ბორჯღალოსნები

19:01 | 19.03.2016 | ნანახია 1340 - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” წინააღმდეგობას რუმინელებიც ვერ უწევენ
საქართველო 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში პრინციპული მეტოქე რუმინეთის ნაკრები დამაჯერებლად 38:9 დაამარცხდა და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთარა, რომელიც ამ გუნდებს შორის ტრადიციულად თამაშდება.

თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” სრული უპირატესობით წარიმართა. ქართველებმა ანგარიში მესამე წუთზე ანტონ ფეიქრიშვილის ლელოთი გახსნეს. პირველი ტაიმში მეტოქე სამჯერ (ორჯერ ფეიქრიშვილმა, ერთხელ სანდრო თოდუამ) დაალელოვეს, მერებ კვირიკაშვილმა ორი გარდასახვა გამოიყენა, რუმინელები კი სხვაობის შემცირებას მხოლოდ ჯარიმების წყალობით ახერხებდნენ. ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 19:9 მოიგეს.

შთამბეჭდავად განაგრძეს საქმე მილტონ ჰეიგის შეგირდებმა შესვენების შემდეგაც. მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველთა შესანიშნავი კომბინაცია გიორგი ფრუიძემ ლელოთი დააგვირგვინა, კვირიკაშვილმა კი ზუსტად გარდასახა. “ბორჯღალოსანთა” მეხუთე ლელოც ფრუიძემ ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე, გარდასახვა ხმალაძეს გაუცუდდა. თამაშის მიწურულს, შერკინების შემდეგ ლომიძის გარღვევას მეექვსე ლელო მოჰყვა, რუმინელთა ჩათვლის მოედანში ბურთი კარლენ ასიეშვილმა დაამიწა, ლაშა მალაღურაძის გარდასახვაც ზუსტი იყო და 38:9 - ქართველებმა დიდი სხვაობით იმარჯვეს.

დღევანდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა “ბორჯღალოსანთა” პროგრესი და ის, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს შორის კონკურენტი აღარ ჰყავს!


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104872