამართული მატჩის დროს მომხდარ ჩხუბს განიხილავდნენ. კომისიამ სხდომაზე დაიბარა ჩვენი გუნდის გარემარბი იოსებ კიკვაძე და ნაკრების კაპიტანი ბადრი ალხაზაშვილი, რომელმაც ამ ინციდენტის შედეგად წითელი ბარათი მიიღო.
გამოკითხვა და მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ სადისციპლინო კომისიის წევრებმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:
ჩხუბის დროს იოსებ კიკვაძემ ურუგვაელთა 12 ნომერს სახის არეში დარტყმა მიაყენა. მართალია მან ამ ქმედებით ჩვენი 10 ნომერი მოწინააღმდეგის გამიზნული წიხლისგან იხსნა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დარტყმით ურუგვაელ მოთამაშეს სახის არეში აშკარა ზიანი მიადგა, კომისიამ კიკვიძის დასჯა გადაწყვიტა, რაც ტურნირის ბოლომდე დისკვალიფიკაციას გულისხმობს;
ბადრი ალხაზაშვილის ეპიზოდის ვიდეონალიზისას გაირკვა, რომ მას ურუგვაელთა 10 ნომერი კისრის არეში სახიფათოდ ბოჭავდა, რომელიც ლამისაა ჭიდაობის მოგუდვის ილეთში გადაიზარდა. ამ ქმედებას ალხაზიშვილისგან, თავის დაცვის მიზნით, საპასუხო დარტყმა მოყვა. როგორც მოგეხსენებათ, ჩხუბის დასრულების შემდეგ მატჩის არბიტრმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა. კომისიამ კი გადაწყვიტა, რომ ეპიზოდში მონაწილე ორივე მოთამაშე ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაესაჯა.
ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩხუბში მონაწილე არც დანარჩენი ურუგვაელები დარჩნენ დაუსჯელნი - 18 ნომერს - 2 კვირიანი, ხოლო 6 ნომერს - 3 კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
თბილისიდან ორს უხმეს
მატჩისას დაჟეჟილობა და მიკრო ტრავმები ბევრმა უმცროსმა ბორჯღალოსანმა მიიღო. გუშინ გაირკვა, რომ ლაშა საჯაიას - მუხლი, ხოლო გიორგი კოშაძეს მხარი აქვს დაზიანებული. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორაგბე შეძლებს შემდეგ შეხვედრაში თამაშს, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით თბილისიდან ორ მოთამაშეს უხმეს:გიორგი თედორაძეს (კვაჭი / თი ბი ეს) და სანდრო ილურიძეს (შუამარბი / აკადემია).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია